დევების სისხლი არ მისვამს,
არც ორბის გული მრგებია.
მთებმა უბეში ჩამისვა –
სად ბროლით ღვართქაფებია.
ოდიში გადმომივლია,
ცხრა მთა, ცხრა ველი ცვრიანი.
გნახე – ჩიტი ხარ ნიბლია,
პატარა, გიშერთმიანი.
სიცოცხლეს გროშად დავიჯენ,
გაგაბავ ჯადო-მახეში.
ბნელ ღამეს ამქრად ავიჩენ
და გაგიტაცებ კახეთში.
აფხაზეთს ხმა დავარდება:
„ქართველმა ქალი მოგვტაცა!“
სასიძო გადმოვარდება,
ცხენს გადმოაფრენს მამაცად.
ყირიმის ტყვია გამიჭრის
ნაბადს შემოსხმულს ტანზედა
ენგურის იქედ რა მიჭირს!
ხმალს გადავაგდებ გვერდზედა-
და მზე მეორედ მომისწრებს
დიდი ორპირის გზაზედა.