ლევან.
„Единственно некиим немощным состоянием тела твоего обяснить могу, любезный друг мой, горькие и печальные слова твоего послания. Ибо оное послание твое полно не только слов неблогостных, но мыслей, аки еретических, аще бо неправых. Ибо, воистину глаголешь ты суетные мысли и суждения изрекаешь тщетныя. Слова сии суть мною незаслужены вовсе… Вотще, дгуг мой, вотще… Что знаменует сие. И отколе на тебя сие снизошло. Что нарушило благорасположение духа твоего. Или дьявол повредил душшу твою, иль навождение бесово ядом сомнения сокрушило познание твое…
Нет, говорю я, нет. Воистину, воистину, – боль плоти одолела тебя. И уста твои слово осуждения изрекли по причине сей. Аще порицати тяиже еси в недуге, яко Лазарь, яко Иов, чающий воскресенье.
Донде же на господа сил уповаю – да ниспошлет тебе благодать свою, да не приумножит грехи твои, да изничножит он не немощь твою…
Сие же безмерно возрадует нас и возвеселит души наши и елеем радости преисполнит сердца возлюбленных твоих, и друзей твоих. Сие возрадует такодже мя, бо другом твоим пребываю отныне и вовеки. Аминь…“
გავაგრძელებდი ამავე სულისკვეთებით, მაგრამ, სამწუხაროდ, წმინდა მამები სათანადოდ აღარ მახსოვს და რაფო ივანიცკის კონკურენტობაც არ ძალმიძს, მითუმეტეს, თუ ის კათოლიკობაში იწაფება, ამიტომ განვაგრძობ არაქრისტიანული ენით.
შენმა წერილმა ძალიან დამამწუხრა. შენი ავადმყოფობა სერიოზულად მაფიქრებს და მაშფოთებს. ჩემი პლატონური წუხილი შენთვის არავიტარი ხეირია, მაგრამ ფაქტობრივად შესაძლებლობაც კი არ გამაჩნია, მოგინახულო. დარწმუნებული ვიყავი, რომ სავსებით ჯანმრთელად ხარ და კარგა ხანია საქართველოში იმყოფები. შენი ავადმყოფობის ამბავი ძალიან მოულოდნელი და უსიამოვნო იყო. ვიდრე გამოჯანმრთელდებოდე, თავი შეიკავე გამგზავრებისგან, მითუმეტეს, საქართველოში. არ ვიცი, რა მატერიალურ შესაძლებლობებთანაა დაკავშირებული შენი გერმანიაში ჩასვლა, მაგრამ, ვფიქრობ, ყველა შესაძლებლობა ბოლომდე უნდა გამოიყენო. როგორც ერთმა თქვა, „მხოლოდ მკვდრები არ ბრუნდებიან“, თორემ ჯანმრთელი ყოველთვის შეძლებს დაბრუნებას და ამოქმედებას… ხოლო მეორეჯერ მკურნალობის გავლა რთული იქნება შენთვის, ის კი არა, შეუძლებელიც.
მეორე – შენი ბუზღუნია.
და საერთოდ, ჩვენი წერილები რაღაც შეჯიბრებას და ერთმანეთისა და საკუთარი თავის განკითხვას ემგვანება. და იმდენად, რამდენადაც ეს შეჯიბრება და განკითხვა ხდება საქართველოს ცხოვრებაში ისტორიული გარდატეხის პერსპექტივასა და ჩარჩოებში, ასევე ფიქრში – „ჩემი“ და „შენი“ სიმართლისა, _ ეს წერილები მაინც არაა მოკლებული ერთგვარ ინტერესს.
შენს წერილში ჩემთვის მნიშვნელოვანი და საინტერესო ისაა, რაც არ მომწერე, ან არ გინდოდა მოგეწერა, მაგრამ რაც წერია – მიანიშნებს და თავისთავად მეტყველებს იმაზე, რაც არ არის, მაგრამ კანონით უნდა იყოს.
