პოემა
შესავალი
პაოლო იაშვალს
უკვე დასრულდა ჩემში ყოველი,
და შემოქმედი განმტკიცდა ნება.
ვარ უზენაეს მადლით სოველი,
და საყვარელმა შვა შთაგონება.
მშვიდობა თქვენდა, გულის გამგმირო,
წარსულ დროების მძიმე სევდებო,
მეც მინდა, მერგოს საქმე საგმირო,
რომ თქვენ გიმღეროთ, მშობელო მთებო.
კმარა, გათავდეს! არა ღირს, ვფიცავ,
ამდენ ცრემლებათ ის, რაც დავკარგე.
მე ისევ-ისე ცხოვრებას ვიცავ,
ცხოვრებავ, კმარა, რაც ტანჯვა მარგე!
მშვიდობით ეხლა, ჩემო წარსულო,
და შენც, ბავშობავ, ოქროს სიზმრებით!
რამდენი შხამი გულზე დასულა,
რა ულმობელი სისწორით ვქრებით!..
მაგრამ მე მაინც ვარ მადლობელი
ყოველი წუთის, ყოველი წამის:
ასე ყოფილა წუთისოფელი.
დღის მღელვარება და მოსვლა ღამის.
დღეს ლოცვებისთვის დრო აღარ არის,
გაზაფხულს გაჰყვა სურნელი იის.
მე მაინც მინდა გავაღო კარი
მაღალი გრძნობის და პოეზიის.
რომ ყველაფერი, რაც გულს აცდენდა,
რაც კი სტანჯავდა გონებას მწარედ,
რაც სისხლის ცრემლებს თვალებს ადენდა,
გამოვიტანო სიმღერით გარეთ.
ვთქვა, თუ როგორ ვარ სავსე პირამდე
ადამიანურ და კეთილ გრძნობით,
თუ როგორ მინდა ჩემ თავს ვსწირავდე,
ვიყო ჭურჭელი უმაღლეს ძმობის.
მაგრამ თქვენ, ვისაც მე ვერასოდეს
ვეღარ შემოგხვევთ მეგობრულ მკლავებს!..
პოეტის გული თქვენთვის იწოდეს,
და დასტიროდეს ძვირფას საფლავებს!.. *)
დაუვიწყარი თქვენი სახელი
გამომაქვს მაინც ამ ბრძოლის დროში,
როგორც მეომარს დაჭრილი ხელით
ერთი ნაგლეჯი წართმეულ დროშის.
ოქროს ყანაო, შენზე სიმღერა
გულში თაფლივით ჩამწვეთებია!
მე ძველებურად ოცნების მჯერა,
და ლექსს ვენდობი ოქროსფრთებიანს.
რომ თაველნაყარ და მწიფე პურის
ლექსში მიეცეს მღელვარე სახე
მას, რაც შევბოჭე მახვილი ყურით,
რაც შთაგონებით ვიგრძენ და ვნახე.
*) სანდრო ცირეკიძე, შალვა კარმელი, ლილი მეუნარგია.