რომ გავიხედავ, თავის ქალებით
მოფენილია ჩემი გზის არე
და სასფლაოს თეთრ ფიქალებით
სულ მელანდება თეთრი სამარე.
გულზე მახმება სიცოცხლის ჟანგი.
მაშინებს მიწა პირ-გადამსქდარი;
ცოდვამ დაკუპრა თეთრი პერანგი,
ზეცამ მომისპო სიცოცხლის დარი.
და სულ ჩამტირის ვიღაცა ნელა:
– შენ ვერ იხილავ მთების მწვერვალებს,
– გაწამებს გულის ამომკორტნელი
– და დაგიხეთქავს ნისკარტით თვალებს.
ჩუმად შევყურებ ღამეში ჩრდილებს,
სიკვდილის ჩრდილებს რომ მექადიან,
რომ თამაშობენ შიშის კადრილებს,
რომ დამკენტავენ და კარს გადიან.
და ასე ღამით, და ასე მუდამ
ვით სახრჩობელა შიში მრავალი,
თითქოს მიშვილა ქვეყნად იუდამ,
რომ ვიყო მისი შთამომავალი.
ამ გვარად ვკვდები უსიხარულოდ
ხელში ასკილის შავი ვარდებით,
და მისტუმრებენ ქვებით, ასულო,
სადაც ყველანი გადავარდებით.
მაგრამ წასვლისას საშინელ ღამით
მე ავამღერებ შურის ხოროებს,
და მოწამლული ტვინის ბალღამით
თქვენს გულში გავთხრი გველის სოროებს.
ნიკოლო მიწიშვილი