როცა რიონის სადგურიდან მიმავალი მატარებელი მძიმე ქშენით შეუხვევს საღორიის ტყისკენ, ორი სანახაობა იპყრობს მგზავრის თვალს: საფირონის ფერებით აელვარებული რიონის ველი და, მარჯვნივ, ქუთაისის თეთრი პანორამა.
არსად არ იძლევა საქართველოს სივრცისა და მთების ასეთ შესანიშნავ პერსპექტივას, როგორც აქ. ვგონებ, არსად მთელს საქართველოში არ მოიპოვება ასეთი სუფთა ფერადებით და რბილი ხაზებით შეზავებული პეიზაჟი, რომელიც თითქოს შექმნილია… ფიროსმანის ხელით. ალბად ამ ფერებს აირჩევდა ვინჩი, რომ დაეხატა მონა ლიზას პორტრეტი და აქ, ამ იისფერ მთების ახლოს, გამოიყვანდა ბოტიჩელი საცეკვაოდ გამჭვირვალე ლანდების ფერხულს.
სიო, გამოქროლილი ზღვიდან, გაჟღენთილია მთების და ტყეების სიგრილით, მინდვრების ყვავილოვანი სუნთქვით. განუმეორებელი ფერის ზეცა დაჰყურებს არეს და სადღაც შორს, მარჯვნივ, თეთრათ ბრწყინავს კავკასიონის ყინულოვან მწვერვალთა ხაზი.
***
ვინ იცის, რამდენი ხანი ტკბილად ეძინა „სავარდო და სამაისო“ ქუთაისს? მხოლოდ ხანდახან საუკუნეთა მანძილზე შეირხევოდა ის თავის ძილში შეშფოთებული რაიმე სისხლიანი ამბით, თავსდატეხილი უბედურებით.
უკანასკნელად მისი ძილი დააფრთხო ზარბაზნების გრიალმა, რასაც თან მოჰყვა ბაგრატის ტაძრის დანგრევა და განადგურება. მას შემდეგ თითქმის არაფერი არ მომხდარა. მას შემდეგ ქუთაისი განაგრძობდა თავის ლეტარგიულ ძილს. იგი თითქოს ჩამოშორდა ისტორიის გზას, დარჩა გვერდზე მიტოვებული და მივიწყებული.
ნელა იწურებოდა წელში აზნაური საქართველო. ნელა ობდებოდა რკინით მოჭედილ სკივრებში საეჭვო სიგელები. ჟანგი ეკიდებოდა კაჟიან თოფებს, ხმლებსა და ხანჯლებს. იფარებოდა ხავსით საგვარეულო ეკლესიათა კედლები, რომელნიც აქა-იქ კიდევ დარჩენ დასავლეთ საქართველოს რომანტიკით სავსე, ცაცხვის ჩრდილებით დამძიმებულ და შქერით შეღობილ მწვანე, კრიალა ეზოებში…
დასავლეთ საქართველოს დედაქალაქი – ქუთაისი გადაიქცა იმერეთის აზნაურულ ყოფა-ცხოვრების გადაგვარების ასპარეზათ.
სავაჭრო კაპიტალის შემოჭრამ მახვილი ჩასცა ამ ყოფას და გასაოცარი სისწრაფით შეაჯამა მისი დრომოჭმული ღირებულება. გამოიჭედა ამ ორი თაობის გამომსახველი ტიპი: შეცვეთილი და შეთხელებული აზნაური და მუცელ გამობერილი ვაჭარი სქელი, დანაოჭებული ქინჩხით და სიმსუქნისაგან დავიწროებული თვალებით.
მაგრამ ქუთაისის სახე არ გამოუცვლია ამ ამბავს. მისი ძილი არ შეურხევია არც რუსულ დოლის ბრახუნს. იმპერიალისტურ რუსეთის ნალით მოჭედილი ჩექმა მხოლოდ ამტვერებდა ქუჩებს. ქუთაისი ისევ-ისე რჩებოდა დავიწყებულ და მიტოვებულ ქალაქად ამყრალებული ქუჩებით, მწვანე ბაღებით, სამიკიტნოების ღრიანცელით, დაუსრულებელი ჭორებით, მაჭანკლობით და სასამართლოში თრევით ერთი ციდა მიწის მიკუთვნებისათვის.
