მზე უკანასკნელათ შეჩერდა ცის კაბადონზე.
უკანასკნელათ გადაავლო თვალი ქვეყანას და მოკვდა…
მთვლემარე ბინდმა ჩაიკრა გულში არე-მარე. შორს ქალაქის სანთლებმა დასჭრეს ღამის შავი ნიღაბი. აქ კი აყვავილებულ ზღვის ტალღათა ჩქერს თეთრი ნისლი გადაეხვია.
ზღვაში მდგარი პატარა გემი მთვრალი ქანაობით გაჰყვა ტალღათა ნანინას.
ცოტა ხანს კიდევ ისხდა ზღვის ნაპირას ახალგაზრდა ჯგუფი.
ამეტყველდა ნესტიანი ქარი და ისინიც ნელის ნაბიჯით, წყვილწყვილათ გაეშურენ ქალაქისაკენ.
თითქოს ბნელი ღამე აქრობდა ხმათა ბგერას – ისმოდა მხოლოდ ნელი, ჩუმი საუბარი…
ყველაზე წინ მიმავალი ქალ-ვაჟი სიყვარულზე ბაასობდენ.
ქალის მკლავზე გადახლართული ყმაწვილის ხელი თრთოდა, ვით სიცილი წამებულისა; მისი მთვრალი, აბ-ნეული ლაპარაკი ღამეში გზას გადამცდარი კაცის ბორძიკსა ჰგავდა.
– იცი, ჩემო… მე მიყვარს ის უბანი, სადაც შენა ცხოვრობ; შემიყვარდა ის გზა, სადაც შენ დადიხარ…
ვერ წარმომიდგენია თავი უშენოთ, ჩემო კარგო, ჩემო მშვენიერო…
და ის ჰკოცნიდა ქალის ხელის თითებს, მის ათრთოლებულ ხელში რომ ფრთხიალებდენ…
მათ გადაუხვიეს ხეებში, ჩამოსხდენ გრძელ სკამზე.
ღამემ გადააფარა მათ თავისი მდუმარე კალთა, და ვით ფოთოლთა წკრიალი – ისმოდა ხის ძირას:
– მიყვარხარ!..
– შენ, მხოლოდ შენ!..
– მუდამ, მარადის!..
და წკრიალა კოცნა ადასტურებდა გრძნობათა სიტყვიერ გამოთქმას…
* * *
მეორე დღეს განშორდენ ისინი ზღვის პირას გაბნეულ ქალაქს.
მატარებელი მიჰქროდა, აღფრთოვანებით ჰკვეთდა სივრცეს და შორს მიაქანებდა მათ.
იმ ვაგონში თითქმის არავინ არ იჯდა.
თითქოს შველას ეძებდა ვაჟის ძლიერ მკერდზე – ქალი ვნებით ეკვროდა ვაჟს. ის კი სიყვარულის მარგა-ლიტებს კრებდა ცირას თვალთა მღელვარე ზღვაში.
მატარებელი გაჩერდა. აქ დიდი სადგური იყო და მატარებლის შენაცვლა უნდა მომხდარიყო.
ისინი ბაქანზე გადმოვიდენ. გაიარეს.
ვაჟის ხელზე მიყრდნობილი ქალი უცბათ შეკრთა, შეჩერდა – თითქოს თვალებზე ბინდი გადაეკრა, და – გაოცებით წამოიძახა:
– ღმერთო ჩემო, რა მშვენიერია!..
და თვალი გააყოლა ახლო მიმავალ კოხტა აფიცერს.
* * *
დაჰკრეს ზარი.
ვაჟი მარტოთ გაჰყვა იმავე მატარებელს, ზღვის ნაპირას გაბნეულ ქალაქისაკენ…