პოლიტიკაში საჭიროა იცოდე: რა გინდა, რა გსურს, რა გაბრძოლებს, უამისოდ ყოველგვარი პოლიტიკა მკვდარია და განწირული. ტაკტიკა, გზა, საშვალება იცვლება ყოველ მოხვეულში. მაგრამ უმთავრესი მიზანი და მისწრაფების ხერხემალი ყოველთვის განათებული და ცხადყოფილი უნდა იყოს.
სხვა დაფასებით პოლიტიკას ვერ მოუდგებით.
და თუ ამ საზომით განვიხილავთ ქართულ პოლიტიკას რუსეთის დროიდან დღემდე, – დავინახავთ, რომ ჩვენში მეთვრამეტე საუკუნეს შემდეგ არავითარი პოლიტიკა არ ყოფილა.
ვინ აკეთებდა მაინც ჩვენში პოლიტიკურ ცხოვრებას?
რუსეთის სოციალ დემ. მუშათა პარტიას არავითარი იდეური და ისტორიული კავშირი არ ქონია არამც თუ ჩვენი ერის წარსულთან, მის დღევანდელ გეოგრაფიასთანაც კი. ეს „ისტორია და გეოგრაფია“ ამ პარტიისთვის გაუგებარი და შეუთვისებელი დარჩა სახელის გამოცვლის შემდეგაც.
პარტიას, რომელიც დასტოვა არჩილ ჯორჯაძემ, შეეძლო ქონოდა პრეტენზიები ეროვნულ პოლიტიკის გაკეთების, მაგრამ ვერავითარი გარკვეული, რადიკალური ლოზუნგი მან ვერ წამოაყენა, მასისათვის ის გაუგებარი დარჩა და ძლიერ ადვილად დაკარგა მან ყოფნის რეზონი.
ეროვნულ-დემოკრატიული პარტია იყო პერსონათა შემთხვევითი შეჯგუფება, გაურკვეველი სოციალური ბაზისით და შემთხვევითივე ამოცანებით. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, შეიძლება, ამ პარტიას ყველაზე მეტი აზრი ქონოდა საქართველოში არსებობის, მაგრამ სწორედ გასაბჭოების თვეებში განაცხადა ამ პარტიამ, რომ მისი იდეალები განხორციელებულია და მიღწეული. როგორი იყო ეს იდეალები, ეს თვით ამ პარტიის ლიკვიდაციის მომხდენმა ცენტრ-კომიტეტმაც ვერ დაასაბუთა გარკვეულად თავის დეკლარაციაში.
ქართული ნაროდნიკობა იყო რუსული არხაიზმი და როგორც საზოგადოებრივი და პოლიტიკური მოძრაობა ის ჩვენში არასოდეს გამართლებული არ ყოფილა.
ასეთი იყო ის ჯგუფები, რომელთაც უნდოდათ ერის სადღაც წაყვანა. ცხოვრებამ დაგვანახა, რომ ეს პოლიტიკური მიმართულებანი ფაკტიურად და ობიეკტურად მოკლებული იყვნენ იმას, რაც საჭიროა პოლიტიკისათვის – საფუძველს და მიზანს. განსაკუთრებით აშკარა გახდა ეს თვითმპყრობელობის დამხობის შემდეგ.
საინტერესოა რომ ეს მიზანი ქართულ პარტიებმა ვერ მონახეს ვერც ერთმანეთთან ბრძოლის დროს და ვერც საერთო ( პარიტეტული) შეთანხმების ხანაში.
ვისაც წაუკითხავს ცნობილი დოკუმენტი ამ პოლიტიკურ პარტიების წარმომადგენლებთან მიერ ხელმოწერილი აჯანყების დროს, საბოლოოდ უნდა დარწმუნდეს, რომ ამ ხალხმა ვერ მოახერხა პოლიტიკურად გამართლებული სიკვდილი. რა იყო მათი უკანასკნელი მრწამსი – გაურკვეველია დღესაც.