ქუჩებში აზნაურებისა და ვაჭრების გარდა მელანქოლიურად დადიოდენ გალოთებული რუსის ჩინოვნიკები ქონიანი რგვალი ლაქებით გახუნებულ, კოკარდიან ქუდებზე. როგორც ჩინოვნიკები, ისე ვაჭრები ხარბად მოელოდენ ყოველი თვის 20 რიცხვს. პირველნი იმისათვის, რომ აეღოთ ჯამაგირი, ხოლო მეორენი – რომ გაენაღდებიათ ჩინოვნიკების ნისიები.
ქუთაისში ჩამოსულ მგზავრს აჩვენებდენ ორ შესანიშნავ საგანს: ბაგრატის ტაძრის და უქიმერიონის ნანგრევებს და კლასიკურ გიმნაზიას. მგზავრი გაკვირვებული ჩერდებოდა ბაგრატის ნანგრევებთან, თუმცა, უმეტეს შემთხვევაში ვერც კი ღებულობდა სწორ ცნობებს მისი აგებისა და დანგრევის შესახებ. ქუთაისის მოქალაქეთა პატივმოყვარეობის დასაკმაყოფილებლათ მოგზაური რამოდენიმე კომპლიმენტს ხარჯავდა კლასიკურ გიმნაზიის შესახებ, თუმცა ის არავითარ ღირებულებას არ წარმოადგენდა მისთვის.
მოწყენით დაჰყურებდა ბაგრატის ტაძრის ნანგრევები ქუთაისის ცხოვრებას და უსმენდა რიონის დუდუნს.
1905 წელმა შეაშფოთა და შეარხია ქუთაისის დამყაყებული ცხოვრება. ეს იყო დრო, როცა ამ ქალაქის ამწვანებულ ფონზე ერთის წამით გაიელვა ახალი ისტორიის შემქმნელ აღმავალი კლასის პროფილმა. ეს იყო დრო, როცა მომავალი გეგემონი იწყებდა მრისხანეთ ძველ ღირებულებათა გადაფასებას, როცა მოულოდნელად დაყირავებული აღმოჩნდა „საღვთო ფუძე“, რომელზედაც დამყარებული იყო ძველი, ტრადიციებით და მამაპაპური ჩვევებით შედუღებული კეთილდღეობა.
გავიდა თხუთმეტი წელი. რეაქციული წლები, საერთაშორისო ომი, რევოლიუცია, რუსეთის მონარქიის დამხობა – საოცარი სიჩქარით მოჰყვა ერთი მეორეს. ამ ხნის განმავლობაში გაიფურჩქნა და სწრაფათ დასჭკნა მენშევიკური ხელისუფლების არასურნელოვანი ყვავილი… ქუთაისის ინტელიგენცია და ნახევრად ინტელიგენცია გაეშურა ტფილისისაკენ, რომ სატახტო ქალაქში როგორმე გამოერკვია თავისი აბსურდული მდგომარეობა. ნაწილი შევიდა სამსახურში, ნაწილი შეუდგა ფეხზე ვაჭრობას და უსირცხვო სპეკულიაციას. ქუთაისი თითქმის დაიცალა ხალხისაგან. ინგრეოდა ძველი სახლები, რომელთა შეკეთებაზე არავინ ფიქრობდა; გაპარტახდა ეზოები, მოინგრა ღობეები და ეზოები შეუერთდა ქუჩებს.
მენშევიკები გულგრილად უცქეროდენ ამ სურათს და რომ დაემსახურებიათ ხალხის თვალში მშენებელთა სახელი, დაიწყეს ვიწრო ლიანდაგიანი რკინის გზის გაყვანა წყალტუბომდე. პრესაში ამის გამო დიდი აურ-ზაური ასტყდა. გამოყოფილ იქნა სპეციალური, დაიწყო მუშაობა, მაგრამ მენშევიკების პათოსმა მხოლოდ ბანოჯამდე მიაღწია. აქ დასცხრა „ვნებათა ღედვა“, ამოიწურა ენტუზიაზმი, დარჩა მხოლოდ ტკბილი მოგონება ფულის ფლანგვის დღეებზე. საბრალოდ მიტოვებული პატარა ორთქმავლები, რომელთაც „კუკუშკებს“ უწოდებდენ, იჟანგებოდენ ბანოჯოს მინდვრებში. მიტოვებულ ვაგონებში ერთხანს კიდევ ცხოვრობდენ მუშები, შემდეგ ეს ვაგონები დაამტვრიეს და გაიხმარეს შეშათ. ეს იყო ამ მშენებლობის უკანასკნელი ეტაპი. დარჩა მხოლოდ ანგრეული, ატალახებული და ატბორებული ქუჩები, დაჟანგული ორთქლმავლები, დამტვრეული ვაგონები და უპატრონოთ დაყრილი სააღმშენებლო მასალა, რომელსაც ღამით იპარავდენ და იტაცებდენ – ვისაც კი ეს მოესურვებოდა.
