განწირული სტრიქონები – Blue Horns

ავტორი : ნიკოლო მიწიშვილი

თარიღი : 1919

ადგილი :

საცავი : ლიტერატურის მუზეუმი 21069-20-ხ.

გამოცემა :

პოეზია, შემოქმედება

განწირული სტრიქონები

ქვრივ ოთახებში მაშინებს ღამე მკვდარი სიჩუმის შავ გარინდებით.

უბედურება ტრიალებს სახლში და მემუქრება მხუთავ  ბინდებით,

 

უძილო ღამით, მარტოობაში ყურებთან უკრავს დაფ-დაირები…

მოდის ვიღაცა ორკუზიანი და წამჩურჩულებს: – „ გადაირევი“…

 

„გადაირევი“ – ყვირიან ხმები, და ამ ძახილში სული გადახმა.

მე გადავსწყვიტე ჭკუის საზღვარი, გადავიარე ჭკუას გადაღმა…

 

„მოკვდები ღამით- მეძახის ქარი – შეგხვდება ზარით შენ ხვალ ტაძარი“

ბრმა ბედის ხელი მოსჩანს კედელზე და მაგონდება მე ვალტასარი.

 

აბორგებული გადავალ ქუჩად, რო გავიქარვო გულთა-ურვანი.

მე ისე ვსეტყვავ ფიქრთა წეროებს, ვით დამარცხებულ მტერს ყრუ-მურვანი…

 

შენაჩვენები დავდივარ ღამით. რისხვით მექადის ყრუსართულები.

„გადაირევი“ – სისინებს ქარი . . . „გადაირევი“ – სტვენს მავთულები.

 

ნ. მიწიშვილი