ორსული მზე – Blue Horns

ავტორი : ლელი ჯაფარიძე

თარიღი : გაზაფხული, 1916

ადგილი :

საცავი :

გამოცემა : ჟურნალი „ცისფერი ყანწები“, №2

პოეზია, შემოქმედება

ორსული მზე

მრავალ სხივებათ გადმოყარა მზემ თავის კვნესა,

ქვეყანა იწვის, რომ უყურებს ლალისფერ ორსულს:

წითელი მთები დასწოლიან ტყის სიმწვანესა,

ინთება მიწა და ვერ იტანს ტანჯვაში მოსულს.

 

ცისფერ საწოლზედ ასვენია მზე მშობიარე,

წითელ დუმილით გარინდულან მთის მწვერვალები;

დღეს ცეცხლის ტანჯვა ყველასათვის საფრთხობი არი,

მზეს, გაგიჟებულს ვერ უძლებენ მიწის თვალები.

 

წვეთ წვეთად იწვის მშობიარეს ნატანჯი ოფლი,

სხივებათ მოდის და აცეცხლებს დამდნარ სახეებს.

ცხელ დედამიწას თავს ეყრება ყვითელი ჭორფლი,

ქარიც ზანტდება და დუმილით ეყრდნობა ხეებს.

 

დრო დადგა შვების და აინგრა ცისფერი ზეცა,

წითელ ზოლებით დაიხაზა მზის სარეცელი,

ლანდების კვნესამ მშობიარე სულ გაამხეცა,

სისხლის სიგიჟემ მათი ნახვაც არ დააცალა.

 

ზანტი ნაბიჯით გადმოვიდნენ ლანდები ქვევით

მზიდან შობილნი ირევიან მზის მეგობრებში,

მოქანცულ დედას აძინებენ ტანის ნაზ რხევით,

ქვეყანას დაღლილს ასვენებენ უცხო სიზმრებში.

 

ზეცის დასავლეთს დაქცეული სისხლი ახმება,

სისხლის შავ ფარდას ვეღარ იტანს ბრწყინვალე თვალი.

ნელი ნელ მოდის და ახლოა მზის დაღამება,

სცილდება მიწას ცეცხლის ტანჯის ვრცლათ ნაპეშვალი.