ო, მე დავრწმუნდი – საჭიროა მეტი ზრდილობა!
(პლანეტა ჩვენი აღარც ისე დიდი განძია).
ალბად სიბერით არის მისი ფერმიხდილობა…
ღირებულება მისი მხოლოდ ბირჟამ ასწია!
მე შევეცდები, რომ დღეიდან ვიწამო რჯული
და გავხდე ამით მოქალაქე პატიოსანი…
მრავალი ღამე უძილობის მაქვს დახარჯული,
რომ არ შევიქნე მისაღები ბრბოსთვის მგოსანი!
ო, არასოდეს! მე მძაგს მისი მიეთ-მოეთი.
როს წარმოვიდგენ – აღშფოთებით ეს გული ღელავს: –
რამდენი წმინდა შთაგონება, წმინდა პოეტი
მას ვერაგულათ უჯიჯგნია და გაუთელავს!
მე არ მჭირდება ბრბოს შექება, მისი დასტური.
მსურს, ჩემი ერის სამსხვერპლოზე დაიწვას გული!
ვერ გამიტაცებს სხვა დიდება ცრუ და მაცდური.
დე, ვიყო მარად მე იმისთვის ჯვარზე გაკრული!
ო, ჭეშმარიტად, საჭიროა ზრდილობა მეტი!
(მეც მომიტევეთ ამ უხერხულ რევერანსივით).
ჩვენს საუკუნეს არ აწუხებს ამ ქვეყნის ბედი –
მას დრო დარჩება მოიცალოს სულ სხვა დარდისთვის…
ბიოგრაფიას უეჭველათ დასწერენ ჩემზე!
არ შევეცდები ამ ადროისთვის აღმოვჩნდე კარგი:
რომ დიდ ბრალდებათ არ დამაწვეს ამ ვიწრო მხრებზე
ბოროტი ქვეყნის უსარგებლო და მძიმე ბარგი!