ადამიანის და ბუნების წინაშე მდგომმა
ამ ორ სასწაულს უდიადესს უცქირე ხარბად!
ყოველი ლექსი – ლითონია გამოსადნობი,
გრძნობა და ფიქრი როს ემთხვევა ერთმანეთს ჭარბად!
მოდექ პირისპირ და გაშალე მაღალი შუბლი,
მიეცი თვალებს არწივების შორსმჭვრეტი ძალა,
რომ შენი სიტყვა – კაცთა გულის მგმირავი შუბი –
გარდიქცეს სიბრძნის და სიმტიცის ხერხემლის ძვალად!
წინასწარმეტველს, ადამიანს, ჭეშმარიტ მგოსანს
უნდა გხიბლავდეს ბრძოლის ცეცხლი, ხალხთან ერთობა.
შენ სიყვარულის უძლეველი აბჯარი გმოსავს
და შენი ერის უანგარო გული გენდობა!
და როცა ცეცხლით შთაგონება გაივლის შენში,
როდესაც თვალებს აღმაფრენის ცრემლი ასველებს –
გააღე გული და აიღე კალამი ხელში,
შეასხი ხორცი რაც შენ გტანჯავს და არ გასვენებს!
ტრფობა და ზეცა, ამ სამყაროს იდუმალება,
მშვენიერების უკვდავება, ეპოქის სუნთქვა –
უნდა გადიქცენ შენი სულის მოძრავ ძალებად,
რომ სთქვა სიმღერა, ჯერ რომელიც არავის უთქვამს.
იყავ სპეტაკი, როგორც ბავშვის ღიმილი ნაზი,
როგორც ლაჟვარდი უწმინდესი და სხივოსანი,
რომ შენს სამშობლოს უგალობო ჯადოსნურ ხმაზე
და გახდე მისი სიამაყე, მისი მგოსანი!