დიფირამბები – Blue Horns

ავტორი : კოლაუ ნადირაძე

თარიღი : 1920

ადგილი : ქუთაისი

საცავი :

გამოცემა :

პოეზია, შემოქმედება

დიფირამბები

მე ასე ვფიქრობ: ეს ხუმრობა ცუდათ თავდებს

და ანეკდოტათ შესაძლოა აღარ ივარგოს!

მოხუცი დედის ატირება იყოს თავდებათ,

მიტოვებული მამის ძვლები თუ დაიკარგოს!

 

გვესტუმრებიან სიყვარულთ დღეები, წლები,

ყოველი წუთი სავსე არის უტკბეს ალერსით.

დიდი უფალი მფარველია ჩვენი ყოველთვის:

უხვათ გადმოდის მისი მადლი უზენაესი!..

ბოლოს და ბოლოს სადარდელი ვის რა დარჩება? –

დედის და მამის მიცვალება მოხთება ერთხელ –

მათ ვიწრო ბინებს გაზაფხული მორთავს ფარჩებით.

 

ო, მხოლოდ ბავშვებს ნეტად უკვირთ დედის სიკვდილი,

თაიგულები, გვირგვინები, უცნობი ხალხი,

პანაშვიდები და კიბეზე კუბოს ჩათრევა

და უცნაური სიყვითლე სახის!

ეს ფიქრი ჩემში შემოიჭრა მოულოდნელათ –

მე არ მინდოდა ამ საგანზე დღეს საუბარი.

 

მე მოგაგონებთ, თუ ინებებთ, ნოემბრის დღეებს,

უსაზღვრო წვმებს, ყვითელ ფოთლებს

ტალახით დასვრილს.

სანუგეშოა მაშინ ჯდომა ფართე ბუხართან,

ორსული ცოლის საუბარი, კარგი გაზეთი

და საზოგადოთ ლიტერატურა –

პერსპექტივა მე რომ მხიბლავს და მენატრება

ყველაზე მეტად!

 

ჩამოვჯდეთ წუთით, გადავავლოთ ცხოვრებას თვალი!

საკუთარ თავთან ზოგჯერ ვარჩევ პირისპირ ვიყო,

თუმცა ეს გული გადამეწვა, როგორც აბედი,

და ნაწილებათ გამოდგება რომ დავარიგო.

 

ქვევით, სულ ქვევით, ჩავიძიროთ უკანასკნელად!

ქვევით, სულ ქვევით, ეს არ არის ისე საშიში!

მორიელივით დავუბრუნდი ისევე ჩემს თავს –

გზა არსად არი!

და ჩავიხრჩები გაბრაზებით სადმე, განთიადს –

ო, ილაიალი!