1
ნეტავ როგორი დღე იყო მაშინ
ან როგორ კრთოდა მთვარის ნაკვთები,
როცა პირველად გამოჩნდა ზღვაში
ბრწყინვალე გემი არგონავტების!
გედივით თეთრი და მოელვარე
მიჰქროდა როგორც ღრუბელი ცისა,
და მოსულ გმირთა აბჯარს მღელვარეს
ცეცხლს უკიდებდა სხივები მზისა.
უკვე შორიდან მათ აბრმავებდა
კოლხეთის სივრცე, კოლხეთის არე, –
სადაც ოქროს ვერძს აბანავებდენ
და ოქროს შობდა ზღაპრული მხარე.
მაგრამ ოქროზე უფრო წარმტაცი
იყო ჯადოსნურ ჰანგების ბგერა
და იმათ ხმაზე ერთი ვაჟკაცი
გახდა გრძნობის და სიმღერის წერა.
სირინოზების გალობით დამტკბარს
ანძაზე მიკრულს ორფეოსს ვხედავ,
მედეას ბაღთან გუშაგად დამდგარს
რა გატირებდა, მგოსანო, ნეტავ?!
გამოიტაცეს ზღაპრული ოქრო,
სინჯეს სიმაგრე მკლავის და შვილდთა
და უკან დარჩა მედეას ოხვრა,
გამოტირება დახოცილ შვილთა.
მაგრამ როდესაც მშობელ ნაპირებს
მიადგა გემი ძვირფასი ბარგით
ზეიმათ ამტყდარ ბუკს და საყვირებს
ფარავდა ხმები უკვდავი ჰანგის!..
2
საუკუნეთა დასცხრა ხმაური,
წყალმა დაფარა კოლხეთის მხარე,
მაგრამ კვლავ ისმის ხმა უცნაური
და სხვანაირად ანათებს მთვარე.
სხვა სასწაულის მოწამე ხდება
კოლხეთის მხარე ჭაობით სავსე.
აქ თითქოს მიწა ხელახლა ჩნდება
და მზე პირველად ამოდის ცაზე.
ძველი ლეგენდა ცოცხლდება ისევ
და დედა–მიწა სიმღერას ამბობს,
პირველ სხივებით უბეებს ივსებს
და თავის პირველ ნაყოფსაც ატკბობს.
ზღაპრული ოქრო ამოაქვს თითქოს,
რომ ის უბრძოლათ დაუთმოს იმათ,
ვინც გრძნობს ახალი ცხოვრების სითბოს,
ახალ ცხოვრებას გაბმია სიმათ.
და კოლმეურნეს ვაჟკაცურ მხრებით –
მიწის პატრონი რომ არის სრული –
მოესმის უკვდავ სიმღერის ხმები,
რომ გაუგმირა ორფეოსს გული.
კოლაუ ნადირაძე
გაზეთი „ლიტერატურული საქართველო“, 1937, 20 სექტემბერი, №21