ჩემს ბავშვებს – Blue Horns

ავტორი : კოლაუ ნადირაძე

თარიღი : 1922

ადგილი :

საცავი :

გამოცემა :

პოეზია, შემოქმედება

ჩემს ბავშვებს

 გადაგეკარგეთ, დაგტოვეთ ოხრად,

ასე უიღბლოდ გამოჩეკილნო!

თქვენს წინ მომინდა მუხლების მოხრა,

სიყვარულის და ცრემლების შვილნო!

 

თქვენზე ფიქრები მაწევს ტვირთებად:

იზრდებით ობლად და უალერსოდ.

რამდენჯერ გული ამიტირდება,

რამდენჯერ გული ცრემლით ამევსო!

 

ვინ ეფერება თქვენს სათუთ სხეულს,

ან ვინ გახურავთ ღამეში საბანს?

ო, ახლა ჩემ გულს, სევდით განგრეულს,

თქვენ გარდა ცრემლით არავინ დაბანს!..

 

მე აღარ შემწევს მეტი ურჩობა!

სისხლით აივსო თვალის უპები.

ტუბერკულოზით დედა გეხრჩობათ

და ბნელ ქუჩებში მეც ვიღუპები!

 

მაგრამ გულს ერთი ოცნება თაფლავს –

მცირე იმედათ ეს მაინც ვარგა,

რომ ჩვენს დაკარგულ, ტიალ საფლავებს

თქვენ დაიტირებთ ყველაზე კარგად!