თითქოს არასდროს, მშობელო მხარე,
არ მიმღერია შენთვის!
დილა კი ისევ მახარებს,
გული გაზაფხულს ერთვის.
და შენ, მაისო ტკბილო,
ამობიბინდი ჩემში,
რომ ჩემი ლექსის კილო
გესმოდეს მერცხლის ხმებში!
წვიმას მოვარდნილს ჟეთქად
დარჩა ტბორების კვალი,
და, რომ სიმღერა მეთქვა,
კვირტების მზეზე ხეთქვას
ვუმზერდი ბავშვურ თვალით.
მზეზე ჯეჯილის გაშრობას
ლურჯი მდინარის გვერდით
და გაზაფხულის ლაშქრობას
ვწვდები გაშლილი მკერდით!
როცა ნამგალი პურში
გაწვება ახალ მთვარეთ,
და ელავს სხივთა ბურში
ცეცხლის ზღვასავით არე –
ფრინველთა მესმის ჟღერა
მათი ფრთხიალი ხეზე –
მაშინ სიცოცხლე მჯერა,
და გამოვდივარ მზეზე.
პირველი ყლორტი ვაზის
ნაზად გაკვრია ხარდანს;
ყვავილს ფუტკარი აზის,
და მწვერვალების ხაზი
ზეცის სიღრმემდე ატანს.
ისე უბრალო არის
მთელი სიცოცხლის სიბრძნე,
როგორც ციმციმი ცვარის –
მე რომ ამ დილით ვიგრძენ –
როგორც შრიალი ქარის
და ბავშვის მტკავლის სიგრძე!