საქართველო გარშემორტყმულია მტრებისგან.
ყოველი დღე ახალი ძალის დარაზმვას ცხადყოფს ჩვენს წინააღმდეგ.
ყუბანის მხარიდან დენიკინის ჯარს დურბინდები საქართველოსკენ აქვს მოცქერილი, ჩვენს რესპუბლიკას თავის ასპარეზად ისახავს.
ჩრდილოეთ-კავკასიისკენ რუსი ბოლშევიკები თანდათან აძლიერებენ თვის რაზმებს და ჩვენ მუდამ მზად უნდა ვიყვეთ, რომ დარიალის კარებთან მძლეთ დავხვდეთ კომუნისტების არმიის შემოტევას.
სომხეთი ხომ ქურთელ ყაჩაღებივით, რა დღეს დაინახავს ჩვენს შესუსტებას, მაშინვე მზად არიან თავს დაგვესხან.
და საკმაო დროული მოდინება ჩვენი დამცველი ძალების, რომ ყველამ, ვისაც იარაღის ჟღარუნი არ ეზარება, საქართველოზედ ამართოს იგი.
ესეთს მომენტში ათას წილად გვმართებს ყურადღების გამახვილება და ძალთა გაერთიანება.
ესეთი მომენტი ითხოვს გაალმასებულ ცქერას ყოველი კუთხისაკენ, რომ თავდაცვისათვის მზად ვიყოთ ყოველ წამს.
მთავრობას ათასი თვალი უნდა ჰქონდეს და ამაზედ მეტი ყური…
ამის ნაცვლად სრული გულციობა სჩანს იმისადმი, რაც ჩვენს გარშემო ხდება:
ყველაფერ იმას, რასაც ჩვენი მოწინააღმდეგენი აპირებენ და მათს სამზადისს, ჩვენი მთავრობა იგებს მხოლოდ მაშინ, როდესაც მათი წადილი ნაყოფს იღებს კიდეც და ჩვენც მხოლოდ ამ მოქმედებათა შედეგებთან გვაქვს საქმე.
საამისო აგენტურა, ურომლისოდ ვერც ერთს სახელმწიფოს ვერსად ვერ უმოქმედნია, ჩვენი მთავრობისათვის გაუგებარია. და მტერთა ბანაკებში მესაიდუმლეთა გაჩენა, სასასირცხო რამ მოვლენაა.
ოღონდაც! ეს ხომ იგივე ჯაშუშობა გამოვიდა და სოციალისტური მთავრობისათვის აბა რა საკადრისი იქნებოდა!
სამაგიეროდ ჩვენს მტრებს ამის არა სცხვენიათ:
თუ საქართველომ არაფერი იცის, თუ რა ხდება მის გარედ, ჩვენს გარშემო ყველამ კარგათ იცის, თუ რა ხდება საქართველოში…
და აი რა ხდება:
საქართველო ავსილია უცხოელ ჯაშუშებით და ჩვენი მტრების აგენტები, ჯარის ოფიცრები აქ თავისუფლად რაზმავენ თანამოაზრეთ.
აქაურ რუსულ ორგანიზაციებს ორმაგი კავშირი აქვთ დენიკინის ჯართან და ერთად მოქმედებენ.
კადნიერება იქამდისაც მიდის, რომ კავშირი აშკარა არის და ეს დაწესებულებანი არც მალავენ ამას.
მაშინ, როდესაც რესპუბლიკის საგარეო სამინისტროს იმ მხარეებიდან გაზეთებიც კი ვერ მიუღია საინფორმაციოთ, თბილისის „რუსოვეტს“ მუდმივი კავშირი აქვს გაბმული სხვა და სხვა კურიერებით და საგანგებო რწმუნებულებით.
და მერე ვინ არის ეს „რუსოვეტი“:
„ამიერ-კავკასიის რუსთა ეროვნული საბჭო“, რომელიც მიუხედავათ იმისა, რომ ფარგალი მისი მოქმედებისა მთელი ამიერ-კავკასია არის, მაინც მოქმედებს საქართველოში და მთავრობაც მის მოქმედების თავისუფლებას სრულ ნებას რთავს.
ამ „რუსოვეტში“ შედიან ბათომის და ბაქოს რუსთა ეროვნული საბჭოებიც.
და ჩვენ ვიცით, რომ ბათომის ეროვნული საბჭო, ოსმალთა ბატონობის დროს არავითარ ზომებს არ ერიდებოდა ქართველების წინააღმდეგ;
ბაქოს საბჭო ხომ კავკასია-კასპიის მთავრობასა და ბეჩერახოვთან არის კონტაქტში და საქართველოს წინააღმდეგ ვინ უწყის, რა ზომებს არ იღებს.
