„მეგობრები და მეზობლები“ – Blue Horns

ავტორი : ლელი ჯაფარიძე

თარიღი : 02.03.1919

ადგილი :

საცავი :

გამოცემა : გაზეთი „საქართველო“, 1919, 2 მარტი, №48

სტატიები, შემოქმედება

„მეგობრები და მეზობლები“

„მეგობრები და მეზობლები“

 

26 მაისს, ჩვენი დამოუკიდებლობის გამოცხადების დღეს, გიორგი გვაზავა ამბობდა:

საქართველოს, მისთვის რომ ის საქართველოა, „მტერი არა ჰყავსო“.

და იგი სრულიად მართალი იყო.

განა ემტერება ვინმე იმ კაცს, რომელსაც თავისი სახლი მუდამ ღია აქვს ყველასთვის და მთელი თავისი სიცოცხლე ვისთვისაც არ გინდათ იმისთვის ზრუნავს, ხოლო თითონ ჩამოგლეჯილი და ჩამოხეული დადის?

საქართველო აქამდე სწორედ ასეთი იყო.

ის აშენებდა რუსეთს,

აშენებდა მაჰმადიანებს,

აშენებდა სომხებს

და ინგრეოდა თითონ.

გამვლელი და გამომვლელი საქართველოში თავს ბატონად სთვლიდა და თვით ქართველი ყველას შემყურე იყო:

რას იტყოდა რუსი?

რას იტყოდა სომეხი?

რას იტყოდა თათარი?

და ყველა ესენი, ჩვენს გარდა, თავისთვის ყველაფერს ამბობდნენ და შესანიშნავად ეწყობოდნენ ჩვენს მხარეში.

და იმდენად კარგად ჰგრძნობდნენ თავს, რომ სახლში დაბრუნებასაც აღარ ჰფიქრობდნენ და რჩბოდნენ ჩვენში:

„მეგობრებათ“ და

„მეზობლებათ“.

და განა შეიძლება მათი გამტყუნება?

ნათქვამია: „გიჟი ქორწილში შევიდაო, ჩემსას ესა სჯობიაო“.

მაგრამ საკმარისი გახდა, რომ ამ მექორწილეს ლხინი გაეთავებინა და თავის მყუდრო ცხოვრებაზედ დაეწყო ზრუნვა, რომ ყველა ეს „მეგობრები და მეზობლები“ აჯანყებოდნენ.

და ვინ არ გინდათ, რომ დღეს საქართველოს არ ედავებოდეს საკუთარ ცხოვრების მოწყობაში.

რუსი,

სომეხი,

თათარი.

ყველანი ულოცავენ მას, მაგრამ განზედ მაინც ყველანი იღრინებიან.

წაიკითხეთ, მაგალითისთვის, დაშნაკცუტიუნის გაზ. „ლრაბერში“ მოთავსებული წერილი ამ სათაურით: „ამიერ-კავკასიის დაშლის შემდეგ“.

აქამდე ყველასათვის ნათელი იყო, რომ ამიერ-კავკასიის დაშლის უმთავრესი მიზეზი იყო მაჰმადიანების სეპარატული პოლიტიკა ბათომში, სომხების ხან აღმა, ხან დაღმა სიარული.

ერთის სიტყვით, სამივე ერთად შეურიგებელი ერთიანობა.

მაგრამ ეს ასე არ ყოფილა:

თურმე ნუ იტყვით, და ამიერ-კავკასია დანგრეულა იმ პოლიტიკის გამო, რომელსაც აწარმოებდნენ ჟორდანია, რამიშვილი და ჩხენკელი.

ე. ი. ის პირნი, რომელნიც მთელი თვისი სიცოცხლე ქვეყანას უმტკიცებდნენ, რომ ამიერ-კავკასიის ერთა ცხოვრება მხოლოდ ერთ სახელმწიფოებრივ ერთეულში შეიძლებაო.

ყველაზე უფრო დამნაშავე ყოფილა ჩხენკელი თავისი „ფარული დიპლომატიით“.

