მოლიპულის გზით – Blue Horns

ავტორი : ლელი ჯაფარიძე

თარიღი : 1918

ადგილი :

საცავი :

გამოცემა : გაზეთი „საქართველო“, №166 

სტატიები, შემოქმედება

მოლიპულის გზით

ამ დღეებში სოციალ-დემოკრატებმა დიდის ამბით გვამცნეს, რომ რუსეთის დემოკრატიისაგან მოვიდა ის სანატრელი პასუხი, რომელსაც ქართული დემოკრატია ასე მოუთმენლათ ელოდა.

ქართველმა სოციალ-დემოკრატიამ სცნო რა შესაძლებლათ საქართველოს დამოუკიდებლობა, დაუყონებლივ აფრინა უქვეშევრდომილესი თხოვნა რუსის დემოკრატიისადმი და პატიება სთხოვა თავის უმფროსობას.

„ამხანაგებო, ჩვენ გვინდა, რომ თქვენ ჩვენი გაიგოთ მთელი ტრაღიკული სიძნელე მდგომარეობისა“ – ესეთის სიტყვებით ემუდარებოდნენ პატიებას რუსის მენშევიკებს საქართველოს მესვეურები. და განა ეს ვისმეს გააკვირვებს?

ქართველი სოციალ-დემოკრატები, რომელნიც მთელ თავის მოღვაწეობაში მხოლოდ ეფიცებოდნენ რუსეთის სოციალ-დემოკრატებს თავის ერთგულებაში, და საერთო რუსეთის დემოკრატიულ ფრონტის დაცვაში ვერ ხედავდენ ვერც ერთ ქართველ ჯარისკაცს, და თუ ამაყობდენ საქართველოთი, მხოლოდ იმით, რომ აქ უფრო მაღლა ფრიალობდა წითელი ინტერნაციონალის დროშა.

და ესოდენ უარყოფის შემდეგ მიღება იმისა, რასაც ებრძოდენ მთელი თავისი ძალღონით, განა ჭეშმარიტი და „ტრაღიკული“ არ არის?

რას იტყოდნენ ამაზედ მათი „უმფროსი“ ამხანაგები?

ჩვენი სოციალ-დემოკრატიის მღელვარება მით უფრო ძლიერდებოდა, რომ მათი აქაური რუსი ამხანაგები, აშკარა უკმაყოფილებას უცხადებდენ მათ. და ძველი მეგობრები, უკვე მათი მტრების ბანაკში გადავიდნენ.

„ერთობას“ „კერძო ცნობები“ მოსდიოდა, რომ მოსკოვში საქმე ჩარხდებოდა, მაგრამ ხმებით აბა ვის დაარწმუნებდნენ.

და აი უკვე „ერთობამ“ და „ბორბამაც“ სიხარულით გვამცნეს, რომ „უკვე ხელთა მაქვს დაწერილი პასუხი პარტიის ცენტრალური კომიტეტისაო“.

და არა მარტო მენშევიკების, უფროს ესერებისგანაც და ამ გაზეთების სიტყვით, „მათმა მიმართვამ რუსეთელი ამხანაგები დააკმაყოფილა“.

 

გაზეთმა „ბორბამ“ ესეთი წინასიტყვაობაც კი დაურთო ამ წერილს „ჩვენ მოხარული ვართ, რომ საშუალება გვეძლევა, დაუმოწმოთ ქართულ დემოკრატიას, რომ იქ, შორეულ რუსეთში სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტია ისევე ფრთხილად და აზრიანად მოეპყრო მის ტრაგედიას როგორიც „რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია“.

როგორ არ მოუკვდებათ ეხლა გული, აქაურ ესერებსა და რუს მენშევიკებს.

მაგრამ რა სთქვა რუსის დემოკრატიამ?

