ლევან ღოღობერიძეს – Blue Horns

ავტორი : ნიკოლო მიწიშვილი

თარიღი : 1923

ადგილი :

საცავი : შსს არქივი, ფ. 8, აღწ. 3, ს. 968.

გამოცემა :

მიმოწერა, პირადი წერილები

ლევან ღოღობერიძეს

პარიზი. 28 მაისი, 23.

ლევან,

გუშინ შენი დის მეშვეობით ვრცელი წერილი გამოგიგზავნე. დამაგვიანდა, რადგან წერილთან ერთად გუდიაშვილის ქაღალდების გამოგზავნაც მინდოდა, რომლებიც ვერა და ვერ მოგაწოდე. ისინი პირდაპირ საქართველოში გავგზავნე, პროფ. ჯანელიძის ხელით.

ამ წერილის მოწერა არ მსურდა, მაგრამ ვიფიქრე და გადავწყვიტე, რომ აუცილებელი იყო. გთხოვ, ნურავის ეტყვი ამ წერილის შესახებ. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. აი, რაშია საქმე: განვიზრახე, აქ გამოვცე ქართულენოვანი ჟურნალი. ამის თაობაზე, მგონი, მოგწერე კიდეც. ამ საქმის ორგანიზების საკითხებზე უკვე მესამე თვეა ვმუშაობ და თითქმის უკვე დავასრულე. ჟურნალი მხოლოდ და მხოლოდ მხატვრულ-ლიტერატურულია და მრავალი ცნობილი ფრანგული სახე მონაწილეობს მასში. სია უკვე გადავგზავნე საქართველოში ამხ. კანდელაკთან, რომელსაც ასევე გავუგზავნე განცხადება ამ ჟურნალის ტფილისში გაგზავნისთვის უფლების მოსაცემად.

ჟურნალს პირადად მე გამოვცემ და რედაქტირებასაც თვითონვე ვიკისრებ. იქნება 32-გვერდიანი და ყოველთვიურად 1000-ეგზემპლარიანი ტირაჟით გამოვა. სწორედ ამასთან დაკავშირებით მიწევს შენი შეწუხება.

არ ვიცი, რა მდგომარეობაა ახლა საქართველოში, თითქმის ერთი წელია, იქიდან არც წერილი მიმიღია და არც გაზეთი, არადა შენც კარგად იცი, ერთის მიღებაცაა შესაძლებელი და მეორისაც. სწორედ ამიტომ ვშიშობ, რომ არც მე მომცემენ ამის უფლებას და ჩემი მუშაობა ამაო აღმოჩნდება. ამასთან, შეიძლება გამოჩნდეს ისეთი ხალხი, რომლებიც ამა თუ იმ მიზეზით დამიპირისპირდებიან და შუამდგომლობას არ დამიკმაყოფილებენ. ამას იმიტომ ვამბობ, რომ მსგავს შემთხვევას თავად შევესწარი კანდელაკის კაბინეტში, როცა რამდენიმე პირი განათლების სახალხო კომისარიატის წინაშე დაჟინებით ითხოვდა, ჩემთვის „ფიგაროს“ გამოცემის უფლება არ მოეცა. საბედნიეროდ, თვითონვე გავხდი ამ სცენის მოწმე და მოვახერხე, კრახის თავიდან აცილება, მაგრამ ახლა იქ არ ვარ და თუ ამგვარი რამ ისევ მოხდება, უთუოდ ჩემთვის სამწუხარო შედეგით დასრულდება. ამიტომ მჭირდება შენი დახმარება და მეგობრული ხელშეწყობა.

რადგან ბევრს და შეიძლება, შენც გაგიჩნდეს ეჭვი ჩემს მიზნებსა და შესაძლებლობებში, ამიტომ გატყობინებ ყველაფერს, რომ მშვიდად იყო და არ იფიქრო, რომ მე გავხდი „ანდანტეს ლაქია და მსოფლიო ბურჟუაზიის მუქთახორა“…