გადავიკითხე შენთან მოწერილი ჩემი წერილი (ასლებს ვინახავ. ეს მეტისმეტი პედანტიზმია, მაგრამ ამას უკვე მივეჩვიე). მასში ვერ ვიპოვე ვერც „სიძულვილი“, ვერც „ფორმალობა“ და მითუმეტეს – „ფეხებზე დაკიდება“. მე მხოლოდ და მხოლოდ მივუთითებდი ფაქტებზე, რომლებიც ჩემგანაც და შენგანაც შორს ხდება. და შენ უცბად ფაფარი აიშალე, აბუზღუნდი, შეიგინე და წახვედი. დაე, სძულდეს, ამ ვიგინდარას გამოსწორება არ შეიძლება, ასე რომ, აზრი არა აქვს მის რამეში დარწმუნებასო, და „გადახვედი საქმეზე…“ შენ ამბობ: „თავლაფს მასხამ მეც და საკუთარ თავსაც, კი ბატონო“. და უფლებას აძლევ, ეს იყვირო კიდეც. მაგრამ გაიგე, მე ყვირილი არ შემიძლია, ხოლო საკუთარი თავისა და სხვების ლანძღვა ჩემთვის ძალიან მტკივნეული და საძაგლობაა და ეს არც მინდა. ეს არ არის ლიტერატურა, ეს ფაქტია და თვითონაც კარგად იცი, რომ ასე მარტო მე არ ვფიქრობ, ასე ფიქრობს ყველა, ვისაც კი ფიქრი შეუძლია. და თუ „ყველა“ ბათუმის რევოლუციურ კომისარიატთან (რევკომი) იდგა და „ვარსკვლავიან ფურცელს“ ელოდა, და თუ ამ ქაღალდის მიღებისთანავე თქვეს – „შეიძლება“, ეს აიხსნება მხოლოდ იმით, რომ ბრბო მხოლოდ და მხოლოდ ბრბოა.
აი, მე და „ცისფერყანწელები“ – ბრბო არ ვართ, და კიდევ მრავალი სხვა არ არის ბრბო.
აი, ეს ფიქრებია, რომლებიც მაშფოთებს და მაღელვებს, რომლებმაც მაიძულა ამ ფორმით ჩამომეყალიბებინა შენი დაშიფრული წერილი. ვიმეორებ, აქ მარტო ჩემში არ არის საქმე, ის კიდევ უფრო დიდს ეხება, სადაც, სურვილის წინააღმდეგ, ვიძირები და ვიძირები არა მარტო მე – კიდევ ბევრი, და ამ გამეორებას შენ თავს არიდებ და პასუხს ვერც მე ვპოულობ.
არ მინდა, ეს ყველაფერი ალშიბაიასა და დათეშიძეების, ან მენშევიზმის სიბრტყეში განიხილო. მშვენივრად ვიცი, რომ ზოგს საკუთარი ტყავი აინტერესებს, ზოგს – „დაკარგული სამოთხე“. მაგრამ მე კიდევ შორს მივდივარ. მე ვამტკიცებ (წიგნში), რომ საქართველოსთვის მენშევიზმი უდიდესი ბოროტებაა, რომელიც არა-მარტო მორალურად, ფიზიკურადაც უნდა განადგურდეს. ამ პარტიის როლი 30 წლის განმავლობაში მიმართული იყო საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლისკენ, ქართული აზროვნების, იდეის, ინტელიგენციის ჩაკვლისაკენ. მათ მენშევიკური კრეტინიზმით დააავადეს საქართველოს თაობის დიდი ნაწილი და, სანამ ეს დაავადებული თაობა ფიზიკურად არ გაქრება, მანამდე საქართველო არ იქნება აღქმული, როგორც იდეა. ფიზიკურადო, ვამბობ, რადგან მენშევიზმი მკურნალობას არ ექვემდებარება. მენშევიზმი არსებითად შულერობაა, ქართველი ხალხის აბუჩად აგდება, დაცინვა და მას არა თუ არ შეუძლია, უფლებაც არ აქვს ილაპარაკოს საქართველოს სახელით ან საქართველოსთვის… ამის შესახებ საუბრის გაგრძელებას აღარ ვაპირებ. ეს ჩემი სუსტი წერტილია და ამ სატკივარმა მიმიყვანა ამ პარადოქსულ თეორიასთან, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს პარადოქსი კი არა, მთელი ისტორიაა: მენშევიზმი, როგორც ქართული ცხოვრების ფაქტორი, უნდა განადგურდეს ამ იდეის მტვირთველებთან ერთად. საქართველოსთვის ეს აუცილებელია.
