სიმღერა ჩემს მეგობრებს – Blue Horns

ავტორი : კოლაუ ნადირაძე

თარიღი : 25.08.1931

ადგილი : თბილისი

საცავი : ლიტერატურის მუზეუმი, 26801-2-ხ.

გამოცემა :

პოეზია, შემოქმედება

სიმღერა ჩემს მეგობრებს

მიქელ პატარიძეს

 

დღეს ისე, როგორც არასდროს,

მომინდა ყოფნა თქვენთან.

მომინდა, გული დაითროს

და გაიფლანგოს ძმებთან.

 

რა მაქვს, ან რა გამაჩნია!

თქვენ უფრო კარგად იცით,

რაც ამ გულს დაღი აჩნია,

და მაინც არის მტკიცედ.

 

ზოგჯერ უგუნურ ძაღლივით

წუთისოფელი მტანჯავს.

ვიცი, რომ სადმე ძაღლივით

წამოვეგები ხანჯალს.

 

ნეტავი მაინც მრგებოდა

ზიდვა თამარის დროშის!

ნეტავი მაინც მრგებოდა

მისთვის სიკვდილი ომში!

 

ერთხელაც ქართველ ვაჟკაცსა

დამენთო ბრძოლის ალი!

ერთხელაც ქართველ ვაჟკაცსა

შურით გამეღო თვალი!

 

ერთხელაც ღონემიხდილსა

გადამეხადა ვალი,

და შევხვედროდი სიკვდილსა

ხელში სისხლიან ხმალით!

 

რაც ჩემს გულს გამოეცალა,

უხმოდ ცრემლებში დალბა.

ბავშობა, როგორც მერცხალი

სხვაგან დაფრინავს ალბად.

 

რაც სიყვარული მაჩუქეთ,

არ დაკარგულა ჯერაც,

ის ისევ-ისე აშუქებს

და სიკვდილამდე მჯერა.

 

არ ვიცი, რა გავაკეთე

ამდენ სირცხვილის თმენით,

გულშია მხოლოდ სიკეთე

და სიყვარული თქვენი.

 

კოლაუ ნადირაძე

25-VIII-31, ტფილისი

 

26801-2-ხ.  კოლაუ ნადირაძე, სიმღერა ჩემს მეგობრებს, თბილისი, 25 აგვისტო, 1931 26801-2-ხ.  კოლაუ ნადირაძე, სიმღერა ჩემს მეგობრებს, თბილისი, 25 აგვისტო, 1931