დღეს ყოველი ქართველი მოქალაქე მოწვეულია თავის სამშობლოს ბედის გადასაწყვეტად.
მძლავრად არის დაჭიმული ჩვენი ფიქრები იმ მოელვარე მომავლის წინაშე, რომელიც უკვე თანდათანობით ყოველს ჩვენს ეროვნულ ნოველაში აშკარად ცნაურდება.
თანდათანობით ხორცს ისხამს ის ჩონჩხი, რომლის დაკრეჭილი კბილები 117 წლის განმავლობაში თავს დაგვზაროდა და გვაფრთხობდა თავის სიტიტვლის საოცრებით.
ერთი მეორეზედა იცვამს ეს ჩონჩხი თავის ტანთსაცმელების ნაწილებს და მის შინაგანი სითბო ყოველ ჩვენგანის გაციებულს კუნთებს შლის.
საქართველო უკვე მეტყველებს თავის სამშობლო ენაზე, რომლითაც საუკუნოებრივი კულტურა შეუქმნია.
მის წმიდა ეკლესიებში ღაღადებს მისი მშობელი სიტყვა და მორწმუნეთ სრულიად თავისუფლათ თავიანთ რწმენაში შეუძლიანთ უსმინონ საღვთო ქადაგებას.
საქართველოს ხალისიანი ჭაბუკნი თავის ჟღალ ტანსაცმელებში სამშობლო მიწის დასაცველად კიდით-კიდემდე ირაზმებიან და ყურ ჩათხრობილი ერი ამაყად უსმენს საუკუნეში დავიწყებულ მისთვის სანეტარო იარაღის ჩხარუნს.
ახლდებიან ძველი ტრადიციები და იხსენება საგმირო მოგონებანი.
ნელი ნელ სდგება, ჩვენს წინ ძველი საქართველო და გვათრობს თავისი სახის გრძნეულებით.
ამ ახალი ცხოვრების დამწყებს გამოცდილი და მოყვარული ხელით მომართვა სჭირდება და ერთი ათად აუცილებელია იგი დღეს, როს მისი გუშინდელი ბრძანებული ხსნის თავის სხეულს, კარგავს ძველი მთლიანობისა და მოლიპულ გზაზედ მდგარს სხვებიც უნდა ჩაითრიოს დამღუპველს უკუნეთში.
ყველა მიღებული თავისუფლებანი ისევ ისეთ სიბნელეში დაიკარგებიან, საიდანაც ძნელია კვლავ გამოსვლა, თუ საქართველომ ძლიერმა თავის ნებისყოფაში ერთსულოვნად არ დაიცვა თავისი უფლებანი.
თუ მტკიცე და მედგარი არ იქნა მისი სიტყვა, უბედურებით მოცულ რუსეთში არავინ მიაქცევს ყურადღებას მის გასაჭირს.
ვინ იქნება დამცველი მისი და გამომხატველი ერის მთლიანობისა?
ნუ თუ ისინი, ვინც მსოფლიოს კოცონზედ სწვავენ თავის ერს და უზარმაზარ რუსეთის ჭირისუფლობაში არ ძალუძთ გაახსენონ სამშობლო საქართველოს გაციებული კერა?
ნუ თუ საქართველო მათ მიანდობს თავის დაცვას, რომ რუსეთის გადარჩენისთვის ცდას ანაცვალონ თავის ზურმუხტოვანი ველები და ერი ამაყი და ქედ-მაღალი ველურ უცხოელთა თანაბრად გახადონ?
განა მათს ხელში არ იყო მთელი რუსეთის ბედი და რა მისცეს მაშინ თავის სამშობლო მხარეს?
და როდესაც დანგრეულმა რუსეთმა ბევრ სხვებთან ერთად მათი ძლიერებაც ძირს დასცა, ეხლაც ძლივს ბედავენ შიშითა და მოკრძალებით სუსტი ხმა გასცენ მშობელ ერის დაუამებელ ავადს.
ვინ მოგვცემს საბუთს, რომ ისინი გაანაღდებენ ქართველ ერის დაუყოვნებელ თამასუქებს?
ქართველი ერი, რასაკვირველია, გვერდს აუვლის იმ ხალხსაც, ვინაც ერთის კალამის მოსმით საქართველოს კოხტა ტანსაცმელს ძვირფასი სამკაულები ჩამოაცალა და თავის სოციალისტურ თავმოყვარეობას ანაცვალა ბორჩალო და ახალქალაქი.
იმათ, ვინც უკრაინას და რუსეთის ესერებს თვალებში შესცქერიან და მათი ხმა თავის საკრავებზედ გადმოაქვთ, ქართველმა ერმა საკმარისი პასუხი გასცა მით, რომ ყველა არჩევნებში შავი ფერით შეღება.
უფრო უმნიშვნელო საქმეებში თუ ვერ მიიღეს ნდობა ს.ფედერალისტებმა, ერის ბედის გადაწყვეტა მათ არავინ უნდა ანდოს.
ქართველი ერის ინტერესები შეუძლია დაიცვას მხოლოდ მან, ვინაც ზრუნავს არა რომელიმე კლასის ინტერესებზედ განსაკუთრებით, და მის საჭიროებათა ვიწროობას არ ანაცვალებს მთელი ერის კეთილდღეობას.
საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტია დამცველია მხოლოდ საქართველოს ინტერესებისა და, თავისუფალი სოციალისტური მოკრძალებისაგან მტკიცედ ითხოვს განთავისუფლებას.
ეს პარტია არ არის ვაჭართა, გლეხთა, ან მუშათათვის მებრძოლი; იგი იცავს იმ საქართველოს, რომლის სახელმწიფოებრივი სიმტკიცისათვის თანაბრად საჭირონი არიან გლეხნიც, მუშებიც და ვაჭარ-მრეწველნიც, რადგან ყოველ მათგანს აქვს მიკუთვნილი თავისი სამუშაო და შეთანხმებული მოქმედება მათი ამოძრავებს მთელს ეროვნულ ორგანიზმს.
აბა, მოაცილეთ რამდენიმე მათგანი ერს და მოდუნდება ნაწილი მისი სხეულისა. და თუ ერი დღეს გამსჭვალულია თავის საჭიროებათა შეგნებით, თავის სახელს ანდობს ამ პარტიას, რომელიც არჩევნებში 8 №-ით გამოდის.
ჩვენს წინ საქართველოს ისტორიის თეთრი წიგნია და საუკუნეები თავს დაგვცქერიან.
საქართველომ დღეს უნდა დასწეროს ამ წიგნში თავის ბედის გადაწყვეტის სურვილი!
ლელი ჯაფარიძე
გაზეთი „საქართველო“, 1917, 12 ნოემბერი, №251