„კავკასიის ტრაგედიის პირველი აქტი უკვე დასრულებულია“ – ამბობს მენშევიკების ცენტრალური კომიტეტი „ბრესტის ხელშეკრულების მონობისგან თავის გადარჩენა ამიერ-კავკასიის დემოკრატიამ რუსეთისაგან ფორმალური ჩამოშორებით სცადა“. და დასძენენ ესერები: „უნდა გაიგოთ, თუ რას ნიშნავს რუსეთის ფედერაციულ რესპუბლიკისათვის ბრძოლისაგან ეფემერულ საქართველოს სახელმწიფოს შექმნამდე მისვლა“.

ფორმალური ჩამოშორება რუსეთისაგან და ეფემერული საქართველოს შექმნა.

აი, რუსეთის დემოკრატიის აზრი საქართველოს პოლიტიკურ მდგომარეობის შესახებ.

აი, პასუხი, რომელმაც კმაყოფილება აგრძნობინა ჩვენს სოციალ-დემოკრატიას.

ჩვენ მუდამ ვამბობდით, არსებითი განსხვავება რუსეთის დემოკრატიისა და ძველ ბიუროკრატიას შორის არ არსებობს და თუ ჩამოხსნით მას სოციალისტურ ყელსაბამს, ხელში შეგრჩებათ ის რუსი, რომელიც ძველათ გვინახავს „ჩინოვნიკების“ სახით, რომლის დამალული პირი, გამოჩნდა ბოლშევიკებში და აქ კი ვიხილეთ რუს სოციალისტებათ. სხვა და სხვა ტანსაცმელში ერთი და იგივე პირი.

ჩვენ გვახსოვს ის დროც, როცა რუსეთის გამგებლობის საჭენი იმ დემოკრატიის ხელში იყო, რომელსაც ასე შესტრფიან დღესაც ჩვენი სოციალისტები, მაგრამ თუ ჩვენი განწყობილება ისეთი მტრული არ იყო მათდამი, როგორიც ბოლშევიკებთან დამყარდა, ეს მხოლოდ მით აიხსნება, რომ ჩვენ არ გვქონია საშუალება, ის აშკარა ნაბიჯები გადაგვედგა, რომელიც შემდეგ გადავდგით. და ჩვენი სოციალისტური დემოკრატიაც მაშინ ერთგულად მხოლოდ მათ ემსახურებოდა.

რუსის მენშევიკებს დღესაც არ სჯერათ, რომ ქართველმა დემოკრატიამ სხვა გზა გაიკვლია და ჩვენს დაცილებას მხოლოდ ფორმალური მიზეზებით სთვლიან.

ესეთ მდგომარეობაში მათი „უდიდესი სამძიმარი“ მართლაც რომ დიდათ კეთილშობილურია.

იზიარებს თუ არა მათ შეხედულებას ჩვენი სოციალ-დემოკრატია?

ვისაც ეს აინტერესებს, მე მინდა მივცე ვლად. ახმეტელაშვილის მისამართი; აი რას ამბობს ჩვენი სოციალ-დემოკრატიის მიერ გერმანიაში გაგზავნილი დელეგატი:

„თუ იქნება ისეთი ჯადო, რომელიც ჩვენ რუსეთს დაგვიახლოვებს, ამას რაღა აჯობებსო“.

საფოსტო ურთიერთობის გაუწყობლობის გამო, რუსის დემოკრატიის პასუხს, ვლ. ახმეტელაშვილი, თავის ამხანაგებზე უფრო ადრე გაიგებდა და აი, რა სწერია ამ პასუხში:

„მხოლოდ რუსეთის რევოლუციის ხელახალ აღორძინებას შეუძლია სხვაზე უკეთ საერთო დემოკრატიულ ზავის მოახლოება, რუსეთის ყველა ხალხთა იმპერიალისტურ რეაქციონურ გერმანიის საწინააღმდეგოდ აჯანყებას შეუძლია გარდუშალოს კავკასიელებს ახალი და ბრწყინვალე პერპექტივები“.

იდებენ თუ არა ამ რჩევას რუსეთის დემოკრატიის ხელქვეითები?

გაჰყვებიან ისინი ძველ ინერციას და ძველ ძველებურად მოლიპულ გზით ივლიან, თუ ეროვნული სინდისი დაავიწყებს მათ ჩვეულს „კეთილშობილებას“?