არსენა – Blue Horns

ავტორი : კოლაუ ნადირაძე

თარიღი : 1925

ადგილი :

საცავი :

გამოცემა :

პოეზია, შემოქმედება

არსენა

უხილავ ხელმა წაშალა

ვარსკვლავნი თანდათანობით;

თინათინს ფარავს თავშალი,

შინ მივა ნელი გალობით.

 

სდუმან ავლაბრის სახლები;

გამკრთალდა მთვარეც გვიანი;

მას არვინ არ ეახლება,

ბრუნდება ნათელ მზიანი.

 

არსენას ცხენის ჭენება

კიდევ მოისმის შორიდან;

როცა მზე ჩაესვენება,

ამბავი მოვა გორიდან.

 

„ატლასის ფარჩა ნაქარგი

მინდა, გშვენოდეს კაბათა;

თუ შენ არსენა დაჰკარგე –

ატარე მისსა ამბათა.

 

ასაოხრებლათ წავსულვარ

მსუქან, ფაშვიან ვაჭართა;

ავ თვალით არ დავნავსულვარ,

არ ვდარდობ, რაც დამემართა!

 

ბორკილის სისხლის დაღები

მალამოთ მომირჩენია,

და ციხის ბნელი თაღები

არსენას ტყვილათ ელიან.

 

გულს მიდევს შენი ბაღდადი;

გორიდან მცხეთას ვაპირებ;

თუ ვიქენ ისევ ნაღდათა,

ბოდბისხევს გავინაპირებ.

 

თუ სასიკვდილოთ დავიჭერ,

თუ ჩემი მკლავი წახთესა,

წითელ კვერცხს ვეღარ დავიჭერ,

ჩემი სიზმარიც ახთესა“.

 

თინათინ კაბას აჩქარებს

არსენას გასახარათა;

მთვარესაც კი არ აკარებს

ჰქარგავს, დამღერის წყნარადა.

 

არ დარდობს; სჯერა ვეფხობა

გულ მკერდის, ფართე მხრებისა!

არსენა არ დაემხობა,

არა აქვს რიდი მტრებისა;

 

მაგრამ რა ნისლით მოცულა

მუხათ გვერდისა ჭალები!

თინათინ ჩუმათ ლოცულობს,

სტირიან ფართე თვალები.

 

მკლავებზე დაეყვინთება,

სიზმარსაც ნახავს მწარესა;

ხედავს – სანთლები ინთება

აკლდება შუქი მთვარესა;

 

მოაქვთ მცხეთისა მხარიდან

ყაჩაღებს შავნაბდიანებს

მკვდარი არსენა მხარითა,

შორი გზით დანაგვიანებს.

 

წვერები სისხლით დასვრია,

და ვეღარ აღებს თვალებსა;

გულში ხანჯალი ასვია,

აქცევს სისხლისა ღვარებსა;

 

მისი ულვაში გრეხილი

ბაღდადით დაუხურიათ;

და ხმალი გადატეხილი

ვაჭარსა მოაქვს ურიას.

 

თინათინ წამოვარდება,

ადგება წარმატებული;

ხედავს, რომ მტკვარი შავდება,

და მოდის ადიდებული;

 

ამბობს: „სიზმარი ტიალი

ტყუილად არ გამლანდებია!“

ორი მხედარი გვიანი

შორი გზით გამოჩნდებიან.

 

ალაყაფს მოადგებიან

ჩაბალახებით ბურვილნი;

თინათინს ეუბნებიან:

„გვახრჩობს სიცხე და წყურვილი.

 

მოვსულვართ შავი ცნობითა,

გზა დიდი გაგვიარია;

კუჭატნლის ვერაგობითა

ჩვენი არსენა მკვდარია.“

 

ამბობენ: „შენი ბაღდადით

ჭრილობა დაუფარეთო,

და ძველი ქართლის ადათით

მიწასა მივაბართო.

 

არსენას ნაანდერძები

სურვილი შევასრულეთო;

დავკალით დიდი ვერძები

მშიერნი დავაპურეთო.

 

გვთხოვა გვეამბო საჩქაროთ:

„ბედი ამიხთა მტერათო!

წითელი კაბა ატარე

არსენას მოსაგონათო.“

 

არ დასწვა ჩემზე სანთელი.

არც ცრემლი ღვარო ცხელიო;

აქაც კარგი ვიყავი

იქაც ნათელსა ველიო!“