ამ ისტორიული აკტის დაწერის შემდეგ გადაჭრით უნდა ითქვას, რომ არც ერთ ზემონახსენებ პოლიტიკურ ჯგუფს, აღარ აქვს უფლება ხელახლად პარტიულად ამუშავებისა და ყოველგვარი ცდა, მიმართული ამ ჯგუფების ხელახალი აღდგინებისაკენ – ძირშივე უნდა იქნეს ჩაკლული ჩვენი ხალხის მიერ. ეს უნდა ახსოვდეს ყველას – გაღმაც და გამოღმაც. საქართველო ვერ მოითმენს, რომ ხელახლა ამოტივტივდეს ძველი „პოლიტიკის“ ხალხი.
მიუხედავათ ამისა, უცხოეთში და ხშირად საქართველოშიც გაისმის სხვა სიტყვები და ძველი ფორმაციის ზოგიერთი პოლიტიკური პარტია კიდევ იმედოვნებს, ვაჭრობს და ლაპარაკობს ლეგალურ, პარტიულ მუშაობის შესახებ. ისტორიულად და ლოღიკურად ამას არავითარი გამართლება არა აქვს და თუ ასეთი ლაპარაკი მაინც გაისმის – ჩვენი აზრით, ეს არ უნდა აიხსნებოდეს დღევანდელი ხელისუფლების სისუსტით.
ჩვენ არ ვართ კომუნისტური ან სხვა რომელიმე პარტიის ორგანო, მაგრამ სწორედ ამიტომ ვაყენებთ ამ საკითხს ასე კატეგორიულად და რადიკალურად: ერთი ისტორიული ეპოქა გათავდა, ამოიცალა და ხალხი, რომელიც ქმნიდა ამ ეპოქას, სულიერად გაქაჩლდა. ამას უნდა შეურიგდეს ყველა და ეს უნდა შეიგნოს აქტიურმა საქართველომაც.
ეს ცხადყო ციხეში დაწერილმა „პარიტეტულმა“ დოკუმენტმა და ნურავინ გაიკვირვებს, თუ ჩვენ დღეს მოვითხოვთ მისი შედეგების პარიტეტულადვე განაწილებას. გამონაკლისი აქ შეუძლებელია და მიუღებელი.
დღეს საკითხი ძველი პოლიტიკური პარტიების საქართველოში არსებობისა სრულიად გამორკვეულია და სავსებით მოხსნილი. განახლების პრეტენზიებზე აზრი ზედმეტია, რადგან წარსული გაკვეთილების ლოდი ასე ადვილად არ გადაბრუნდება.
ფიქრი არასოციალისტური, და წვრილსოციალისტური საქართველოს პარტიულად გაშლაზე აღარ შეიძლება. ეს საქართველო გამდგარია ასეთ შეჯგუფებათა გარეშე. ეს ის საქართველოა, რომლის შესახებაც ჩვენი გაზეთი (№1) სწერდა: „მთელის პოლიტიკურის შეგნებით ვღებულობთ საბჭოთა ფედერაციაში მყოფ საქართველოს რესპუბლიკას, როგორც უდავო ფორმას ქართველი ხალხის ეროვნულ მისწრაფებათა განხორციელებისათვის“ და „ვიქნებით დაკმაყოფილებული, თუ შევსძლებთ საბჭოთა სისტემის დაცვას – არსებულის შენახვას და მძიმე შრომის განაწილებას საბჭოთა ხელისუფლებასთან ერთად“.
გვაქვს საბუთი, ვიფიქროთ, რომ ამ საქართველოს აზრი და მისწრაფება ჩვენ სისწორით და სინამდვილით გადმოვეცით. უდავოა, რომ დღეს ამ გზას ადგია ჩვენი ხალხის დიდი უმრავლესობა და ძველი პოლიტიკური ჯგუფების იდეოლოგიურ და მორალურ სიკვდილის შემდეგ – ეს ფორმულა მისაღები უნდა იყოს ყველა პატიოსანი ქართველისათვის.
საერთო მასშტაბში ეს ასეც ხდება, მაგრამ მოულოდნელად ამ სიწყნარეში ხანდახან შედის რაღაც დისონანსი და ჩვენ ვხედავთ, რომ მენშევიზმი აპირებს აღდგენას და როგორც პარტია ბედავს ლაპარაკს რაღაც განსაკუთრებულ პრივილეგიებზე საქართველოში.
