საქართველოსთვის! – Blue Horns

ავტორი : ლელი ჯაფარიძე

თარიღი : 28.10.1917

ადგილი :

საცავი :

გამოცემა : გაზეთი „საქართველო“, 1917, 28 ოქტომბერი, №239

სტატიები, შემოქმედება

საქართველოსთვის!

პეტროგრადში ანთებული ცეცხლი თან და თან ძლიერდება. ყველა ჯერ-ჯერობით მიღებული ცნობებით მდგომარეობა უფრო რთულდება და ბოლშევიკების გამარჯვება პეტროგრადს სცილდება და რუსეთის სხვა ქალაქებზედაც მთელი თავისი სიძლიერით გადადის. უკანასკნელი ცნობით, ბოლშევიკების ძალა-უფლება კავკასიის საზღვრებზედაც განმტკიცდა: როსტოვის ხაზინა და ყველა დაწესებულებანი მათს ხელშია, ხოლო კავკავის მუშათა და ჯარის კაცთა საბჭოს უმრავლესობა ბოლშევიკებს მიემხრო.

რუსეთის მინისტრები თავის დღეებს პეტრე-პავლეს ციხეში ითვლიან და სამთავრობო ცენტრი ფაქტიურად უკვე მოისპო.

„პური და ზავი“, – აი, ის საოცარი მიმზიდველობის ლოზუნგი, რომელიც სძრავს იმ ზღვათა ქცეულს ხალხს და ავიწყებინებს ყოველივე ზომიერების საზღვარს.

ომით მოქანცულსა და უპურობით დამშეულ ხალხს ძნელად ეხერხება მოცდა და სიდინჯის დაცვა და ისიც თავდავიწყებით მისდევს იმათ, ვინც პირდება ყოველივე ამ ბედნიერებას. მთელი უზარმაზარი სახელმწიფო მინდობილია ერთს უიალქნო მიდრეკილებას და სადა ჰპოებს ნავთსაყუდელს მისი გაბზარული გემი, ძნელი საგრძნობია.

საქართველოს ზღვა ჯერ არ ამღვრეულა და გარეგანად მშვიდ ნავთსადგურშია მისი გემი მოქცეული, მაგრამ მშვიდობა მისი ისეთივეა, როგორიც იყო აქამდე და მის ფიქრმორეულ შუბლს, როგორც წინათ, არავითარი გადაწყვეტილების ბეჭედი არ აზის.

იყვნენ ჩხეიძე და წერეთელი და მღელვარე რუსეთი ერთი ნაპირიდან მეორეს ეჯახებოდა  და საქართველოც მშვიდად მიყვებოდა უცხოთ აღებულ გზას.

მღელვარებდა ფინლანდია, თავის ბედის შეგნებით სჭედდა უკრაინა და ერთა საერთო კონცერტში თავის საკრავზედ ყუბანიც კი უკრავდა.

საქართველოს ჩვეულებრივი მშვიდობა არავითარ მღელვარებას არ დაურღვევია.

მოდიან ლენინი და ტროცკი და რუსეთი კიდევ მეტად მღელვარებს და პატარა ერები უფრო გარკვეულად ამბობენ თავის სიტყვას; ახლობელ ჩრდილოეთში ჩვენი მეზობლები საკუთარ კავშირს კრავენ და ერი მოძრაობს, როგორც არსი ცოცხალი, თავის ბედის სრული უფალი.

საქართველო კი… დღესაც მშვიდია და მის სახეს ისევ ეტყობა მხოლოდ ფიქრი, რომლის შედეგი ჯერ ერმა არ უწყის.

არ არის ისეთი ერი ამ ჟამად, რომელსაც არ შეეძლოს თავისი ზრახვათა გამოთქმა, რომელსაც არ შეეძლოს თავისუფალი ხელის გაწვდომა თავის თანაბარისათვის. ყოველმა ერმა, რა მცირეც არ უნდა იყოს იგი, შესძლო თავის ნების გამომხატველი ორგანოს შექმნა.

საქართველოში კი… ყოველი პარტია თავის თავს საქართველოს უთანაბრებს და ყოველი ქართველი თავის თავს საქართველოს უთანაბრებს და ყოველი ქართველი თავის თავში მთელი ერის სახეს სცნობს.

ხოლო ისეთი რამ, სადაც შეიკრიბოს ეს დაქსაქსული ძალები არ არის.

არ არის მაშინ, როდესაც ისტორია საათობით იქმნება და უსაზღვრო ოცნებანი წამით ცხადდებიან…

საქართველოს უზენაესობა კი ბრძანებით მოითხოვს, რომ მოვიდენ ისინი, ვისთვისაც ბედს მიუნდვია მისი მესვეურობა.

დე, იქმნეს ეს!

 

ლელი ჯაფარიძე

გაზეთი „საქართველო“, 1917, 28 ოქტომბერი, 239