***
ქუთაისის პირველი შემეცნება შობილია ბავშური ხედვით, როცა მოხდა თვალის პირველი გახელა და საგნების პირველი ხილვა.
ეს იყო დრო მოკლე შარვლის, მოკლე წინდებისა, უმიზეზო სიცილისა და ცრემლების, საჭმელის დაწუნების და ხეებზე ქურდულად აცოცების.
მე მაგონდება ზურმუხტის გაზაფხულები და შემოდგომის ავდრიანი უფერული დღეები, ქუჩები ვიწრო, ატალახებული, მოსეირნე ღორებით და ძაღლებით, რომლებიც თავისუფლათ ამოიდოდენ ქვაფენილზე, წვებოდენ ზოგჯერ ქუჩაში დასაძინებლათ მზეზე.
ქათმები თავისუფლათ გამოდიოდენ ეზოებიდან ქუჩებში და ჰკენკავდენ რიყის ქვებს შუა ამოსულ მწვანე ბალახს.
ალბად ბევრს ახსოვს მუნჯიევის საკანდიტერო, მუნჯიევის სახელგანთქმული ცხელი პონჩიკები, რომელსაც ზოგიერთი ქუთაისელი გიმნაზიელები სჭამდენ ათობით, მაგრამ იხდიდენ ერთი პონჩიკის ფასს. იმ გულუბრყვილო დროში პონჩიკები გამოტანილი იყო პირდაპირ დახლზე; ყველას შეეძლო თავისუფლათ მისულიყო, ეჭამა და გადაეხადა იმ რაოდენობის ფული, რომელსაც იტყოდა. მე ვიცნობდი რამოდენიმე მოწაფეს, რომელიც ათი შაურის ნაცვლათ სისტემატიურათ იხდიდა ერთი პონჩიკის ფასს, ე. ი. შაურს. ხალხით ავსილ საკონდიტეროში ძნელი იყო გარკვევა, თუ ვინ რამდენს სჭამდა. რასაკვირველია, ასეთი მოვლენა გამონაკლისს წარმოადგენდა და ადგილი ჰქონდა განსაკუთრებით მოწაფეთა შორის. ღიმილის გამომწვევია, რომ ზოგიერთი ამ გმირთა შორის, დღეს მიუკარებელი და ამაყი სახით დაიარება რუსთაველის პროსპექტზე; ისინი ითვლებიან წარჩინებულ პირებათ და მათში ხედავენ კეთილშობილების განსახიერებას.
თავად მეკონდიტრე მუნჯიევი მსუქანი, შავგვრემანი ადამიანი, დიდი ხალით ლოყაზე, თამბაქოთი გაყვითლებული სქელი ულვაშებით და შელურჯებული ბანლიანი ცხვირით ფლეგმატიურათ უცქეროდა თავის მუშტრებს და სდუმდა. მხოლოდ ხანდახან გაისმოდა მისი ხმამაღალი, როხროხა სიცილი, რომლის დროს ის მუცელზე იკიდებდა ორივე ხელს და აჩენდა ფართო, ჩაყვითლებულ კბილებს.
ამ მუნჯიევს უნებლიეთ რაღაც კავშირი ჰქონდა გიმნაზიელთა პირველ რევოლიუციონურ გამოსვლებთან: ჩვენ ვყიდულობდით მასთან პეტარდებს, რომელნიც საშინელ ხმას იძლეოდენ და ხუთჯერ სკდებოდენ ჰაერში.
პეტარდებმა დიდი როლი ითამაშეს ქუთაისის გიმნაზიელთა ბრძოლაში მასწავლებლების წინააღმდეგ. შემდეგში მათი გაყიდვა მთავრობამ აკრძალა, მაგრამ გიმნაზიელებმა პეტარდების კეთება კუსტარული წესით დაიწყეს.
