ქარვისფერი ფაკირი – Blue Horns

ავტორი : კოლაუ ნადირაძე

თარიღი : 1920 წლამდე

ადგილი :

საცავი :

გამოცემა :

პოეზია, შემოქმედება

ქარვისფერი ფაკირი

იქ, სადაც ზანტად იკლაკნება მთვლემარე განგი,

ყვითელ პაგოდას დამღერიან ჩუმი პლანები;

ფაკირი სახეს იჩუქურთმებს ვერცხლის კალმებით;

უცხო მხატვრობას გაკვირვებით უმზერს ნიანგი.

 

შეშლილ წმინდანმა აქ მთვარისთვის ააწყო ჰანგი:

სურს, დაატყვეოს და ცბიერათ მიესალმება;

როს გაექცევა – ატირდება, გაიალმება;

ქარვის თითებში გაიელვებს სწრაფლ ბუმერანგი.

 

სფინქსის მთქნარებას გამოიწვევს მისი გოდება.

მაღალ პაგოდას ისევ-ისე მიეძინება;

ცხელი ლაჟვარდი აინგრევა ზურმუხტ მინებათ.

 

ფარაონებზე ოცნებობენ თეთრი ლოდები;

და თუ აჩქარდა შორს უდაბნო ბედუინებით, –

ჰქრება ფაკირი: ის არავის არ ელოდება.