ავტობიოგრაფია – Blue Horns

ავტორი : კოლაუ ნადირაძე

თარიღი : 16.07.1947

ადგილი : თბილისი

საცავი : ლიტერატურის მუზეუმი, 6670-ხ.

გამოცემა :

ავტობიოგრაფია, ბიოგრაფიები

ავტობიოგრაფია

ჩემი სამშობლო — საჩინოა, სოფელი ბზოვანი. საჩინო იმერეთის ერთ-ერთ ყველაზე უფრო მოსავლიან კუთხეთ ითვლება.

ორპირი ემხრობა მას ჩრდილოეთ-დასავლეთით თავისი დავიწყებული ფონებით და უძველესი რომანტიკით.

არსად არ მწიფდება ხეხილი და სიმინდი ისე კარგად, როგორც ჩვენში. წინათ აქ ანადასტურის, ანუ ანდასეულის, მაღლარი მოდიოდა. სიზმარივით მახსოვს, რომ ოდნავ შემჭკნარ ყურძენს, გვიანი შემოდგომით, ჰკრეფდენ ხეებზე და სავსე კალათებით შემოჰქონდათ მარანში.

ეხლა მაღლარი გადაშენდა: მისი მოვლა ხელსაყრელი აღარ არის და, ვინ იცის, ეგებ ჰაერიც აღარ უწყობს ხელს მის გაშენებას. ანადასტურის ნაცვლად ეხლა აქ სხვა ჯიშები ხარობენ — უფრო მოსავლიანი, თითქოს, და უფრო მომგებიანი, თუმცა ანადასტურის დაბლარიც, აქა-იქ გაშენებული, იძლევა შესანიშნავ ღვინოს.

მე დავიბადე ქ. ქუთაისში, 1894 წელს, დეკემბრის ბოლო რიცხვებში (26) ძველი სტილით. ბავშვობის პირველი წლები ქუთაისში (ზამთრობით) და საჩინოში გამიტარებია. სამი წლიდან მე უკვე მახსოვს ჩემი თავი, თუმცა სიზმრად, ამბროლაურში, სადაც მამაჩემი მსახურებდა ექიმად.

პირველი გაზაფხული მე ვიგრძენი აქ; ოთხი წლიდან მე უკვე კარგად მახსოვს ჩემი თავი და ის გარემო, სადაც მე მიხდებოდა ყოფნა.

მაგონდება პეპლებით ავსილი ფართო ეზო – მინა გეორგობიანის, უცოლშვილო, მხიარული, უკვე გაჭაღარებული კაცის მამული; მინა გეორგობიანი მეტად კეთილი და სანდომიანი კაცი იყო; მახსოვს — მას ძლიერ უყვარდა ხალვა, რომელიც ჩამოჰქონდა ქუთაისიდან თეთრი თუნუქის ყუთებით და ხშირად მიმასპინძლდებოდა მეც.

მაგონდება ორი უზარმაზარი, ფუტკრებით აგუგუნებული, ცაცხვი, პატარა ეკლესია, მაღალი კოშკი, წყარო იშვიათი, ღარიდან უხვი ნაკადით მომდინარე და მოჩუხჩუხე და პატარა, ანკარა მდინარე კრიხულა, რომელიც რიონს ერთვის. ასეთი დარჩა ჩემს მეხსიერებაში მინა გეორგობიანის კარ-მიდამო, რომელიც შემდეგ, ისე როგორც ამბროლაური, მე არასოდეს აღარ მინახავს და არც მსურს ვნახო, რომ ჩემში უცვლელად დარჩეს, სიკვდილის დღემდე, ეს, ჩემთვის უტკბესი, ზღაპარი.

შემოდგომაზე ისმოდა წეროების ყვირილი და მოღურალულ ცაზე მოსჩანდა მათი კუთხური მწკრივი, ლურსმული წარწერის მსგავსად. ხუთი წლისა ვიქნებოდი, როდესაც დედა ჩემმა „დედა-ენა“ მომიტანა და ან-ბანის სწავლება დამიწყო. ლექსი, რომელიც მე პირველად დავიზეპირე, იყო: „ნეტავ, არ დაგძინებოდა, ჩიტო ნიბლიავ, ნარზედა“…

დაახლოვებით ამ ხანებშივე დამაწყებიეს რუსული წერა-კითხვის სწავლა. რუსული ლაპარაკი მე უკვე კარგად ვიცოდი.