1906 თუ 1907 წ. მუნჯიევი ტერორისტებმა მოჰკლეს. ამბობდენ, რომ ის ჯაშუში იყოო.
მე მაგონდება ნაყინის გამყიდველი რუსების ყვირილი ქუჩებში „სახარნი მაროჟნი“, მათი ჭრელათ მოქარგული თეთრი ხალათები, მხარზე გადაკიდებული მამლებიანი პირსახოცები, პაპანაქება სიცხეში ნაყინის ორბორბლიანი საზიდვის მუცლის მიწოლით ხელით გამოგორება.
დილასა და საღამოს ფანჯრების ქვეშ გაისმოდა გაბმული ყვირილი: „ბულ-კი – ე..ე..ე“. გამყიდველს მხარზე გადაკიდებული ჰქონდა მოგრძო კალათი, სადაც ეწყო ყაყაჩოს კაკლით მოყრილი თბილი, სხვადასხვა ფორმის ბულკები. კალათს თავისებური სასიამოვნო ჭრიალი გაჰქონდა.
მაგონდება, აგრეთვე „პიშკები“-ს გამყიდველებიც. აფუნჩული „პიშკები“ ოთხ სართულათ ეწყო ერთი მეორეზე ზეთით მოპრიალებულ ფართო ფიცარზე, რომელიც გულზე ეკიდა გამყიდველს. „პიშკი“ კაპიკი ღირდა – შაურათ ექვსი. გაყიდვის დროს გამყიდველი დახვრეტილი რკინის კოლოფიდან „პიშკებს“ ფხვნილ შაქარს აფრქვევდა. მსურველს შეეძლო გამყიდველთან მოგებაზე თამაშიც. გაქონილ პატარა ტომსიკაში, რომელშიაც ხელი გაჭირვებით ეტეოდა, ეწყო ლოტოს ნომრები. მოთამაშე სდებდა კონს – ერთ შაურს; იგებდა ის, ვინც მეტ ნომერს ამოიღებდა. მოგება კი იშვიათი იყო, რადგან „პიშკების“ გამყიდველს, როგორც სჩანს, დანიშნული ჰქონდა დიდი ნომრები. გამყიდველი მოგების დროს იტოვებდა შაურს, ხოლო მოგებულ მუშტარს თავის შაურის გარდა მიჰქონდა ათი შაქრით უხვად მოყრილი „პიშკი“.
ასეთი ფრაგმენტარულია ქალაქის სახე ბავშურ მოგონებაში.
თითქოს ქუთაისი დამესიზმრა და გაქრა, როგორც სიზმრიდან გამოტანილი დეტალები, აქა-იქ, ადგილის ასოციაციით ხსოვნაში ცოცხლდება ხან ცეცხლის მქრობელი რაზმის უფროსი – დიდ ულვაშებიანი გრანდმეისტერი – გამოქაჩული თვალებით, ხან „გოსპიტალი“-ს წინ მდგომი ფართე სახიანი „გოროდოვოი“ დაბალი და მოწითალო ჩექმის ყელებით, ხან ჯინჯილებიანი წითური გენერალი ცხენზე, ხან სასულე ორკესტრის გრიალი. პარადის დროს, რასაც უერთდებოდა რიონზე მიმავალ წყლის გამყიდველთა ცალიერ კასრების ქვაფენილზე გრუხუნი, ხან, შებინდების დროს, უცნობი კაცის, ფარნის ამთების, კიბით მხარზე ჩამოვლა და მტვერიან ფარნების ქუჩებში ბჟუტვა.
ქუთაისს ეხლა სულ სხვა სახე აქვს. ქუჩებში უკვე აღარ გამოჩნდება ფანტასტიურ ჩვენებასავით საღამოს ბინდებში გახვეული ქუჩის ფარნების ამთები, ვიწრო კიბით მხარზე. ახლა ქუჩებში თავისთავად ინთება ელექტრო-ფარნები. მაგრამ ნავთის ლამფებისა და რიონჰესის ლამპიონების ანთების შუა დიდი დრო გავიდა.
მე მახსოვს პირველად ეგრედწოდებული „გაზის“ ფარნების ანთება; დიდი რგვალი ფარნები შიშინობდენ და ჰფენდენ მეტად თეთრ და ძლიერ შუქს. პირველად ისინი ლაღიძემ შემოიღო ქუთაისში. მან ჩამოჰკიდა ისინი თავის სალიმონათეს წინ, რომელიც ბაღის ახლოს იყო გახსნილი.
