ერთ დღეს ჩვენთან მოულოდნელად მოვიდა პირშიშველა ახალგაზრდა, თითქმის ბავშვი, რომლის გარეგნობა უტყუარად მეტყველებდა, რომ იგი პოეტი იყო.
ეს იმდენად ნათელი იყო ჩვენთვის, რომ აზრად არ მოგვსვლია, მისთვის ამ მხრივ რაიმე შეკითხვა მიგვეცა.
მისი სახის ბავშვურ იერს უჩვეულოდ ლამაზი თვალები ამკობდნენ: ,,არჩვის თვალები“, როგორც მათ ამ სტრიქონების ავტორმა უწოდა.
დაუვიწყარია ჩემთვის მისი ბავშვური, უმანკო გაღიმება!
მის ყოველთვის მოკრძალებულ საუბარში და ლექსის წაკითხვის დროს, მის მეტად საამო მუსიკალურ ხმაში რაღაც თავშეკავებული მღელვარება იგრძნობოდა…
ვალერიან გაფრინდაშვილი, სანდრო ცირეკიძე, და მე, თითქოს წინასწარ შეთქმულნი, ვთხოვდით მას განმეორებით წაეკითხა თავისი ლექსი, რომ ისევ გვსენოდა მისი ხმა.
შალვა კარმელი მეტად მუსიკალურად კითხულობდა ლექსებს. მისი ინტონაცია იყო ბუნებრივი, ყოველგვარი გადამეტებული პათოსისა და დეკლამაციური სიყალბის გარეშე. მისი პოეტური ბუნებისათვის უცხო და მიუღებელი იყო ყოველივე ვულგარული და ბანალური, რაც ყოველთვის უნიჭობისა და უგემოვნობის მაჩვენებელია.
შალვა სულ მალე ყველასათვის საყვარელი მეგობარი გახდა. იგი ფიზიკურად სუსტი აგებულებისა იყო და ხშირად ვერ ახერხებდა, ისევე როგორც სანდრო ცირეკიძე, აგვყოლოდა ჩვენ და ბოჰემური ცხოვრების ფერხულში ჩაბმულიყო. მაგრამ პაოლოს, ვალერიანის და ჩემს ოჯახში იგი ხშირი სტუმარი გახლდათ და არა ერთხელ შეუსვამს სპეციალურად მისთვის და სანდროსთვის განკუთვნილი პატარა ყანწით ჩემს ოჯახში დაწურული ღვინო (ეგ ორი ყანწი ახლაც ინახება ჩემთან).
ერთად უყვარდათ სიარული შალვა კარმელს, სანდრო ცირეკიძეს და სერგო კლდიაშვილს – ალბათ, დაახლოებით ერთნაირი ფიზიკური აგებულების გამო.
პაოლო იაშვილი კი კარმელისადმი რაღაც მამობრივ მზრუნველობას იჩენდა. ხშირად გვთხოვდა ჩვენ (განსაკუთრებით რაჟდენ გვეტაძეს და ივ. ყიფიანს), დავხმარებოდით შალვას მეგობრული რჩევა-დარიგებით (რა თქმა უნდა, პოეზიის დარგში).
ჩვენი, ცისფერყანწელთა, ქუთაისის პერიოდი განუყრელად დაკავშირებული იყო შალვა კარმელთან. არა ერთი და ორი ღამე გაუთევია მას ჩვენთან ერთად ქუთაისის მყუდრო და ღრმა სადარბაზოებში… რამდენადაც მახსოვს, სწორედ იქ წაგვიკითხა თავისი მშვენიერი ლექსი, რომელმაც ყველანი გაგვახარა, ლექსი, სადაც ასეთი დაუვიწყარი სტრიქონებია:
გადმოკიდულა ციდან
სემირამიდის ბაღი.
გულია ერთი ციდა
და მთისოდენა დაღი.
შალვა კარმელი სხვა ჩემს ამხანაგებთან ერთად, თუ არ ვცდები, 1918-1919 წელს თბილისში გადავიდა საცხოვრებლად, რათა ქართულ უნივერსიტეტში სწავლა განეგრძო. სამწუხაროდ, თბილისში გადასვლის შემდეგ, მხოლოდ ერთხელ თუ ორჯერ მომიხდა მისი ნახვა.
1923 წელს, იანვარში, შალვა კარმელი გარდაიცვალა. თბილისიდან ქუთაისში ჩამოვიდნენ ჩემი მეგობრები, რათა სიკვდილის ცელით ჩვენ შორის პირველად მოჭრილ ყვავილს გამოთხოვებოდნენ და მის საფლავზე ცრემლები დაეფრქვიათ…
შალვა კარმელის უტყუარ პოეტურ ნიჭს ბედმა არ არგუნა მომწიფება და დავაჟკაცება. იგი, როგორც სანდრო ცირეკიძე, გულსაკლავად ადრე დაიღუპა. გულსაკლავად, უდროოდ, სამარადისოდ გამოეთხოვა თავის სათაყვანებელ მამულს და საყვარელ მეგობრებს.
მე კი ყოველთვის, როცა შალვა კარმელზე ვფიქრობ, რატომღაც ლევ ტოლსტოის „ჰაჯი-მურატი“ მაგონდება: თვალწინ მიდგას ფორანის ბორბლით შეუბრალებლად ბირკავას წითელი ყვავილი მიწაში ჩასრესილი.
კოლაუ ნადირაძე
[1984 წლამდე]