ცოტა ხნის შემდეგ მამა ჩემი გურიაში გადაიყვანეს  და მე სამუდამოთ დავშორდი ამბროლაურს…

გურია კარგად მახსოვს. მახსოვს მდინარე სუფსა, ანკესებით ღორჯოების ჭერა, ძეწნის ჩრდილებში მამასთან ერთად ცურვის სწავლა. ჩვენ ვცხოვრობდით ჩოხატაურში. შემოდგომის საღამოობით მამა ჩემი, რომელიც შესანიშნავი მონადირე და მსროლელი იყო, ბრუნდებოდა ნადირობიდან და მოჰქონდა მწყერები და ტყისქათმები. მოუთმენლად მოველოდი მის დაბრუნებას. ვათვალიერებდი ტყისქათმების გრძელ ნისკარტებს და მაკვირვებდა, თუ როგორი სიყვარულით ეალერსებოდა ნანადირევს ძაღლი. ტყისქათმებს თავისებური მძაფრი სუნი ჰქონდათ, რომელიც მე ახლაც მიყვარს.

მე უკვე ვოცნებობდი ნადირობაზე, თუმცა თოფის გასროლა კიდევ არ შემეძლო. დიდი ბედნიერება იყო, როდესაც ის სადმე ახლომახლო დააპირებდა სამწყეროთ წასვლას და გამომიცხადებდა, რომ თან გავყოლოდი მას. დახოცილ მწყერებს, ვიდრე შევძლებდი, დავატარებდი იაგტაშით, რასაკვირველია, მე. შვიდი წლისა ვიყავი, როდესაც ცელქობის დროს (ერთობ მოუსვენარი და მეტად ცელქი ბავშვი ვიყავი), ქვის კიბეზე დავეცი და ცხვირი გავიტეხე. მამამ გადამარჩინა ტვინის ანთებიდან ოპერაციის საშუალებით, მაგრამ სახე დამახინჯებული დარჩა.

თითქმის ყოველ ზაფხულს საჩინოში ავდიოდით. ეს დღესასწაული იყო ჩემთვის, როგორც, საერთოდ, ყოველი მოგზაურობა.

შვილდ-„კოდალით“ შეიარაღებული, დავდევდი შაშვებს და სხვა ბავშვებთან ერთად ვიჭერდი ღელეში ცხრაფეხებს. ბაბუა ჩემი – ასი წლის მღვდელი სტეფანე – დამისვამდა მუხლებზე და მასწავლიდა იმ ლოცვებს, რომელნიც მე უკვე შესწავლილი მქონდა დედისაგან. საღამოობით, შუაცეცხლთან, სწვავდნენ სიმინდის ტაროებს, კვახებს და ჰყვებოდნენ ზღაპრებს ქაჯებზე, ცხრათავიან დევებზე, მეფეებზე, ზღვებზე და მზეთუნახავებზე.

წივილით იწოდა ცეცხლში ნედლი ჯირკი, რომლის ერთი თავიდან შუშხუნით წვეთავდა თეთრი, ადუღებული ქაფი.

მაგონდება ქვათეთროვანზე უფროსებთან ერთად საკურდღლეთ წასვლა; ავალისშვილებში გამგზავრება და მდინარე სულორში სასროლი ბადით კალმახების ჭერა; მამა საუცხოვოთ ისროდა ბადეს. მოუთმენლად მოველოდი ყურძნის შეთვალებას და ლეღვების დამწიფებას.