ხალხს იზიდავდა ეს შუქი. ქუჩაში გამოტანილ მაგიდებს უსხდა ქუთაისის საზოგადოება და სვამდა ლიმონათს, ხოლო პეპლები და ბუზანკლები უამრავად ეხვია ჩამოკიდებულ მთვარეებს.
მაგიდებთან ისხდნენ ქუთაისის ვაჭრები, ვექილები, ჩინოვნიკები, ოფიცრები თავიანთი და სხვისი ცოლებით, ქართველი თავად-აზნაურები პაპიროსის კვამლში გახვეულნი, არშიყობდნენ და ცდილობდენ რუსულათ ელაპარაკათ. საუბრობდენ ხმის დაწევით სიყვარულზე, გაბითურებულ ქმრებზე, კარტის თამაშზე – მოგებაზე და წაგებაზე, აქებდენ ლაღიძის შესანიშნავ წყალს და სიამოვნებით გასცქეროდენ „გაზიან“ ფარნებს.
***
ქუთაისი ქართულ „არისტოკრატიულ“ ქალაქად ითვლებოდა. აქ თავმოყრილი იყო გაკოტრებული, ნახევრად გაკოტრებული და ორიოდე ქცევა მიწის მქონე იმერეთის თავადაზნაურობა. ეს იყო პირველი წრე. თავადები და აზნაურები ატარებდენ სხვა და სხვა ფერის ჩოხებს, აბრეშუმის ახალოხებზე და იკერავდენ საცვეთებს და უძიროებს (ეგრედ წოდებულ „აზიატსკებს“) შელიასთან. როგორც გაკოტრებული, ისე ნახევრად გაკოტრებული თავადები იარაღში იყვნენ ჩამჯდარი და ამაყათ იცავდნენ რესტორნებში და ქუჩებში თავიანთ შეუბღალავ პატიოსნებას.
უმეტეს ნაწილს მხრებზე მოთეთრო პაგონები ეკერა; მათ „პრაპორშჩიკ მილიციას“ უწოდებდენ – სამოსი, რომელიც ურიგდებოდა მათ გამოურკვეველ დამსახურებისათვის. ჯარისკაცები მხოლოდ სურვილისამებრ აძლევდენ მათ „ჩესტ“-ს, ცოტათი აგდებულათ, რაც სრულებით არ წარმოადგენდა საბაბს მათთვის შენიშვნის მიცემისათვის და მით უფრო დასჯისათვის.
რესტორნებში თითქმის ყოველ დღე გაისმოდა ხმაშეწყობილი სიმღერა და „ცედურნი“ მრავალჟამიერ თვითეულ წარმოსთქმულ სადღეგრძელოს შემდეგ. აქ იწყებოდა იმერეთის თავად-აზნაურობის უკანასკნელი ადგილ-მამულის შეჭმა; კლუბში კი – კარტის სათამაშო მწვანე მაგიდებთან – ხდებოდა ამ პროცესის ლოგიური დამთავრება უდარდელი სახის გამომეტყველებით და ფართო „თავადური ჟესტით“.
ქუჩებში და ყავახანებში, სადაც ისინი თავს იყრიდნენ სადილობამდე და სადილის შემდეგ, კარტის თამაშის დაწყებამდე ისმოდა მათი სიცილი და თავაზიანი „ვაშე სიატელსტვო“, „დოროგოი კნიაზ“.
დროგამოშვებით ქუთაისის „არისტოკრატია“ იწყებდა მზადებას სერიოზული მუშაობისათვის – ეს იყო თავად-აზნაურობის ყრილობა. ყრილობა ჩვეულებრივ, ქალაქის თეატრში იმართებოდა. და მაშინ იწყებოდა ვნებთა საშინელი დაჯახება, „პოლიტიკური“ და „საზოგადოებრივი“ საუბრები, არევ-დარევა, დამდურება და შერიგება, ხმლით და რევოლვერებით ერთმანეთზე გაწევა, გახშირებული სადილ-ვახშამი და ეტლების ქროლვა. ბევრი სახე გაკაწრულა ხანჯლის წვერით, ბევრი ბოთლი დამტვრეულა მაგარ თავზე და გამზავებლების ხელის აკვრით ბევრჯერ ზევით წასულა დამიზნებული რევოლვერის ტყვია.
