არარატის რესპუბლიკის ჯარები რომ ახალციხე-ახალქალაქის მხარეში დაბანაკდნენ და ამავე ჯარის ნაწილებმა ბამბაკისა და ლორეს ოლქები დაიკავეს და სანაინ ქობერის სიმაღლეზედ გამაგრდნენ, რუსულ-სომხურმა პრესამ უცნაური ენით ამიერ-კავკასიის ერთიანობა გაიხსენა. სწორედ მაშინ, როდესაც გაშიშვლებული ხმალი აიმართა ჩვენი ტერიტორიის დასაპყრობად, თბილისის რუსული პრესა შეუდგა იმის კვლევასა, შეუძლია თუ არა საქართველოს დამოუკიდებლათ არსებობა.
და მოსალოდნელი დასკვნაც გამოიყვანა.
საქართველო ორგანიულად არის დაკავშირებული სომხეთ-ადერბეიჯანთან და ამიტომ :
მათი გაერთიანება უნდა მოხდეს.
როდესაც ამიერ-კავკასიის სეიმი ჯერ კიდევ მტკიცედ იყო დაცული ქართველი სოციალდემოკრატიის არტილერიით, ამ რუსების წარმომადგენელი კადეტი სემიონოვი ამტკიცებდა, რომ ამიერ-კავკასიის ერთიანობა გამოგონილი ამბავია და იგი ან უნდა დაიშალოს სამ სახელმწიფოდ, ან რუსეთს დაუბრუნდესო.
და როდესაც საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა, ბ-ნი სემიონოვი მობრძანდა და სთქვა:
ჩვენ ვიყავით წინააღმდეგი ამიერკავკასიის რესპუბლიკისა, მისთვის რომ მისი ერთიანობა არ გვრწამდა და მივესალმებით საქართველოს სახელმწიფოს დაარსებასო.
ბატონ სემიონოვს მაშინ არც ერთი არ სწამდა და არც მეორე, მაგრამ ის მაინც გულრწფელი იყო თავის სიტყვებში, რადგან სჯეროდა, რომ ესე დაშლილი სახელმწიფონი უფრო ადვილად გახდებოდენ რუსეთის გაერთიანების ასპარეზად.
მაგრამ სემიონოვის მადა დაუკმაყოფილებელი დარჩა და მისი აზრებიც შეიცვალენ:
რუსის კადეტებმა ამიერ-კავკასიის გაერთიანებისათვის დაიწყეს ქადაგება.
თურმე „უკანასკნელმა ამბებმა დაამტკიცეს, რომ საქართველო უაღრესად დამოკიდებულია ბაქოს ნავთისგან და სომხეთს კი, ზღვას მოცილებულს და დიდი სახელმწიფოთაგან დაშორებულს არსებობა არ შეუძლია.
უთუოდ, ეს არის მიზეზი, რომ იგი საომარი დარაზმულობით მოიჭრება ახალციხე-ახალქალაქის და ბორჩალოს მაზრებში!
ზღვისკენ გასავალი ამ ადგილებიდან მაინც შორს არის!
ძაღლის თავი სხვაგან მარხია.
გაზეთი „რეჩი“ დღევანდელ მეთაურში სწერს:
„ოსმალეთი წავიდა და განცალკევების ერთი ფაქტორი გაჰქრა. გერმანიაც აქ დროებითი სტუმარია და დღეს თუ არა ხვალ, შეიძლება იგი იძულებული იქნეს დასტოვოს საქართველო“.
სეკრეტი სწორეთ ამონაწერშია და ეს არის მიზეზი იმ ჯარების გათავხედებისა, რომლებმაც საქართველოს საზღვრები გადმოლახეს და რუს კადეტებსაც ენა გაუგრძელა!
მაგრამ ანგარიშში შეცდენ.
საქართველო ჯერ უპატრონოთ არ დარჩენილა და ვინც მისთვის პანაშვიდებს ამზადებს, უაზრო ხარჯებში შედის.
ქართული ჯარი, რომელთა პარადი გუშინ ესოდენ ბრწყინვალე იყო, შესძლებს გააქარწყლოს ნაადრევად მოიმედეთა ფიქრები და საქართველოს მოკავშირეც ჯერ-ჯერობით არსად არ აპირობს წასვლას, რადგან ის არის სტუმარი მოწვეული და მაზედ ადრე შეიძლება იმ არა მკითხე „სტუმრებს“ მოუხდეთ წასვლა, რომელნიც აბეზრად გახდენ მასპინძლებისთვის.