იმ გზა ხვეულებში, რომელთა გავლა მოუხდა რუსეთის რევოლუციას მარჯვნივ და მარცხნივ დაქანებაში, დღევანდელი სადგური ყველაზედ საშიში და მარცხიანია.
ძნელად გადასაწყვეტი არჩევანი წინ აღუდგა მთავრობას, არჩევანი, რომელშიდაც იგი კადეტებმა ჩააგდეს: ან კადეტების დათხოვა და მით მთელი ზომიერი რუსეთის ჩამოშორება, ან მათთან თანამშრომლობა და მით მთელი სარევოლიუციო დემოკრატიის უარყოფა.
მარჯვნით კონტრ-რევოლუცია, მარცხნით სოციალისტური რევოლუცია – ორი გზა და ორი ხრამი;
არჩევანია იმდენად, რამდენათაც ორ სასიკვდილო გზაში, უადვილესის არჩევაა შესაძლებელი.
დროებითმა მთავრობამ ვერცერთისათვის ვერ გაიწირა თავი და უკანასკნელი სიტყვის თქმა ისევ დემოკრატიულ რუსეთს მიანდო, რომელმაც ენკენისთვეს უნდა გადასწყვიტოს ბედი რუსეთის მართველობისა.
რუსეთის დემოკრატიის პასუხისმგებელმა ორგანოებმა მუშათა და ჯარისკაცთა საბჭოებმა უარყვეს ის ძველი გზა, რომელზედაც ვიდოდენ მრეწველი და მუშა, გლეხი და აზნაური და კოალიციის შესაძლებლობა აღიარეს.
რუსეთის დემოკრატიაში თანდათან ძლიერდება ის ლოზუნგი, რომელიც აქამდე მხოლოდ მის უკიდურესის და უმცირესის ნაწილის დროშას ეწერა და დემოკრატიის და, უფრო სწორედ რომ ვსთქვათ, პროლეტარიატის დიქტატურას რომ ითხოვდა, მაგრამ დემოკრატიის გონიერი ნაწილი იდგა უფრო სწორ სახელმწიფოებრივ ნიადაგზე, რომელიც ძალთა შეთანხმებულ მუშაობის აუცილებლობას ითხოვს.
რევოლუციის საწინააღმდეგო მუქარამ დემოკრატიაში გააძლიერა უწინ დაგმობილი ძახილი, ძალთა გათიშვისაკენ რომ ითხოვდა, მიუხედავად იმისა, რომ მუქარებს უფრო უნდა შეედუღებია ეს ძალები საწინააღმდეგოდ. ახსნა ერთია: სოციალისტური დემოკრატია დარწმუნდა, რომ მის გარდა სხვა ყველა რევოლუციის წინააღმდეგ ამხედრდა და მაშინ მართალია სკობელევის სიტყვა, რომ ამის დაჯერება „რევოლუციის აგონიას ნიშნავსო“ სოციალისტური დემოკრატია რუსეთის უმცირესობას წარმოადგენდა და თუ უმრავლესობა ამხედრდა მის წინააღმდეგ ძალთა განწყობილებამ, ვინ იცის, საქმე როგორ გადასწყვიტოს? მაგრამ რევოლუციას ჯერ საზოგადოების ეს ნაწილი არ ჩამოჰშორებია, მაგრამ შესაძლებელია, ჩამოშორდეს, თუ სამთავრობო ძალა-უფლება სავსებით წაართვეს და საბჭოებმა ხელთ იგდეს.
სოციალისტური დემოკრატიის რამოდენიმე მიმართულება „მენშევიკები-ობორონცები“ სკობელევთან ერთად და სოციალისტ-რევოლუციონერთა ერთი ფრთა აქვსენტიევის მეთაურობით კოალიციის დაცვას ერთად ერთ საშუალებას სთვლის დღესაც რომ რუსეთი დაღუპვისაგან იხსნან. მეორე ნაწილი შეუძლებლად სცნობს ამას დადა დემოკრატიის აქტიურ გამოსვლას ითხოვს სამთავრობო ასპარეზზედ. ამ იდეათა ბრძოლის ქვეშ უნდა გაიაროს იმ დემოკრატიულმა თათბირმა, რომელმაც უნდა მიანიჭოს რუსეთს რევოლუციის დამხსნელი მთავრობა.
შესაძლებელია, კოალიცია არ იყოს უებარი საშუალება დღევანდელ რუსეთის წესიერ გზაზე მომართვისთვის, მაგრამ ეს არის ერთად ერთი გონიერი სახელმწიფოებრივი გზა და რევოლუციისათვის სასარგებლოდ შემაკავშირებელი. იმ ძალთა, რომელნიც სულ გათიშვისკენ ილტვის და ერთმანეთის საწინააღმდეგოთ რომ იმართებიან.
მაგრამ კოალიციის იდეა არ საზღვრავს მხოლოდ სამინისტროსი სხვა და სხვა მიმართულებათა წარმომადგენლების მოწვევას.
კოალიციური მთავრობა მტკიცეა მხოლოდ მაშინ, როდესაც საზოგადოებაშიც მტკიცეა ეს კოალიცია და ერთი ჯგუფი არ ფლობს მეორის ნებას, ამისათვის ყველგან, სადაც წარმოდგენილა ინტერესები სხვა და სხვა ერთა და კლასთა, უნდა განხორციელდეს ის იდეა, რომელიც მთავრობას დაედება საფუძვლად. ესეთივე წესით უნდა მოეწყოს კავკასიის უმაღლესი მართველობაც, რომელშიდაც თანაბრად უნდა იყოს დაცული ერთა და კლასთა წარმომადგენლების პრიციპი, რომ საერთო თანამშრომლობამ უფრო გააადვილოს კავკასიის მართველობის სიძნელე და ერნი და კლასნი, რომელნიც თუ ერთსულოვნად რევოლუციის საიმედო დარაჯათ ითვლებიან, თანაბრად იყვნენ დაინტერესებული მისი მსვლელობით.