რთველი უდიდეს დღესასწაულს წარმოადგენდა ჩემთვის, მაგრამ, მასთან ერთად, ახლოვდებოდა წასვლის დროც, თუმცა ამაშიდაც თავისებური სიამოვნება იყო: გამოთხოვების მსუბუქი სევდა, შვილდ-ისარის ჭერის თავზე შენახვა, აკიდოების და კიდევ ნედლ ჩურჩხელების, ტკბილიკვერების წამოღება, ცხენით მოგზაურობა. ვის არ განუცდია ეს!

რატომღაც მიყვარდა რიონის სანაოსთან მიახლოვება, ბორანით რიონზე გადასვლა, რიონის ნაპირთან შესვენება. გაშლილი, ფართო სივრცე რიონის ველისა ეალერსებოდა თვალებს, სმენას მდორეთ მიმდინარე რიონის ბუტბუტი ატკბობდა. რვა წელი შემისრულდა, როდესაც მოსამზადებლად მიმაბარეს.

ეს იყო ჩემი პირველი დაშორება დედ-მამასთან, პირველი დიდი მწუხარება.

შემდეგ ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში შესვლა, გაკვეთილებზე სიარული.

ვსწავლობდი კარგად. მიყვარდა მასწავლებლების წვალება; ამიტომ, ისინი, მაინც და მაინც, არ მწყალობდნენ სიყვარულით, გარდა რუსული ენის და ისტორიის მასწავლებლებისა, რომელთა გაკვეთილებს მე ყოველთვის სულგანაბული ვუსმენდი.

1905 წლის რევოლიუცია, რომელიც რუსეთ-იაპონიის ომს და რუსეთის დამარცხებას მოჰყვა, კარგად მახსოვს. მაგონდება განუწყვეტელი ზარების ცემა და ქუჩებში აგებული ბარიკადები. მახსოვს ქუთაისის ბაღში რუს ოფიცერის — ხადეცკის მოკვლა. ხადეცკის მკვლელი – რუბენ გეორგაძე — შემდეგ ჩვენს სახლში, საჩინოში, ინახავდა თავს თითქმის ორი წლის განმავლობაში. მაგონდება, თუ როგორი გულის ფანცქალით, მე და რამოდენიმე ამხანაგი – გიმნაზიელი, გავიპარეთ ფარულ კრებაზე, რომელიც გოჭოურას სასაფლაოსთან იყო გამართული. ჩვენს სახლში ერთი თუ ორი თვის განმავლობაში, კონსპირაციული ბინა იყო, სადაც თავს იყრიდნენ რევოლიუციის მეთაურები ალიხანოვის ქუთაისში შემოსვლამდე. რაც შეეხება რუსეთ-იაპონიის ომს — ჩემს მეხსიერებაში საოცარი სიცხადით ჩარჩა ამ ომის მთავარი მომენტები: პორტ-არტურის აღება, ცუსიმის კატასტროფა, მუკდენის ლიასიანის და ვაფანგოუს ბრძოლები, დამარცხებული რუსი გენერლების კუროპატკინის, ლინევიჩის, სტესელის, რენენკამპფის და გრიპენბერგის, ადმირალების – როჟდესტვენსკის, ნებოგატოვის, ენკვისტის სახელები და გამარჯვებულ იაპონელ გენერლების სახელები: ოიამა, კუროკი, ოკუ, ნოდბუ, ნოგი, რომელმაც პორტ-არტური აიღო და 11 შვილი დაჰკარგა ბრძოლებში, ხოლო შემდეგ, იმპერატორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ხარაკირით დაამთავრა თავის სიცოცხლე, ადმირალი ტოგოცუსიმოს გმირი — ადმირალი კამიმურა…

რევოლიუციონურად განწყობილი მოწაფეობა და ხალხი იმეორებდა ამ სახელებს რაღაც ფარული სიამოვნებით, თითქოს შურისძიების გრძნობით გამსჭვალული. როდესაც ალიხანოვის პლასტუნები მოუახლოვდნენ ქალაქს — ჩვენ საჩინოში გავიხიზნეთ. ღამით სოფლიდან მოსჩანდა ხანძრებით აელვარებული ქუთაისი. სოფლის ხალხი შიშით გასცქეროდა ამ სანახაობას და მთელი ღამე ფეხზე იდგა.

