სამუმ – Blue Horns

ავტორი : კოლაუ ნადირაძე

თარიღი : 1924

ადგილი :

საცავი :

გამოცემა :

პოეზია, შემოქმედება

სამუმ

სპილენძის შუადღე, გადამწვარი ლაჟვარდი ცისა.

სილების ზურგი, გაწოლილი ავარვარებით.

და ბნედიანი გაბრაზება და წარღვნა მზისა,

გადმოხეთქილი ადუღებულ ოქროს ღვარებათ.

 

ნელი ბარბაცით ქარავანი გადაჭრის კიდეს,

ბორგავს უდაბნო რეტიანი ცხელ მირაჟებით;

და იხვევს ზანტათ მდუმარების მედიდურ რიდეს,

დაღლილი სფინქსი, რომ იღვიძებს არიჟრაჟებით.

 

სთვლემენ ლომები გამაძღარი გასავათებით,

ელავენ ყვითლად შეტაცილი მათი ფერდები;

მხოლოდ ნიანგებს გაშმაგებულთ, მზის დანათებით

უბზინავთ ქონით ხორკლიანი მწვანე გვერდები.

 

უნაპიროა მდუმარება და გაუჭრელი,

შორით ნილოსი – გადამდნარი ფოლადის არხი;

თუ სპილოების ქარავანი გაიარს ნელი,

მაგრამ ჩუმია ფარაონთა ძველი სამარხი.

 

მხოლოდ სამუმით თუ გადიხნა რუხი ველები,

და გრიგალებათ დაიგრაგნა ზვირთები სილის,

თვით ფარაონი გამოჩნდება თავის მცველებით,

გამეხებული და საომარ აბჯრით მოსილი.

 

სამუმის ტალღებს თან მოჰყვება ჯარი ფრთიანი,

და მორიდებით ელომება სარდლის ბრძანებას.

მაგრამ ის უცდის მოუთმენი და რეტიანი

თავის მეუღლის ცხელ სილაზე გამობრძანებას.

 

ისევ ზვირთების ბრაზიანი ჩქარი ფერხული,

მტრების ლაშქრები ახლოვდება მედგარი ძალით;

მაშინ ხმა ისმის ფარაონის მძლავრი, მეხური,

და თავის ჯარებს ის გაჰყვება ამართულ ხმალით.

 

ომი მრისხანე, განწირული, დაუდგრომელი,

კვლავ ორი ჯარი შეუპოვარ ბრძოლას ეწევა;

მაგრამ იმარჯვებს ეგვიპტეში მზე თვითმპყრობელი,

მეტოქე გარბის; ფარაონი ვერ დაეწევა!

 

ისევ მოელის ფარაონი გამარჯვებული,

თავის მეუღლეს უსაყვარლესს და ატირდება;

მისთვის აგროვებს სამკაულებს დაჩოქებული,

და საოცნებო რაინდობას კიდევ პირდება.

 

მაგრამ ნილოსის განაპირათ, სადაც фივების

სარკოфაგები ინახავენ მუმიებს ყვითელს,

წევს ამორძალი მონატრული მთვარის სხივების,

ვერ მოიგონებს ის სიყვარულს, ალერსს უწინდელს.

 

და გრიგალებით შემოტანილ გმირის გოდებას,

აბჯარის ხრიალს, შეპირების ხმას განაწვალებს;

ვერ გაუღიმებს, მის ძახილზე ვერ გაქროლდება,

და ვერ გაიხელს გაქვავებულს და ჩასმულ თვალებს.