დაბოლოს, ყრილობა ირჩევდა თავად-აზნაურობის „წინამძღოლს“ და რამოდენიმე „მარშალს“. ვნებები სცხრებოდა და ქუთაისის „არისტოკრატია“ ისევ-ისე უბრუნდებოდა სამიკიტნოების, ქუჩის, კლუბის, სასტუმროების და „წარჩინებულ“ ოჯახების ჩვეულებრივ წიაღს.
მეორე წრეს ეკუთვნოდენ ვექილები, ექიმები, ჩინოვნიკები და ვაჭრები. ეს უფრო მერკანტელური წრე გახლდათ – მისი წარმომადგენლები – განსაკუთრებით კი ექიმები და ვაჭრები – განირჩეოდენ დინჯი ნაბიჯით, სახის კმაყოფილი გამომეტყველებით, შესუქებული ლოყებით, დანაოჭებული ქინჩით, ორმაგი ნიკაპებით და ღიღაბოებით, ამობორცვილი მუცლებით და გამელოტებული თავებით. ისინი უმეტეს შემთხვევაში ატარებდენ გამზადებულ ყელსახვევებს, პანამის ქუდებს და ფართო ოქროს საათს, რომელიც სქელი ოქროს ძეწკვით გადაჭიმული იყო ჟილეტის ერთი ჯიბიდან მეორე – მთელი მუცლის სიგანეზე.
ამ წრის წარმომადგენლები მეტ ყურადღებას აქცევდენ პოლიტიკას. რუსეთის თვითპყრობელობისადმი ლოიალურად განწყობილნი, ისინი თავიანთ ვიწრო წრეში სოციალისტებათ ასაღებდენ თავს და ზოგჯერ იზიარებდენ „საშიშო აზრებსაც“. მათ შორის იყვნენ ფედერალისტები, ესერები და მენშევიკებიც. ისინი იწერდენ ქართულ ჟურნალ-გაზეთებს, ურთავდენ ლაპარაკის დროს რუსთაველის დამახინჯებულს ლექსებს, შაბათობით დადიოდენ კოკოჩაშვილის აბანოში.
ბაზრობის დღეს – ოთხშაბათობით, პარასკევობით და კვირაობით, – ისინი მზარეულების თანხლებით ამაყათ მიდიოდენ „მწვანე ბაზრისაკენ“ სურსათის შესაძენათ, მხიარულათ ესალმებოდენ ერთმანეთს და დატვირთული კალათებით მიაბიჯებდენ სახლისაკენ, სადაც მათ მოსლვას ელოდებოდენ უსაქმობით გამოთაყვანებული და სიმსუქნით ამჟავებული ცოლები.
წოდებითა და მდგომარეობით მათზე უფრო დაბლა მდგომ პირებს, მაგალითად, ფერშლებს, აფთიაქის პროვიზორებს, ნოქრებს და კერძო ვექილებს ისინი ვერ ამჩნევდენ და თავსაც არ უკრავდენ. თავადებისადმი მათი დამოკიდებულება იყო ირონიული და დამცინავი ფარულათ, ხოლო გარეგნულად ხაზგასმით ზრდილობიანი და მორიდებული.
ამ ხალხის ვნებათა ასპარეზი და „პატივმოყვარეობის ბაზარი“ იყო სასამართლო, ბანკები, მაღაზიები და „ჭიათურის შავი ქვის მრეწველთა“ საზოგადოება. აქ იყო ინტერესების, უნარის, ნიჭის, გავლენიანობის და თავმოყვარეობის დაპირისპირება და გამოაშკარავება.
აქ თვითეული მათგანი ბრძოლით პოულობდა შესაფერისს ავტორიტეტს და წინაპირობას იმისათვის, რომ ამა თუ იმ სახით, გამომეტყველებით და წონით გაეარა ქუჩაში, მიეცა სალამი, აერიდებია თვალი უღირს ნაცნობებისათვის და გალაპარაკებოდა მეგობრებს.