დაახლოვებით 10-11 წლისა ვიქნებოდი, როცა დავიწყე ჩუმად ლექსების წერა; რომელ ქართველ ახალგაზრდას არ უწერია ლექსები! უბედურება მხოლოდ ის არის, რომ ზოგიერთი შემდეგაც განაგრძობს ლექსების წერას და მხოლოდ სიკვდილის დროს გრძნობს, როგორც მოლიერის გმირი, რომ მთელი სიცოცხლე იგი ლაპარაკობდა არა ლექსებით, როგორც დარწმუნებული იყო, არამედ ჩვეულებრივი პროზით… მე მახსოვს ჩემი პირველი ლექსი, ან და როგორ შეიძლება არ გახსოვდეს იგი, როგორც პირველი სიყვარული, გადაივიწყო იგი — საბედისწერო პირველი ცეცხლი — ამოდენ ტანჯვის, სიხარულისა და ცრემლების დასაწყისი! აი, ეს ლექსიც:

„აღარ იქნება თოვა,

მალე აღდგომა მოვა.

იები აყვავდებიან,

მერცხლები მოფრინდებიან,

ჟუჟუნა წვიმა წამოვა

მინდვრად ბალახი ამოვა,

ხეზე გაჩნდება ბალი,

წითელი, როგორც ლალი.

ბალის საკრეფად წავალ,

ხის კენწეროზე გავალ“.

მამა ინდიფერენტულად უცქერდა ლექსების წერას, როგორც ჩვეულებრივ სენს, არ მიაჩნდა ეს სიამაყის საგნად და, რაც მთავარია, არ მაიძულებდა, როგორც ჩვეულებრივ მამები ჩადიან, გამოვსულიყავ სტუმრების წინაშე ჩემი ლექსებით.

დაახლოვებით 1907-1908 წ. მამაჩემი გადაყვანილ იქნა შორაპნის მაზრაში მაზრის ექიმად და მე დედასთან ქუთაისში დავრჩი.

პირველი კლასის მოწაფე ვიყავ, როდესაც ჩვენი გიმნაზიის რუსული ენის მასწავლებელს, პოეზიის მოტრფიალეს, პუსტავოიტოვს, წარუდგინე კარგ ქაღალდზე გადაწერილი ჩემი რუსული ლექსი. მეორე დღეს, დიდი შესვენების დროს, მან გამომიხმო, მეგობრულად და სიყვარულით მესაუბრა, მომცა შენიშვნები, მიმითითა ლექსის კომპოზიციურ სისუსტეზე და, რაც მნიშვნელოვანია, გულახდილად მითხრა: „У вас, голубчик, что-то есть… Да, да… есть дар. Но, мой совет, пишите стихи по-грузинский, только по-грузинский! писание по-русски, даже хороших стихов, верьте, ничего Вам не даст…“ დამიბრუნა ხელნაწერი, რომელზედაც ქვემოდ წაეწერა: „Хорошо“. ეს ლექსი ასეთია:

„Цветет земля; цветут и облака,

Когда заря каснется их лучами…

А в небеса росистыми очами

Глядят цветы; и лес издалека

Шлет шелест свой с прохладой родника

На крылях ветерка,

Что веет над лугами.

Риона шум баюкает мечты,

Баграта виден храм в величьи красоты.

Восходит солнце так, так наступает день,

И с гор в ущелия сползает ночи тень“.

ზაფხულს იმ ხანებში ხშირად ვატარებდით ლეჩხუმში. დავდიოდით სანადიროთ. ლაილაშიდან საკურდღლეთ ხშირად უცხერს გავდიოდით, სადაც ჩემი ნათესავები — ჩიქვანები ცხოვრობდნენ. გვივლია ხშირად არჩვებზე სანადიროთ მონადირე ძმებთან – ვიქტორ და გიორგი ჩაჩხიანებთან ერთად. ლაჯანურის ხეობით ავსულვართ ლეხერაში და მე იქ არჩვი მომიკლავს. ნადირობა, ვარჯიშობა და ცურვა ძლიერ მიტაცებდნენ.

