ტრიოლეტები – Blue Horns

ავტორი : კოლაუ ნადირაძე

თარიღი : 1932

ადგილი :

საცავი :

გამოცემა :

პოეზია, შემოქმედება

ტრიოლეტები

1.

კიდევ ცოტა ხანს დაიცადე, ჩემო ძვირფასო,

კიდევ ცოტა ხანს იხმაურებს ჩემში გრიგალი!

მინდა, სინაზით ეს წუთები ახლა ავავსო.

კიდევ ცოტა ხანს დაიცადე, ჩემო ძვირფასო!

შემდეგ გატყდება, დაიღვრება ავსილი თასი

და ჩანაცრდებ სამუდამოდ ჩემს გულში ალი…

კიდევ ცოტა ხანს დაიცადე, ჩემო ძვირფასო,

კიდევ ცოტა ხანს იხმაურებს ჩემში გრიგალი…

 

2.

ბედნიერებით გვაერთებდა ჩვენი ბავშვობა,

პირველი მზერა, სიყვარული და ჟრუანტელი!

მაგრამ ეს კვნესა, ატირებულ გულით ნაშობი,

გლოვაა მისი, რომ გათავდა ჩვენი ბავშვობა!..

თუ შენი სახის დავიწყებას გული არ შვება,

თუ სიყვარული დღეს მინათებს, როგორც კანდელი –

მხოლოდ იმიტომ, რომ უკვდავი არის ბავშვობა,

პირველი მზერა, სიყვარული და ჟრუანტელი!

 

3.

მხოლოდ ერთია სიხარული და მოგონება,

დაუვიწყარო, სანატრელო და ერთადერთო!

კიდევ შენი ვარ, ეს სიცოცხლე შენ გემონება,

რადგან ერთია სიხარული და მოგონება!

თუ შენი ხილვის, შენთან მოსვლის არა ამქვს ნება,

თუ სასიკვდილოდ სიყვარულით შენთვის ავენთო –

დარჩეს სიმღერა, როგორც კვნესა და მოგონება,

დაუვიწყარო, სანატრელო და ერთადაერთო!