ნელა მიდიოდა ცხოვრება. ნელ-ნელა შენდებოდა ორ სართულიანი შემოსავლიანი სახლები თბილი ბუხრებით და გასაქირავებელი ბინებით. თანდათანობით ხდებოდა ქონების შეძენა. კაპეიკობით გროვდებოდა სიმდიდრე, რომელიც ან ინახებოდა ბანკში და ხაზინაში – ხაზინა უფრო საიმედო იყო – ან სესხდებოდა ხელსაყრელი პროცენტით, საიმედო გირაოთი და სანდო თავდების ქვეშ.
აუღელვებლათ და ტკბილათ ცხოვრობდა ქუთაისის „საზოგადოება“ თავის თბილ და მყუდრო ბინებში, რომელთა კედლებს ამშვენებდენ „ჟორჟ-ბორმანის“ სარეკლამო მზეთუნახავები, აკაკის, ბარათაშვილის და გაბრიელ ეპისკოპოზის სურათები.
ტკბილად ცხოვრობდენ ქუთაისის მოქალაქეები – ყიდულობდენ „ოყობით“ პურს, ყველს, ხორცსა და თევზს; ბათმანობით მჭადის ფქვილსა და ლობიოს, ჩარექობით ღვინოს და კურტუმოსთან ბუმბულში სულის შებერვით ქათმებსა და ინდაურებს. კვირაში ერთჯერ, როგორც წესი, სუფრაზე უნდა ყოფილიყო თონეში კარგად დაბროწილი ცხელი გოჭი.
ტკბილად მრავლდებოდენ ქუთაისის მოქალაქეები ასეთ პირობებში, შვილებს ზრდიდენ გიმნაზიაში და რეალურ სასწავლებლებში, დადიოდენ სობოროში და „მთვარანგელოზის“ ეკლესიაში სალოცავათ, ზიარობდენ დიდ მარხვაში და ურიგებდენ სულის საცხონებლათ მათხოვრებს თითო-თითო კაპეიკს.
ქუთაისის სადგურთან ზანტათ ხრჩოლავდა ორი საკირე და მივიწყებულ დეპოში სწარმოებდა უატის დროის ორთქმავლების შეკეთება.
მაგრამ ვერც საკირეს კვამლი და ვერც დეპოს ხმაურობა ვერ არღვევდა ქუთაისის შეუშფოთებელ მყუდროებას.
მხოლოდ დროგამოშვებით, როგორც გედი, გაივლიდა აკაკი ბაღის ახლოს და ვაჟას ჩამოწეული თვალი მოწყენით მოევლებოდა ქუთაისის მტვერიან ქუჩებს.
II
ქუთაისის სადგურს ნელა ადგებოდა ორი მატარებელი: ტყიბულის ორმილიანი ფერლის სისტემის ორთმავლით ახჩოლებული და რიონის სადგურთან შემაერთებელი – უმაგალითო და შესანიშნავი იმით, რომ ადამიანს შეეძლო ფეხით გამოჰყოლოდა მას – თუ ამას არ დაიზარებდა. მატარებლებში ისხდნენ ქუთაისის პატივცემულნი მოქალაქენი თვალთა უაზრო გამომეტყველებით, კალოშებით ფეხებზე, მეფათლე და „მეფუთქე“ ებრაელები „კიკინებით“ და გაპენტილი წვერებით და მაზრის აზნაურები შეთხელებული ცოლებით, შეთხელებული ჯიბით და შეთხელებული წვერ-ულვაშით.
ძილ-მღვიძრად მყოფი მზიდავები ფლეგმატურად ჩამოივლიდენ დამჯღრეულ, უსუფთავო ვაგონებს და მიათრევდენ მგზავრების `ხაბაკს~ მთვლემარე მეეტლებისაკენ. იპყრობდა ყურადღებას მსუქანი რუსი ჟანდარმი, რომელიც განმარტოებით იდგა ბაქანზე და ღია ფანჯარაში მორზეს აპარატთან მჯდომი გამხმარი ტელეგრაფისტი, რომელიც უხალისოთ აკაკუნებდა აპარატზე.
