ამხ. შალვა!
პასუხი დამიგვიანდა, მაგრამ ჩემი ბრალი არაა: ბევრი დავიდარაბა მაქ ამ გოსიზდატში. გწერ „ლოზუნგოვო~.
- „ეპოპეას“ უნდა დაერქვას „Тень и дым“.
- რედაქციას ალბათ გაუკეთებს გოსიზდატი. რედაქცია ალბათ საჭირო იქნება.
- შენ რომ თარგმნას გაათავებ და გადაბეჭდავ ორი ცალი დააბეჭდვინე – ერთი ჩემთვის და ერთიც გოსიზდატითვის. გადაბეჭდვის ხარჯი – ჩემია, რაც მოუწევს.
- რას ფიქრობ რედაქტორის შესახებ. ვინ იკისრებს და ვინ აჯობებს. „ისტინო-რუსკი“ რედაქტორი არ მინდა, რადგან წიგნს გამირუსებს.
- თებერვალიც უნდა დაერთოს „ეპოპეას“. ყოველ შემთხვევაში, შეთანხმება ასეთი იყო. რავიჩმა იცის. ასე რომ, ვინც „ეპოპეას“ გაასწორებს, იგივე გააკეთებს თებერვლის რედაქციას.
- ორბელიანის ლექსის თარგმნა „დასავლეთის ქრისტეს ერებაზე“ თუ გაძნელდეს – არ იქნება საჭირო. ყოველ შემთხვევაში – შენ იცი, როგორც აჯობოს.
- წინასიტყვაობის თარგმნა არაა საჭირო. მაგ წინასიტყვაობა უფრო ადგილობრივი ხასიათისაა და რუსეთში არ მინდა. შეიძლება რამე კერძოდ დაუწერო რუსულს.
- გთხოვ: დააჩქარო თარგმნა. და მაცნობო, როდის უნდა იფიქროს კაცმა თარგმანის მოთავება. ეს მე მაინტერესებს ფრიად. გარდა ყველაფრისა ვარდისაც უნდა გაუგზავნო წინასიტყვაობისათვის და ესეც დროს მოითხოვს. შემატყობინე.
- მეორე ნაწილს მაგ წიგნისას მოვათავებ ამ ზაფხულში და ალბათ იმავე გზით წამოვა შენთან.
ველი პასუხს და გისურვებ მრავალსა და მრავალ სიკეთეს.
მეგობრული სალმით ნ. მიწიშვილი