დისონანსები – Blue Horns

ავტორი : კოლაუ ნადირაძე

თარიღი : 1917

ადგილი :

საცავი :

გამოცემა :

პოეზია, შემოქმედება

დისონანსები

ხშირათ გიყურებთ გატაცებით და აღელვებით,

მხიბლავთ და მათრობს თქვენი ტანის მალული ვნება,

როგორც ორი ტბა დაჩრდილული მაღალ ალვებით –

შავია ცივათ მაგ თვალების აელვარება.

 

კეკლუცი ცქერა გაღიმებით ნორჩ გეტერისა,

უცხო ფერისა პირის სუნთქვა, ბაგეთა ალი,

ოცნებას იპყრობს, ვით სიზმარში ხმა სიმღერისა,

ვით ბნელ ოთახში, როიალის ნაზი გრიალი.

 

კაბის შრიალი თქვენი ხშირათ მე შორს მიტაცებს:

ცხელი ქვეყნების მთა, მინდვრები, უსაზღვრო ზღვები,

ჩემ თვალთ წინ შლიან სხვა სიტურფეს, სხვა ფეროვან ცებს,

სხვა ზღაპრებს მიმცემს ინდოეთის დამწვარი ქვები.

 

ჭიანურის ხმით სასიკვდილოთ დანაბულ თვალებს

არაბულ ბაღებს მე ვადარებ, სადაც სულთანი

მის წინ მოცეკვავ ტიტველ ქალებს თვალს გადაავლებს,

რომ აირჩიოს ერთ ღამისთვის მაცდური ტანი.

 

სისხლის ფერ თასში თეთრათ სხედან ხარბი კბილები

შემოგევლები, თავს შეგწირავ – თქვენ ვინ არ გეტყვით?

უცხო რაინდზე ოცნებაში ხშირათ იღლებით

და ყოველ უხეშსს თქვენ აწამებთ დაცინვის სეტყვით.

 

მაგრამ ქალწული თქვენი ტანი ხშირათ მაჯავრებს:

საშინელ იანუსს, ბოროტ ჩემ სულს, ეგ სილამაზე

სურს მისცეს მსხვერპლათ და სავაჭროთ, თუ გინდ რომ მავრებს,

რომ ვით დიაცმა აქვითინდეთ საზარელ ხმაზე.

 

და მენატრება დაგინახოთ თქვენ სარეცელზე,

საყვარლის მკერდზე მოთენთილი, დამონებული;

მისი კბილების წითელ დაღით მოღერილ ყელზე,

აშლილ ლოგინზე ურცხვი ხელით გატიტვლებული.