იმერეთი – Blue Horns

ავტორი : კოლაუ ნადირაძე

თარიღი : 1926

ადგილი :

საცავი :

გამოცემა :

პოეზია, შემოქმედება

იმერეთი

შენ ვეღარ გიმზერ, ჩემი სიმღერა

აღარ მოესმის შენს ცისფერ ველებს!

მე მშობლიური დავკარგე კერაც,

და მაინც გიწვდი ალერსით ხელებს.

 

რათ მაგონდება ასე უღმერთოთ

შენი თხემები ჩამოქცეული?

რათ მინდა მოვკვდე და შეგიერთო

შენ, ჩემი სისხლი, ჩემი სხეული?

 

რათ შემიყვარდა დღეს ისევ-ისე

თოვლი, წვიმები და ღელეები?

ზღვად მოვარდნილი შენი მაისი,

ქაჯებით სავსე შენი ტყეები?

 

ვიცოდე მაინც, რათ არ მასვენებს

ქოხში სმენილი სიმღერა ტკბილი?

ზაფხულის წვიმა ისევ მასველებს,

ისევ მომკვეთა ალუჩამ კბილი.

 

ისევ ხარები მიდიან ნელა

ვიწროთ ამოჭრილ სოფლის შარაზე,

და მზის ჩასვლამდე თოხები ელავს

აბიბინებულ გლეხის ყანაზე.

 

მე თითქოს ახლა ცქერა ამეცრა

და გამოვფხიზლდი მძინარ გონებით…

თითქოს ამღერდნენ ჩემში უეცრათ

სერაბიმების ლეგიონები!

 

და მინდა დავთვრე ჩუმად და ტკბილად

ამ ულაჟვარდეს, უძირო ზეცით.

მოვზილო მჭადი, და როგორც წინად

კვლავ ავაფიცხო ბუხართან კეცით.

 

არა, არასდროს არ მეღირსება,

გადავიწყება შენი სიმწვანის!

ვხედავ – მარნები მაჭრით ივსება

და ოქროთ ღელავს სიმწიფე ყანის.

 

ხელახლა სოფლის ვიწრო ბოგირზე,

გააქვს ჭრიალი ღამეში ურემს

და გლეხსაც სძინავს ყანის ნაპირზე,

როცა შუადღით მზე დაახურებს.

 

ქვეყანავ ჩემო, ზეცით ნაკურთხო,

უხვად მორწყულო მზითა და მთვარით!

მე შენს კალთებში დავეძებ კუთხეს,

მომეცი შენთან თავშესაფარი!

 

ისევ შემიშვი მოწნილ ფაცხაში,

სადაც ქართულათ აკვანს არწევენ,

მანახე შენი ზეცის კაშკაში,

მასმინე ხმები გულს რომ ანგრევენ!

 

რომ კიდევ ერთხელ, ქცეულმა შველად,

გადავირბინო შენი ნოხები!

რომ ფეხშიშველმა ვიარო ველად,

ვიყნოსო კვამლი შენი ქოხების!

 

რომ ხელმეორედ ვიგრძნო სინაზე

ჭალადიდის და ორპირის კუთხის,

სადაც ნიავის ფრთებით დილაზე

მოჰქრის შავი ზღვის სურნელი მწუთხე.

 

სადაც ტყეები ჩადგმული წყალში

გარშემორტყმულან მაღალ ისლებით,

და ზეცის კიდეს, გახვეულს ალში,

მძიმეთ არხვენ ლურჯი ნისლები.

 

მოვსულვარ შენთან შერიგებული,

რომ გითხრა მაინც: სურვილი ახდა –

მე ვარ ბულბული ამღერებული,

ატირებული საყვარელ ბაღთან!..

 

რომ გითხრა მაინც: კიდევ ეს გული

სალამურივით მკერდში მიმღერის,

რომ ვარ ქართველი, ქართული რჯულის

და მიყვარს შენი ქვიშა და მტვერიც!

 

და თუ მე დღემდე ბედს ვეჭიდები –

ეს მშობელ ზეცის კურთხევა მიცავს!..

მოვედი შენთან, რომ მორიდებით

კიდევ ვემთხვიო შენს წმინდა მიწას!