იმ „ფარული დიპლომატიით“, რომელიც სხვებისთვის უფრო ნათელი იყო, ვიდრე თვით საქართველოსთვის“.

მაგრამ ეს არაფერია. დაშნაკცაკანები დარწმუნებულნი ყოფილან, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა მომხდარა ქართველი დემოკრატიის სურვილის წინააღმდეგ.

და იცით, რა საბუთი აქვთ ამისთვის?

ის ეროვნული დროშა, რომელიც „თბილისელმა მუშებმა“ ნაკუწ-ნაკუწათ დაგლიჯეს.

მაგრამ ნუ თუ არ იციან დაშნაკელებმა, თუ ვინ არიან ეს „თფილისელი მუშები“.

სომხებიც.

თათრებიც. რუსებიც.

ერთის სიტყვით, ყველა ჯურის და ჯარის ხალხი.

სწორეს ის ხალხი, რომელიც კიდეც ემუქრება საქართველოს და კიდეც „არამკითხე მოამბესავით“ მოწადინებულია მოუაროს მას.

დაშნაკცაკანებს არ მოსწონთ, რომ საქართველოს მთავრობამ ჩაიბარა ფოსტა ტელეგრაფი, სახელმწიფო ბანკი და სხვა დაწესებულებანი.

მაშ რა უნდა ექნა?

რომელი სახელმწიფოა ისეთი, დედამიწის ზურგზედ, რომელიც თვით არ ჰმართავდეს თავის საქმეებს და ქვეყნის სათარეშოთ გახადოს ეროვნული ქონება?

ჩვენ ვიყავით მხოლოდ ესეთნი, მაგრამ ჩვენც ვისწავლეთ ჭკუა და ნურას უკაცრავად, თუ დაშნაკებს ძველი ჩვეულებანი დასავიწყად დაუხდეს.

ყველაზედ უფრო გასაკვირი მაინც ის ყოფილა, რომ სომხეთის მთავრობას წინადადება მიეცა თფილისიდან გასულიყო.

ნუ თუ ეს გასაკვირია და ამაზედ უფრო საკვირველი განა ის არ არის, რომ ის ჯერაც არ გასცილებია არა მარტო საქართველოს საზღვრებს, არამედ თვით დედაქალაქსაც?

მართალია ჩვენ მივეჩვიეთ მრავალ მთავრობიანობას, მაგრამ არა ისე, რომ უცხო სახელმწიფოს მთავრობა ჩვენი მთავრობის გვერდით დავსვათ,

ჩვენ ვურჩევდით სომხებს, რომ ეს ახირებული პრეტენზიებიც იმავე მდინარისთვის გაეტანებიათ, რომელმაც უთუოდ წაიღო „თბილისის ინტერნაციონალის“ ზღაპარი. ამით ისინი გაცილებით მეტს მოიგებენ.

საქართველო შეუდგა თავის სახელმწიფოს მოწყობას და ის შეეცდება თავის ტერიტორიაზედ განამტკიცოს თავისი სუვერენიტეტი.

სომხობაც შეუდგეს თავის სახელმწიფოებრიობის დამყარებას.

ჩვენ ეს მხოლოდ გაგვხარებს.

მას აქვს მაღალი წარსულიც და უნდა ჰქონდეს იმედიანი მომავალიც.

თუ ისინი დღეს მწუხარე წამებს განიცდიან, თანაბარის სევდით შეჰყურებს მათ ქართველი მოქალაქეც.

მაგრამ თუ ჩვენ გავივლით არარატის სახელმწიფოში, ჩვენ დაბლა თავს დავხრით მათის წარსულის, აწმყოსიც და მომავლის წინაშეც.

და ესევე უნდა მოიხადონ ქუდი იმათაც, როდესაც ისინი საქართველოში ასე არხეინად სტუმრობენ.

 

ლელი ჯაფარიძე

გაზეთი „საქართველო“, 1919, 2 მარტი, 48