წმინდა ფრთები – Blue Horns

ავტორი : კოლაუ ნადირაძე

თარიღი : 1916

ადგილი : ქუთაისი

საცავი :

გამოცემა :

პოეზია, შემოქმედება

წმინდა ფრთები

მწვანე ვარსკვლავების უეცარ ანთებით

ქუჩები აივსო ლალ-ბრილიანტებით.

 

იყო ელვარება, კრთომა უცნაური

და შეწყდა ქალაქში სიცოცხლის ხმაური.

 

იდგა სურნელება ძვირფასი ქვებისა,

სადღაც ისმოდა ხმა წმინდა ფრთებისა.

 

როდესაც გათენდა – არავინ იცოდა,

თუ რისთვის ქალაქი ალისფრათ იწოდა.

 

მზეს მისჩერებოდნენ თვალებამღვრეულნი,

ეყარენ სახლები დამწვარ-დანგრეულნი:

 

ქუჩებში მოსჩანდენ ხვავები მკვდრებისა

და ციდან ისმოდა ხმა წმინდა ფრთებისა.