საქმე ისაა, რომ ამ ჟურნალის გამოცემაზე დიდხანს ვიფიქრე და კონსტანტინოპოლში ყოფნისას საუბარი მქონდა ამხანაგ მგალობლიშვილსა და მოდებაძესთან, რომლებიც გაეცნენ რა ჟურნალის იდეასა და მთელ ჩემს განზრახვებს, თუ რის გაკეთებას ვაპირებდი, სიამოვნებით დამთანხმდნენ დახმარებაზე საქართველოში გამოცემის ლეგალიზაციასთან დაკავშირებით. მაგრამ ახლა ევროპაში არ არის არც მგალობლიშვილი, არც მოდებაძე და არ მაქვს საშუალება, რომელიმეს მივმართო. აქ რომ ჩამოვედი, ისეთ მდგომარეობაში აღმოვჩნდი, ჟურნალზე კი არა, საერთოდ რამეზე ფიქრიც კი წარმოუდგენელი იყო: მარსელში რომ ჩამოვედი, ერთი სუც არ გამაჩნდა და არ ვიცოდი, როგორ ჩავაღწევდი პარიზში. სად შემეძლო ამ დროს ჟურნალზე ფიქრი, მაგრამ როცა ფეხზე დავდექი, კვლავ დავიწყე ფიქრიც და მუშაობაც ამ მიმართულებით.

პირველ რიგში, უნდა გამეგო – იყო თუ არა აქ ქართული შრიფტი. მენშევიკებმა დამიმალეს, არ მითხრეს მისამართი, სად შეიძლებოდა მისი შოვნა. შემოვიარე ყველა სტამბა, რათა შემეტყო, ჰქონდათ თუ არა ქართული შრიფტი. ბევრმა დამცინა, მეუბნებოდნენ, საქართველოს შესახებ პირველად გვესმისო.

როგორც იქნა, ვიშოვე შრიფტი ერთი კათოლიკურ ქრისტიანული საზოგადოების სტამბაში და ერთ-ერთმა არქიეპისკოპოსმა, რომელიც ამ საზოგადოების საქმეებს განაგებდა, სიხარულით მიმიღო და მითხრა, ოცნება ამისრულდაო: იგი ოც წელიწადს ინახავდა ქართულ შრიფტს იმ იმედით, რომ ოდესღაც დასჭირდებოდა, და აი, როგორც იქნა, გამოჩნდა ადამიანი, ვისაც ეს შრიფტი დასჭირდა. მას ყველაფერი ავუხსენი. დამიანგარიშა: საუკეთესო ხარისხის ქაღალდის დიდ ფორმატზე დაბეჭდილი 32-გვერდიანი ჟურნალი, კარგი ხარისხის ყდით, 1000 ეგზემპლარი დაჯდება 1200 ფრანკიო.

შემდეგ ჯერზე აბატს დავუკავშირდი ერთი დარბაისელი ქალბატონის მეშვეობით… არ ვიცი, რამ იმოქმედა პატივცემულ მოძღვარზე, მაგრამ იგი უდიდესი ქრისტიანი აღმოჩნდა, გადასახდელი თანხა 600 ფრანკამდე დაგვიკლო და თან, რომ გაიგო, ფული არ გაგვაჩნდა, გვითხრა – როცა გექნებათ, მაშინ მოიტანეთ, მე მოხარული ვარ, რომ გეხმარებითო, და ა.შ.

ესაა მთელი ისტორია…

მარკებისა და გადაგზავნის ხარჯებს თვითონვე გადავიხდი, რადგან მეც ვშოულობ გარკვეულ თანხას – „რენოსთან“ვმუშაობ – ავტომობილებს ვღებავ და 8-დან 3 საათამდე 20 ფრანკს მიხდიან. ოთახსა და კვებაზე არაფერი მეხარჯება, რადგან მდივანთან ვცხოვრობ.

ახლა კი, რაც შეეხება შინაარსს. ჟურნალი მხატვრულია, ხელოვნებაში მემარცხენე მიმართულებისა და როგორც ასეთ შემთხვევაში ამბობენ – „საბჭოთა პლატფორმაზე დგას“.

ქართველებიდან ვმონაწილეობთ – მე, დ. კაკაბაძე და ლ. გუდიაშვილი, დაწერს ასევე ნ. მარი (იგი მოსკოვში გაემგზავრა, მაგრამ დატოვა სტატია და… თავისი ლექსი). დანარჩენები არიან – ფრანგები, იტალიელები, ესპანელები: მწერლები, მხატვრები, პოეტები – ყველა ახალი და მემარცხენეა და პოლიტიკურად ყველაა „იუმანიტს“ ემხრობა. ჟურნალში ემიგრანტთაგან არავინ მონაწილეობს და მათთან არანაირი საქმე არ მაკავშირებს. თუმცა ამას თავადაც დაინახავთ… საერთოდ, ყოველთვის გავურბივარ ცოცხალ გვამებს და ზოგადად გვამებს.