და ორივე ამ ორგანოს მეთაურობს თბილისის ცენტრი, რომლის თავმჯდომარე ბ-ნი ლებედევი ერთი კვირაა, რაც დაბრუნდა მოხალისეთა ჯარისაგან.
ხოლო ვინ არის ეს ლებედევი?
აჭარლების პროვესში სახელ განთქმული პროვოკატორი, რომლის ყალბი მანდატები დიდი ხანი არაა, რაც აღმოაჩინა საქართველოს საგარეო სამინისტრომ.
მაგრამ იგი მაინც „ოფიციალურ“ მოღვაწეობას ეწევა ჩვენში და თავისუფლად მართავს მოლაპარაკებას ჩვენს მტრებთან?
ამის შესახებ ცნობები გაზეთებშიც ბევრი მოიპოვება და საგარეო საქმეთა სამინისტრს, უთუოდ ჩვენზედ უკეთ უნდა მოეხსენებოდეს.
რუსებზედ ნაკლებ ენერგიას არც სომხები იჩენენ.
ჩვენ აღარ ვიცით სომხეთის მთავრობა ერევანში მოქმედებს, თუ ჩვენს დედა ქალაქში?
სომხეთის მთავრობის წევრთა უმეტესი ნაწილი მუდამ თბილისში იმყოფება.
დეპეშები ქვეყნიერებს სომხეთის სახელით, თბილისიდან ეგზავნებათ და მათი დიპლომატიურ წარმომადგებელ ბ-ნ არშაკ ჯამალიანი კი ისე დაძრწის ჩვენს ტერიტორიაზედ ინგლისელების საძებნელად, რომ „დიპლომატიური“ ზრდილობაც კი დავიწყნია დააცალოს ჯერ თვით ქართველებმა მიიღონ თავიანთი სტუმრები.
მაგრამ „ზრდილობა“ რა შუაშია, როდესაც მისი მიზანი სწორედ იმაშია, რომ როგორმე დაასწროს ქართველებს და თავის უქვეშევრდომილეს გრძნობებთან ერთად საქართველოს ავ-კარგიც მოახსენოს.
და როდესაც თვით სომხეთის „ოფიციალურ დიპლომატს“ თავი ვერ შეუკავებია, ჩვემ წარმოდგენილი გვაქვს, თუ როგორ იქცევიან არა ოფიციალური დიპლომატები!
და სრულებით არა დიპლომატებზედ ხო ლაპარაკიც ზედმეტია.
აი, სხვათა შორის რას სწერს ი-ნ ჯამალიანის შესახებ თვით სომხური გაზეთი „ჟოღოვურდ-ძაინ“:
„საერთაშორისო პოლიტიკაში მიღებულია, რომ რომელიმე სახელმწიფოში დიპლომატიურ წარმომადგენლის დანიშვნის დროს მხედველობაში მიიღონ იმ მთავრობის სურვილი, სადაც უნდა გაიგზავნოს წარმომადგენელი~.
და გაზეთი დასძენს:
„ამ თვალსაზრისით და თავის დიპლომატიური მოუმზადებლობითაც სასურველი არ არის, რომ ბ. არშ. ჯამალიანი დარჩეს სომხეთის დიპლომატიურ წარმომადგენლის თანამდებობაზედ საქართველოს მთავრობასთან.
ასეთი აზრისანი არიან მაზედ თვით სომხებიც და ამ მოსაზრებას მზარს უჭერს გაზეთი „ერთობაც“:
„სომხეთის დღევანდელი წარმომადგენელი, სამწუხაროდ, ისეთს ფაქტებში აღმოჩნდა მონაწილე, რომ მისი აქ დარჩენა ვერ შეუწყობს ხელს … განმტკიცებას.“
„ბევრ ფაქტებში აღმოჩნდა მონაწილე!“
… ფაქტებია ეს ფაქტები და ჩვენზედ უკეთ ხომ თვით მთავროვასაც მოეხსენება.
და ყველა ამის შემდეგ ნუ თუ დრო არ არის მთავრობამ მოითხოვოს, რომ ეს უცხოელი აგენტი, რომელიც დიპლომატის ნიღაბს ამოჰფარებია, გაწვეულ იქნეს ჩვენს სახელმწიფოდან.
სხვა უცხოელი აგენტები კი, რომელთა აშკარა მოღვაწეობა ყველასთვის ნათლია, დაუყოვნებლივ უნდა გაძევებულ იქმნას ჩვენს საზღვრებიდან, თორემ საქართველო შესაძლოა, მალე მტერთა ბანაკათ გადაიქცევა და მაშინ… ისინი დაიწყებენ სხვების გაძევებას…
ლელი ჯაფარიძე
გაზეთი „საქართველო“, 1918, 11 დეკემბერი, №237