ნუღარ ენთები ცეცხლოვან ვნებით,
იყავი ნაზი, როგორც ნორჩი და!
შევხვდეთ საღამოს მშვიდი ოცნებით,
ვუმზიროთ დაისს მორთულ ფარჩითა.
ძვირფასო ჩემო, მე დავიღალე,
მე ეხლა სულ სხვა ალერსი მინდა!
წარსულში წავა ეს წუთიც მალე…
შენ კიდევ გახსოვს ლოცვები წმინდა?
ვთქვათ ის ლოცვები! ო, ბევრი რამე
მომაგონდება მე იმათ ხმებში,
და როცა მოვა მწუხრი და ღამე
დავმალავ ცრემლებს შენს ბავშვურ თმებში.