ავზნიანი ქალაქი – Blue Horns

ავტორი : კოლაუ ნადირაძე

თარიღი : 1916

ადგილი :

საცავი :

გამოცემა :

პოეზია, შემოქმედება

ავზნიანი ქალაქი

მე ხშირათ მიყვარს ეს ქალაქი მრუში და მყრალი;

ატალახებულ ქუჩებს მივჰყვები, ვუცქერ უკბილოთ დაღრეჯილ სახლებს.

ხარბათ დავეძებ მახინჯ სახეებს,

მკლავებში მახრჩობს მე ვიწრო კვალი ავზნიანი და ცოდვებით მთვრალი.

 

ავათმყოფ სახლებს, ათაშანგით პირდაჭმულ ქუჩებს,

აკმევებს სურნელს სამიკიტნო ღვინით და ხაშით,

გიჟდება ღამე არღნის რწყევით, ზურნით და ტაშით,

და ცა ლოტბარი შავათ მორთული, ქურდებს და მკვლელებს გამოსვლას ურჩევს.

 

ბნელ სახლებიდან გამორბიან წითლათ ქალები,

როგორც რომ ჯარი დამარცხებული, მათხოვართ ხროვა ბრუნდება სახლში.

ჯამბაზობს ვნება ავათმყოფ ხალხში,

აქცევენ ბალღამს  ქვაფენილებზე ქუჩის მნათობთა თეთრი თვალები.

 

და მეც ქალაქში დავსეირნობ გიჟთა მხედარი.

ჩემს წინ ქვეშევრდომთ გაუმართავს შავი პარადი.

ჩემი ტკივილი შეიქნება აწი მარადი

და იარები ყველასათვის შესახედარი.