როგორც ხედავ, ჩვენ სხვადასხვა მხრიდან (ტფილისი-მოსკოვი) ერთსა და იმავე აზრამდე მივდივართ. მაგრამ, მგონი, მე უფრო რადიკალური ვარ, ვიდრე თქვენ.
მაგრამ რა იქნება მას შემდეგ, რაც საქართველოდან გაიტანენ ამ ნაგავს, რომლითაც ჩვენ ამოვავსებთ უფსკრულს ჩვენ შორის. თქვენ დადგებით პირისპირ ნამდვილ, გაშიშვლებულ საქართველოსთან. შეძლებთ კი მისცეთ მას ის, რაც ესაჭიროება? ეს არ იქნება მენშევიკური საქართველო. კაპიტალისა და უმანკოების შესახებ საუბარი უადგილო იქნება – ჩვენ უარს ვიტყვით კაპიტალზე. მაგრამ მგონია, რომ ამ დროს თქვენ იტყვით: „ვიღებთ კაპიტალსაც და უმანკოებასაც, თქვენ კი შეგიძლიათ ილანძღოთ, თუ ეს სიამოვნებას განიჭებთ, და თუ გნებავთ, იყვიროთ კიდეც“… ასე არ არის? და რაც მთავარია, რევოლუცია და მისი ინტერესები აქ არაფერ შუაში იქნება. ეს ითქმება არა რევოლუციის სახელით, რადგან ჩვენ ვამბობთ – „აი ჩვენი კაპიტალი, აიღეთ, ჩვენ თქვენთან ვართ, მაგრამ…“
და აამიტომაც, მეპარება რა ეჭვი „ჩვენს სიმართლეში“ და ამ შხამით ვწამლავ სხვის ეჭვებსაც (ჩემი წიგნი), არ შემიძლია, ვუთხრა მათ, რომ ეს სიმართლე გაქვთ თქვენ… „სიმართლე“ ჩემთვის – საქართველოს პრობლემაა, მისი გზა. ის ორია, არ შემიძლია ვთქვა „დიახ“, მაგრამ ვიცი, რომ იქ, სადაც ჩვენ გავჩერდით (მათ შორის მეც), გაჩერება არ შეიძლება და შეუძლებელიცაა. მესამე გზა კი ჯერ არაა…
აი, დაახლოებით ასე იკრუნჩხება ჩემი აზრი (ეს არის ჩემს პოემაშიც) და თუ იმას, რომ საქართველოდან გეოგრაფიულად მოწყვეტილი ვარ, არ შევყავარ შეცდომაში, მგონია, რომ ეს აზრი საქართველოშიც აშფოთებთ და ასევე ეძებენ გამოსავალს, რასაც, ჩემი არ იყოს, ვერ მიაგნეს…
რას იტყვით ამის თაობაზე. ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ლიტერატურულ მასალად გამომადგება, არამედ უფრო მნიშვნელოვანი მიზეზით, რის შესახებაც მოგვიანებით მოგწერ. ამ წერილში ბევრი რამაა ბუნდოვანი, მაგრამ ჩვენ, „ცისფერყანწელები“, ვწერთ რაღაც შიფრით, რომელსაც ვიგებთ და ვგრძნობთ მხოლოდ ჩვენ და კიდევ სხვებიც.
ახლა კი სხვა დანარჩენზე გადავდივარ. ხვალამდე.
პოემის შენეული შეფასებით, რა თქმა უნდა, მოხარული და კმაყოფილი ვარ. მოხარული ვარ, ეს გავიგონო სწორედ არალიტერატორისგან, „სიტყვიერების მცოდნისგან“, გარეშე ადამიანისგან, რადგან ლიტერატურაში ეს წიგნი ურეზონანსოდ დარჩება. ისევე, როგორც ავტორი, პოეტი მიწიშვილი. მიზეზი არ ვიცი, მაგრამ ვგრძნობ, რომ ესაა ჩემი ბედი. არის „დიდების მანქანა“, რომელიც უნდა იპოვო, მას ყველა პოეტი ეძებს. მაგრამ ვიცი, რომ „შეუმჩნევლად და დავიწყებულად“ ყოფნა ჯერ კიდევ არ ნიშნავს – რომ უნიჭო ხარ. ჯერჯერობით ამით ვიმშვიდებ თავს, თუ საერთოდ შეიძლება ამით თავის დამშვიდება.
