დაფიქრება ზღვასთან – Blue Horns

ავტორი : კოლაუ ნადირაძე

თარიღი : 1920

ადგილი :

საცავი :

გამოცემა :

პოეზია, შემოქმედება

დაფიქრება ზღვასთან

აქ მოველ შენთან და ტალღების მესმის გალობა,

რისთვის განვიცდი გამოუთქმელ გრძნობას შიშისას?

ვდგევარ შენს ახლოს – განწირული არარაობა –

მცირე მარცვალი მოშრიალე შენი ქვიშისა.

 

როცა წელიწელ მზის ხანძარი დასცხრება ცაში,

როს ციურ მინდვრებს ვარსკვლავებით მონამავს ღამე,

ღვთაებრივ ძლით რათ იღვრები ჩემს სულში მაშინ?

რად ჰბადებ ფიქრებს შენებრ დიადს და მოკამკამეს?

 

გონებას ჩემსას, ჩემს მომაკვდავ და სუსტ არსებას

რათ ევლინება მარადისი მეტყველი ენით?

უზენაესში რომ ეძიოს თვისი მსგავსება,

თუ ჟამთა დენა რომ განსჭვრიტოს უძლური სმენით?!

 

მაგრამ რაც სუფევს ჩემს გარეშე – ჩემშია ისევ…

სიკვდილიც იგივ სიცოცხლეა, რადგან ფიქრია!

მხოლოდ სად არის თვით სიცოცხლის დასაბამისი?

სად დავდგე ლოცვად, თუ ტაძრისთვის ვერ მიმიგნია!

 

ზღვაო, შენს ახლოს დაფიქრებით, განმარტოებით

ვდგევარ და ირგვლივ უფსკრულივით ბნელი ღამეა.

სად არის ის დრო, ბავშვობისა, როს სასოებით

მე შევყურებდი ამ ბუნებას და ადამიანს?

 

სად არის ის დრო, როს ვარსკვლავებს ვაპყრობდი თვალებს,

და ნეტარება მეფრქვეოდა ცით მონაბერი?

ცალიერია ეს სიმაღლე, მე რომ მაწვალებს,

ცალიერია, არ არის იქ არაფერი!

 

ო, არაფერი! ეს ლაჟვარდიც მატყუარია!

ბგერები ნაზი, სურნელება, ფერთა ანთება –

ეს ყოველივე მოჩვენება და სიზმარია,

ჩემში შობილი – ჩემ გრძნობათა გამოლანდება!

 

და თუ გაქრობა არის ხვედრი ყოველი არსის,

თუ საწუთრომან ეს მარგუნა, ვითა წვალება, –

მოვიტან, ზღვაო, შენთან ჩემს გულს, თასივით ავსილს,

კაეშნით სავსე რომ ვისმინო შენი გალობა!