მე კიდევ ერთხელ მინდა ჩემ თავს მოვესაუბრო
(უძილო ღამით ყველას საქმე გამოუჩდება).
ვფიქრობ, ჩემ სიტყვებს დაედება პატივი უფრო,
თუ უსარგებლოთ ჩემი ნიჭი არ გაფუჭდება.
ჩემსა სამშობლოს, ახლა მივხვდი, ჭკუა სჭირდება:
ვინ არ გაასწრო მას დიდებით და აღმატებით.
და მხოლოთ მაშინ მამაღმერთი დაგვაკვირდება,
თუ საქართველო მოირთება ძვირფას ხატებით.
ეს კარგი აზრი მე მეწვია ცოტათი გვიან.
მე ასე კარგათ ჯერ არასდროს არ მიფიქრია!
ახ, ბატონებო! გული ბევრჯელ დამიდაღია,
მაგრამ დღეები უნუგეშოთ მაინც მიჰქრიან.
ვგონებ, ჯერ ბედზე სამდურავი მე არ მქონია.
ო, დაილოცოს ეს ქვეყანა და ეს გამჩენი,
ჯერ საყვედური ჩემი არვის გაუგონია.
ჩემთვის ცხოვრება არ ყოფილა დაღის დამჩენი.
ქალბატონებო! გვაპატიეთ, თქვენ გენაცვალეთ!
ვეცდებით გვქონდეს მუდამ სუფთა ხელთათმანები,
თუ გადაწყვეტა ვერ შევძელით იმისი მალე,
რომ მოვაგვაროთ უპატრონო სოფლის ყანები.