ორი ქოჩორა – Blue Horns

ავტორი : კოლაუ ნადირაძე

თარიღი : 1927

ადგილი :

საცავი :

გამოცემა :

პოეზია, შემოქმედება

ორი ქოჩორა

ორი ვარია, ორი ქოჩორა,

ერთი ნაცარა, მეორე ჭრელი

ვიყიდე ერთხელ, ცოლმა მოჭორა,

რომ იყვნენ ერთობ ძვირი და ხმელი.

 

შავთვალა გოგოს, სოფლიდან მოსულს,

აღარ ვევაჭრე – ფული არ მშურდა!

და ვუთხარ ჩემ ცოლს, ჩემზე გულმოსულს,

რომ არა ჰქონდა გამყიდველს ხურდა.

 

ორი ვარია ფეხებშეკრული

სხვებმაც გასინჯეს მუშტარის თვალით.

მე უჩვეულოდ მიცემდა გული

და ვთქვი: „წაიღეთ, ერთად დაჰკალით!“

 

პატარა სევდა, პატარა დარდი

დიდხანს ქუჩებში დამატარებდა,

და არაფერი იმ გოგოს გარდა

მე იმ დღეებში არ მახარებდა!

 

მას შემდეგ დიდმა დრომ გაიარა,

ორი ქოჩორა დღეს ვიღას ახსოვს?!

მაგრამ ჩემს გულში ჩარჩა იარა

და მოგონება მოწყენას მაქსოვს.

 

და ყოველ კვირას გულის ცახცახით

მე ნაცნობ ადგილს ვუახლოვდები,

მაგრამ ვერ ვხედავ სანატრელ სახეს

და უიმედოთ ისევ ვღონდები.