მაგრამ ყველაზე უფრო მიტაცებდა კითხვა — განსაკუთრებით პოეზიისა და ისტორიული წიგნებისა. განსაკუთრებული როლი ჩემს სულიერ აღზრდაში ითამაშა მამამ, რომელმაც საუცხოვოთ იცოდა რუსული და ქართული ლიტერატურა და ბავშვობიდანვე მიკითხავდა რუსთაველს და პუშკინს; იგი პირადათ კარგ განწყობილებაში იყო აკაკი წერეთელთან და, თუ არ ვცდები, იცნობდა ილია ჭავჭავაძესაც. აგრეთვე მამის საშუალებით გავეცანი პირველად ბარათაშვილის პოეზიას.

მესამე კლასიდან იწყება ჩემი დაახლოვება იმ ამხანაგებთან, რომელთა სახელები დაკავშირებულია ქართულ სიმბოლიზმის შექმნასთან; როგორც ყოველი ლიტერატურული მიმართულება, ქართული სიმბოლიზმიც, „ცისფერი ყანწების“ წოდებით, ხასიათდებოდა უკიდურესობით, გადამლაშებით, ბუნტარული ხასიათით. ასე იყო ყველგან და ყოველ დროს… და, როგორც ყველგან, ქართულ სიმბოლიზმმაც, ჩემის აზრით, უდიდესი როლი ითამაშა ქართული ლიტერატურის ისტორიაში. „ცისფერი ყანწების“ შემდეგ აღარ შეიძლებოდა იმ პოეტიური ენით მეტყველება, რომელიც გაცვეთილ შტამპათ იყო გადაქცეული…

ეს პერიოდი, საერთოდ, არაჩვეულებრივი დრო იყო ქუთაისის ცხოვრებაში: აკაკი წერეთლის ჭაღარა და გედივით მოღერებული თავი კიდევ ამშვენებდნენ ქუჩებს. ვაჟა-ფშაველა ჩამოხეული თვალით ხშირად მინახავს ქუთაისში, აკაკის გვერდით მორიდებული ნაბიჯით მიმავალი, ჩოხაში გამოწყობილი, ფართე ხანჯლით. მომისმენია აკაკის „მთაწმინდა ჩაფიქრებულა“ და ვაჟას „არწივი ვნახე“… ქუთაისის თეატრის სცენიდან. ლადო მესხიშვილის ფრანც მორი და ურიელი ცოცხლობდნენ სცენაზე. კიტა აბაშიძის სიტყვები იზიდავდნენ ახალგაზრდობის ყურადღებას. ეს იყო დრო უდიდესი კულტურული მუშაობისა, მომზადების, ხელოვნებით, ფილოსოფიით და პოლიტიკით გატაცებისა.

მე-7 კლასიდან დამითხოვეს გიმნაზიიდან — პირველი სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარეს, ცნობილ საზოგადო მოღვაწეს, მურომცევის ხსოვნის ფეხზე ადგომით აღნიშვნისათვის გაკვეთილის დროს. როგორც ერთ-ერთი ორგანიზატორი ამ გამოსვლისა, გამორიცხული ვიყავი ეგრედ წოდებული „ვოლჩი ბილეთით“. ორი წელიწადი დამეკარგა, რადგან არსად არ მიმიღეს – არც ფოთში, არც კავკავში, არც პიატიგორსკში.

1913 წელს, წვიმიანი ღამით, სოფელ საქარაში, მშობლების სურვილის წინააღმდეგ, დავიწერე ჯვარი თამარ საყვარელიძეზე. მშობლებთან შერიგების შემდეგ, რაც 3-4 თვის შემდეგ მოხდა, მე შეუდექი მზადებას და ექვსი თვის შემდეგ ჩავაბარე სიმწიფის მოწმობის გამოცდები ექსტერნად ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაშივე, მიუხედავად იმისა, რომ ეს, მით უფრო ჩემთვის, ერთობ დიდ სიძნელეს წარმოადგენდა.