ასევე მინდა, გამომცემლობაში დავასაქმო ადგილობრივი ახალგაზრდობა, რომელიც მართალია „არშინ მალალანს“ მღერის, მაგრამ მაინც ვფიქრობ გარკვეულ საქმეებში მათ გამოყენებას. მოკლედ, ამაზე სიტყვას აღარ გავაგრძელებ.

ერთი სიტყვით, ლევან, ეს ჟურნალი აუცილებლად უნდა გავგზავნო საქართველოში და როცა იქ ჩახვალ, საქმისთვის მსვლელობის მისაცემად, გთხოვ, მიხვიდე კანდელაკთან.

ასევე, ჩემი დიდი თხოვნაა, ვიდრე გაემგზავრები, მომწერე, რას ფიქრობ ამასთან დაკავშირებით და რამდენად შესაძლებელია ეს. მომწერე ასევე, რა ისმის საქართველოდან, ძალიან მაინტერესებს, რადგან სრულიად არაფერი ვიცი. თუ საჭირო იქნება, იქ ბესოს დახმარება – ყველაფერი მოუყევი და სთხოვე, დაგეხმაროს. თუ საჭირო იქნება განცხადება ცკ-ს სახელზე – მომწერე და, ყოველი შემთხვევისთვის, გამოგიგზავნი.

ნებართვის შესახებ შეგიძლიათ მაცნობოთ ბერლინის წარმომადგენელთა მეშვეობით. მოუთმენლად ველოდები შენს წერილს. მომწერე ვრცლად, როგორც ადრე, მაგრამ გთხოვ – დაწერე უფრო გარკვევით, მის წასაკითხად სპეციალურად გამადიდებელი შუშა შევიძინე..

აბა, კარგად. მოკითხვა გადაეცი ნუცას. თუ ისე გასუქდი, რომ ბოლშევიკს აღარ გავხარ, გამომიგზავნე სურათი, თორემ შეაშინებ ხალხს… „სურათი – ცხადია, ხელის დადებაა საშინელი, მარა, ისე მომენატრა ნაცნობი სახეები, რომ თუ, ხუმრობის გარეშე, გამომიგზავნი – ძაან დაგიმადლებ. წუხელი მესიზმრა გრ. რობაქიძე, ხომ არ ჩამოსულა ნეტავი ბერლინში“.

ჩემი მისამართი იცი: R des Eaux, 3. General Mdivani, для Н. Мицишвили.

„გუშინ წინ 26 მაისი იყო და აქაურ ქართველებს ქონდათ კრება და ლაპარაკი კაფე „ვოლტერში“. ვიყავი მეც. პარიზში ასამდე თუ მეტი არა – ქართველია. ეხლა გერმანიიდან მორბის სტუდენტობა. შიათ. ილაპარაკეს და დაიშალნენ. მარა ამაზე შემდეგ. ეხლა კი გავათავებ და თუ ძმა ხარ შემომითვალე თუ რამ იცი საქართველოს შესახებ. თუ იცი, სვიმონიშვილი ისევ управделами-ა (საქმეთა მმართველი) თუ არა. კანდელაკი ხომაა კიდევ ნარკომპრომი. სამწუხაროდ, ამასთანავე ვერ გიგზავნი ჩემ წიგნს, რადგან არ დამრჩა არც ერთი ეგზემპლარი. აქ მინდა ხელმეორედ გამოვცე ჩემი „წმინდანიანი“ – ტფილისში რომ გამოვეცი და სტამბოლური წიგნიც და ამ უკანასკნელის ხელნაწერი მაქვს მხოლოდ. პირველი წიგნი მაქვს, მაგრამ ის, მგონი, „ქე“ მოგეცი. ერთი სიტყვით, აქ მინდა ამბები, მარა ჯერ სანამ საქმეზე არ გაკეთებულა უკანასკნელ „ტოჩქამდე“ ლაპარაკი და ბაქიბუქი არ ღირს. ლევან, თუ ძმა ხარ დამადევი ხელი და შამამითვალე რამე. ტიტესი არ იყოს, „სთქვი რამე“. შამამითვალე – რამფერ მიიღე ჩემი პირველი წერილი. ვინ მოგცა და სად.

შენი ნიკოლოზ მიწიშვილი