შალვა სოსლანს – Blue Horns

ავტორი : ნიკოლო მიწიშვილი

თარიღი : 01.04.1933

ადგილი : თბილისი

საცავი : ლიტერატურის მუზეუმი, 26928-6-ხ

გამოცემა :

მიმოწერა, პირადი წერილები

შალვა სოსლანს

ძმაო შალვა!

შენი ორი წერილი მივიღე ჩვენი პლენუმის პერიოდში. პლენუმის სამზადისმა და მისმა დასასრულმა ხელი შემიშალეს შენთვის მეპასუხა, მაგრამ შენმა კატეგორიულმა ტონმა ბოროზდინის შესახებ მაიძულა, მიმებეჭდა მისთვის პატარა წერილი, რომელსაც ვფიქრობ, _ გაჩვენებდა.

მე ძალიან მადლობელი ვარ შენი, რომ ჩემი მრავალტანჯული წიგნისადმი მზრუნველობის პათოსი აქამდე არ შემოგლევია. ეს კიდევ უფრო ართულებს ჩვენს ურთიერთობას და მავალდებულებს ფრიად. თუმცა, ეჭვი არ მეპარება „ჩოთქში“ გამოვსწორდებით: არც მე ვიწყებ ეხლა მწერლობას. არც მე ვათავებ. მაგრამ ვინაიდან ტფილისი მოსკოვიდან უფრო ახლოა, ვიდრე მოსკოვი ტფილისიდან _ შეიძლება, ვალი ჩემზე დარჩეს და ამ პატარა უხერხულობას შენც უნდა შეურიგდე.

მინდა, მეორე პლენუმზე მაინც ჩამოვიდე. გნახავ და რამეებსაც დავაკეთებთ.

პირველზე არ წამოვედი, რადგან ქართველების ხმას, როგორც ირკვეოდა, არ ექნებოდა ის фон-ი და რეზონანსი, რაც მე მინდოდა (უნდა წამოსულიყო 7 კაცი მაგათი მოთხოვნით და ამგენმა ეს პატივი ვერ შეიშვნეს). ამიტომ არ წამოვედი და საექსკურსიო პირობებში არც ეხლა წამოვალ.

ვიბრძვი, რომ შეიცვალოს და შეთბეს პირობები, თუ არა და – კიდე ვიბრძოლებ. რა გაეწყობა. პლენუმზე მათრიეს და მაუთოვეს ექვსი დღე დილით და საღამოთი. გაზეთს წაიკითხავდი (ჩემ წერილს, რომლის ირგვლივაც ატყდა დავიდარაბა). შედეგ ნომერში აძლევენ ყრილობის შედეგებს და ჩემს კრიტიკას.

ბევრი არაფერი იქნება, მაგრამ ცოტათი ატმოსფერა მგონი შეირყა. რაკი იბრძვის დაკარგულ სამოთხისთვის. ჯერჯერობით არც სხვას უშვებენ და ვერც თვითონ შედიან. ჯერჯერობით ესაა.

ცეკამ გაუკეთა რეკომენდაცია ჩემს წიგნს „ფედერაციისათვის“ (თუ ბოროზდინმა ჩემი წერილი განახა, იმას ვსწერ), როცა აქ იყო სელივანოვსკი.

მეეჭვება, რომ დამეჭიდონ, მაგრამ გავატანე, მაინც მივყვები რუსულ სინდისს კარამდე. თუმცა ამ შემთხვევაში არც სინდისია და არც კარი _ ქეა ისე ღიათ ყველაფერი.

ამ ორ დღეში გამოვა „არსენა მარაბდელი“ _ უეჭველად გამოგიგზავნი.

„Речи Рек“ _ ისე გაქრა, ვერ ვიშოვნე. ენახა ტიციანს. ვერც მას ეშოვნა. თუ გამოუშვებ ჩემსკენ 1-2 ცალს, კაი იქნება. „ქეთევანზე“ მოვილაპარაკოთ მოსკოვს (27/V).

იყავი კარგად – სპარსეთში გადახვეწილო

 

შენი ნიკ. მიწიშვილი