მეტად უნუგეშო პეიზაჟი – Blue Horns

ავტორი : ნიკოლო მიწიშვილი

თარიღი : 1923

ადგილი :

საცავი :

გამოცემა : პოეზიის დღე

პოეზია, შემოქმედება

მეტად უნუგეშო პეიზაჟი

გადახმა ტყემლები ჩვენს სოფელში.

ჩვენს საყდარს დაჰკივის ყვავები.

ეზოში ლერწების სვავები.

მოხრილი გლეხი ნაჯახით ხელში.

ჩვენში სოკოები დაესია ხეებს.

და გოგირდით სწამლობენ ბაღებს.

ნესტი ანადგურებს საყდრის კუთხეებს.

და ღვდელი დაეძებს საყდრის გასაღებს.

ჩაქრა ქარბუქი,

აღარ ისმის ხმა სამჭედურში.

და ჩარხი დანის გასალესად აღარ ტრიალებს.

მჭედელს კბილი სტკივა. ღობესთან მზის ყურში

სოფლის დალაქი ხბოსავით აღიარებს.

ჩვენც შემოგვეჩვია კვიმატი ფარული

და გაზაფხულზე დაგვიშრა წყარო.

მეზობელს მოუკვდა შვილი გაპარული

და ისმის დედის

„ჩემო შვილო, დაუვიწყარო“.

საყდრის გალავანში წაიქცა ცაცხვები.

აღარც მოსავალია, აღარც სიხარული.

მჭადიც არავის აქვს გამოსაცხობი.

ყველა გაღარიბდა. არული.

დაყრუებულია პატარა ეზოები.

ყანებში დაიბნენ ქარისგან ზვინები.

შუკაში მიჩოჩავს მოხრილი თეძოები.

და სოფლის ჯვართან ურემი სდგას დანასვენები.

სამრეკლოც დაიქცა და ზარები აღარ ზარობენ.

აღარც მთავრობაა ჩვენით კმაყოფილი.

ჩვენში შემოხედვა ყველას ეზარება.

ღმერთი აღარ გვშველის.

გადაშენდა ჩვენი სოფელი.

 

ნიკოლო მიწიშვილი