1914 წელს მე გავემგზავრე მოსკოვს იურიდიულ ფაკულტეტზე, რომელიც არ დამიმთავრებია მამა ჩემის ავადმყოფობისა და გარდაცვალების გამო. ეს იყო ყველაზე დიდი უბედურება, რომელიც მე დამატყდა თავს…

შემდეგ დაიწყო რევოლიუცია. სახელმწიფო გამოცდები ჩაუბარებელი დარჩა, თუმცა ამ გარემოებას არავითარი როლი არ უთამაშია ჩემს ცხოვრებაში.

„ცისფერი ყანწების“ მე-2 ნომრის გამოსვლის შემდეგ ჩვენი ჯგუფის ნაწილი გადავიდა თბილისში, ხოლო მე, ვალერიან გაფრინდაშვილი, სანდრო ცირეკიძე, სერგო კლდიაშვილი და ჩვენი თანამოლაშქრეები დარჩნენ ქუთაისში. ამ ხანებში, ვიდრე ჩვენც თბილისში გადავიდოდით, გამოცემულ იქნა „მეოცნებე ნიამორები“-ს რამოდენიმე ნომერი, „შვილდოსანი“, ვ. გაფრინდაშვილის ლექსების კრებული „დაისები“, „ახალი ქართული პოეზიის ანტოლოგია“, „სტ. მალარმე“, ს. ცირეკიძის „მთვარეულები“ და ჩემი ლექსების პირველი წიგნი „ბალდახინი“.

საბჭოთა ხელისუფლების საქართველოში დამყარებამ ქუთაისში მომისწრო.

1921-22 წ.წ. ბათომში ვიმყოფებოდი, სადაც ჩვენ გაღებული გვქონდა პოეტების კაფე: „არმაზი“.

1923 წელს გადაველ თბილისს, სადაც განვაგრძობდი ლიტერატურულ მუშაობას. 12 წელი ვიმსახურე გაზეთ „ახალგაზრდა კომუნისტი“-ს რედაქციაში მთარგმნელად.

1939 წ. გამოიცა ჩემი ლექსების კრებული.

1946 წ. გამომცემლობა „საბჭოთა მწერალმა“ გამოსცა ჩემი ლექსების კრებული „დიდ გზასთან“.

ამჟამად ვითვლები ქ. თბილისის მცხოვრებლად, ვცხოვრობ კლარა ცეტკინის (ყოფ. ელისაბედის) ქუჩაზე, სახლში №17. მყავს ორი ქალიშვილი და ორი შვილისშვილი – ქალ-ვაჟი. მყავს ცოლი, რომელიც 1939 წ. 28 ივლისს შევირთე. ჩემს ცოლზე 27 წლით უფროსი ვარ.

ვამზადებ ლექსების ახალ კრებულს და პოემას. მიზნად მაქვს, ავწერო რამოდენიმე კრიტიკული წერილი თანამედროვე პოეტებზე, განსაკუთრებით იმ პოეტებზე, რომელთაც ვულგარული ტონი შეაქვთ ქართულ პოეზიაში და აგრძელებენ ჩვენში არა მაღალი პოეზიის გენერალურ ხაზს, არამედ აშუღური პოეზიის მოტივს, საიათ-ნავას მიერ წამოწყებულს – იმ მსუბუქი, დაბალი ჟანრის პოეზიას, რომელიც, სამწუხაროდ, სამსახურს უწევს ამჟამად ესთეტიურად განუვითარებელ და უვიც დაბალი გემოვნების დონეზე მდგომ ქართული საზოგადოების ნაწილს.

ეს ბრძოლა, ვახტანგ ორბელიანის მიერ პრინციპიალურად დაწყებული, ერთ დროს წარმატებით ვითარდებოდა, შემდეგ შეწყდა სრულებით… ამჟამად ეს ბრძოლა ისევ-ისე განახლებული უნდა იქნეს მთელი სიმწვავით და შეურიგებლობით.

კოლაუ ნადირაძე

16.VII. 1947 .

თბილისი