დღემდის ეს პარტია იბრძოდა თითქოს ერის გულისათვის. თუ საქართველოსა და მის ბედ-იღბალზეა ლაპარაკი, ბრძოლა წმინდა პარტიულ პრივილეგიებისთვის ერის ხარჯზე – სირცხვილია და ხალხის ღალატი. ეს უბრალო დასკვნაა, მაგრამ მანშევიკები საკითხს სწორედ ასე პარტიულად აყენებენ.
ჩვენ იძულებული ვართ განვაცხადოთ, რომ ქართველი ხალხი არაა მენშევიკების ხვედრი და მენშევიკებისათვის გაჩენილი. ჩვენ გვეყო წარსულიც და მენშევიზმის განახლება, რა სახითაც არ უნდა იქნეს ის – მიუღებლად მიგვაჩნია. საყურადღებოდ მენშევიკურ ლიდერებისა აშკარათ ვიტყვით, რომ ჩვენი სურვილია – საქართველო უმენშევიზმოთ.
ამაში დაგვეთანხმება ქართველი ერის 95 კი არა, ყველა 100 პროცენტი. და გასაკვირალი არაა, რომ ისეთი ძველი მენშევიკი, როგორიც არის ძამანაშვილი, ამას ადასტურებს „კომუნისტის“ ერთ-ერთ ნომერში.
მაგრამ ამაში გასაკვირალია ის, როცა ძამანაშვილი აცხადებს, რომ მას და „მუშათა კომისიას“ შეუძლიათ „გადმოიყვანონ საბჭოთა მხარეზე ქართველი ხალხის 95 პროცენტი“… ამის გაგება შეიძლება ორნაირათ – ან ისე, რომ დღეს საბჭოთა წესწყობილების მომხრე არის მხოლოდ ქართველი ხალხის 5 პროცენტი, ან და ისე, რომ ამ ხალხის 95 პროცენტი ისევ მენშევიკებს მიყვება. მაგალითებზე წასვლა შორს არაა საჭირო ამ ფანტაზიის გასარკვევათ.
ქართველი ხალხი თანდათან მიდის და მივა საბჭოთა ხელისუფლებასთან ასი-ასზე, მაგრამ ეს იქნება უმთავრესად ანტიმენშევიკური, ე. ი. წმინდა ქართული პროცენტები და აქ არც ერთი კომისია არაფერ შუაშია.
ჩვენთვის და ქართველი ხალხისთვისაც საკითხი დგას მარტივად და უბრალოდ. თუ მენშევიკებს ენანებათ თავისი მარქსისტული წარსული – საქმის გამოსწორება შეიძლება მხოლოდ მუშათა ჭეშმარიტ მოძრაობასთან დაკავშირებით, ესე იგი სტაჟის გავლა და სინდისიერათ მისვლა იმ პარტიასთან, რომელსაც აქვს გარკვეული მიზანიც, იდეალებიც, ბრძოლის უნარი და საშუალებაც და რომელსაც მსოფლიო პროლეტერიატის რიგებში მოეპოება უდიდესი რეზონი და რეზონანსი.
თუ ძველი მენშევიკებისათვის შესაძლებელი იყო საქართველოში ერთი გაერთიანებული „სოციალისტური“ პარტიის არსებობა (რამიშვილის იდეა – სოციალისტური და არასოციალისტური) – რისთვის უნდა იყოს დღეს სადაო ერთი კომუნისტური, მარქსიზმზე დამყარებული პარტია?
ესაა საუკეთესო ბედი, რომელზედაც შეუძლია იოცნებოს ყოველმა მენშევიკმა, თუ მართალია მათი მარქსიზმთან სიახლოვე.
რაიცა შეეხება დანარჩენ საქართველოს, როგორც მასას და როგორც ერს – „საქართველო უმენშევიზმოთ“ – დარჩება ბოლომდის მის ლოზინგათ.
ეს კი ნიშნავს, რომ საქართველო მშვიდობიანად განვითარდება საბჭოთა ფედერაციაში და ჩვენი მშრომელი ხალხი ასი პროცენტით იქნება დაზღვეული ყოველგვარ ხიფათისაგან.
ეს მეტად ქართული თემაა და მას სჭირია დაბრუნება.
ნიკოლო მიწიშვილი