ზანტათ მიდიოდა დრო. მოქალაქეთა შედედებულ მეხსიერებაში ხანდახან თუ ატივტივდებოდა მქრალი მოგონება დაკარგულ შესაძლებლობაზე, რომ რკინის გზის მთავარი ხაზი გასულიყო ქალაქში. მწვანე და სურნელოვან ჩარჩოში ჩასმული ქალაქი წარმოადგენდა თითქოს ფარდა ახსნილ სცენას, სადაც აქტიორები დარჩენ გაყინულ პოზებში, ლეტარგიული ძილით შეპყრობილნი. უძრავათ იწვა ქუთაისი, გადაჭიმული აყვავებულ მწვანე ყვავილადან ბანოჯას აზელილ ტალახამდე, ამოგვარგნილი ლაფში, ამთქნარებული, ამტვერებული, ახმაურებული დღისით ურეზინო ეტლების ბორბლებით, ხოლო ღამით ამყრალებული ასენიზატორების ჩამოვლით.
მთელს მსოფლიოში, ალბათ, აქ იყო ერთადერთი ადგილი, სადაც ადამიანთა სურვილები, შეიძლება, მოთავსებულიყო ნეკის ფრჩხილზე, სადაც მთელი წლის განმავლობაში შეიძლება არ წაკითხულოიყო არც ერთი ახალი წიგნი, სადაც აბსოლუტური სიზუსტით იცოდენ, თუ რას აკეთებდა, რას სჭამდა, რას ფიქრობდა, რომელ საათზე იძინებდა და დგებოდა თვითეული მოქალაქე, სადაც სიცოცხლე და სიკვდილი აუჩქარებელი ტემპით აბრუნებდენ თავიანთ ჩარხს და უმატებდენ და აკლებდენ თავიანთ დავთრის წიგნში ქუთაისის პატივცემულ მოქალაქეთა რიცხვს.
1905 წლის ქარტეხილმა საშინელი ძალით შეარხია ქუთაისის ცხოვრება. ქუთაისის გიმნაზიელისთვის, როგორიც ვიყავი მე, ეს იყო რაღაც მოულოდნელი დღესასწაული, თავბრუ დამსხმელი ექსტატიური აღტაცება. ყველაფერი ღია ფერადებით შეიღება. ყოველი სიტყვა ნიშნავდა მოქმედებას, ყოველი იმედი რეალობას, ყოველი ზრახვა შესაძლებლობას.
ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის თეთრი კედლები თითქოს ვერ იტევდენ ახალგაზრდულ ვნებას და სიხარულს.
ჩვენ, პატარები, ხარბად უსმენდით მოზრდილებს, რომლებიც აწყობდენ კრებებს გიმნაზიის სააქტო დარბაზში, გამოდიოდენ სიტყებით და მოუწოდებდენ დემონსტრაციისაკენ. 1905 წლის ამბების მოახლოვებას ჩვენ თითქოს ვგრძნობდით რუსეთ-იაპონიის ომის დროს, როცა მეტად გამწვავებული მდგომარეობა ფრონტზე და დაუსრულებელი დამარცხებები ჰქმნიდენ ერთობ ნერვიულ ატმოსფეროს.
ჩვენ, პირველ კლასში გადასულნი, ეს-ეს იყო, გადაგვიყვანეს გიმნაზიის ახლად აშენებულ შენობაში. ჩვენი კლასის გვერდით, პირველ სართულშივე მოთავსებული იყო მე-3 პარალელური კლასი. აქ, დაახლოვებით 1904 წლის სექტემბრის რიცხვებში მე პირველად გავიცანი მაიაკოვსკი. ვალოდია უფროსი იყო ჩემზე 2-3 წლით, მაგრამ ყრმობის პერიოდში წლოვანების ასეთი უმნიშვნელო განსხვავება მეტად თვალსაჩინო არის. მასთან ერთად, ის იყო მაღალი ტანის.
სასკოლო ტრადიციების მიხედვით, უფროს კლასების მოწაფეები მზრუნველობას უწევდნენ თავიანთ უმცროს ამხანაგებს: აძლევდენ მათ სწავლა-დარიგებას, თვალყურს ადევნებდენ მათ ყოფაქცევას და ხშირად სარგებლობდენ ჩვენით სხვა და სხვა წვრილმან დავალების შესასრულებლათ.
ვალოდია ითვლებოდა მე-3 კლასის ერთ-ერთ მეთაურათ, მე კი ჩემი კლასის მეთაური ვიყავი. ერთჯერ დიდი შესვენების დროს მე დავრჩი, როგორც მორიგე, ჩემს კლასში. მე მევალებოდა თვალყურის დევნება იმისათვის, რომ არავინ შემოსულიყო ოთახში, გამეღო ფანჯრები და გამეწმინდა…