ხოლო რაც შეეხება ჩემს შეხედულებას საკუთარ წიგნზე, შემიძლია ვთქვა, რომ მართალია, ობიექტურობა რთულია, მაგრამ შენ მიერ დასახელებულ მასშტაბში ის შეიძლება გამოვიდეს სპარეზზე. ქართული პოეზიის „ფართო სივრცეში“ ძალიან ცოტაა ფეხმარდი ცხენი, და თუ ჩემი გვარი /სირბილაძე/ არ მიღალატებს, მიჭენებ პირველი და ჩემი „შავი ვარსკვლავი“ სიხარულით აკიაფდება…
მანამდე კი – „მუშაობა, წელებზე ფეხის დადგმა, ბრძოლა“…
პირადად ჩემთვის ეს პოემა მთელი ცხოვრებაა. მასში ჩავდე მთელი ჩემი სიყვარული, ჩავმარხე საკუთარი თავი, დავტიროდი მას და ამის არ მრცხვენია… ამაზე უკეთესს ვერასოდეს დავწერ… ესაა ჩემი აზრი, არაობიექტური, მაგრამ ჩემი აზრია, რომელიც შენ გაინტერესებდა.
გაზეთები მივიღე. დიდად გმადლობ. გატაცებით ვკითხულობდი, მაგრამ უნდა გამოვტყდე, ვერცერთი ცოცხალი სტრიქონი ვერ ვნახე. მგონი, ორახელაშვილი ყველაზე ჭკვიანი კომუნისტია კავკასიაში. მისი მოხსენება ტფილისის ორგანიზაციისადმი – ბრწყინვალეა. მისი სტატიები (ზოგიერთი მოწინავე) _ ხელმოუწერლადაა: მე ვიცი მისი ხელწერა – ძალიან საინტერესოა. რობაქიძემ ვიღაცასთან იჩხუბა. ჩვენებმა გამოსცეს „რუბიკონის“ მე-6 ნომერი. სადღაც მოაწყვეს საღამო. წავიკითხე ბესოს სტატია ზალიკოს შესახებ, კარგი იყო, მაგრამ – საშინლად აწყობილი. ვინმე მიხაილოვი წერს ნავთობზე: უშოვია წიგნი – „მსოფლიო ბრძოლა ნავთობისთვის“, რომელსაც ბეჭდავს ფელეტონებით და აწერს საკუთარ სახელს. ძალიან საინტერესოა… როგორმე გამოგიგზავნი იმ წიგნს. თუმცა საერთო ჯამში გაზეთებმა დიდი სიამოვნება მომანიჭა და „დაპირებულიც“ მოვიდა მომდევნო ფოსტით. მიგზავნონ გაზეთები, და თუ საჭიროა, დავაბრუნებ, ოღონდაც მიგზავნონ. მასალები ჯერჯერობით შენ გქონდეს. მგონი, რაღაც ავურიე, ეხლა ვარჩევ და თავიდან გამოგიგზავნი. გუდიაშვილის გამო კი – გმადლობ. მოვახსენე მას ამის თაობაზე. ჩემი პირველი წერილი მისი თხოვნის შესახებ, როგორც ჩანს, კანდელაკმა უკვე მიიღო, რადგან გუდიაშვილმა მიიღო უსტარი ერთი მხატვრისგან, რომ განათლების სახალხო კომისარიატში საუბრობდნენ მასა და მისი მხატვრობის შეფასებაზე. და თუ შენი წერილიც მოახდენს გავლენას, რაღაც გამოვა. ღია ბარათი, რომელიც შენს დას გამოვუგზავნე, ნოტრ-დამზე არის ქიმერა „მოაზროვნე“. გახსოვს ალდანოვის წიგნი? თუმცა არის დიდები და უკეთესები. მოვძებნი და გამოგიგზავნი.
ჯანმრთელად იყავი, ნუ ბუზღუნებ და ნუ დამივიწყებ.
შენი ნიკოლოზი