სერგეი ესენინი – Blue Horns

ავტორი : გიორგი ლეონიძე

თარიღი : 1965

ადგილი :

საცავი : ლიტერატურის მუზეუმი, 26750-ხ.

გამოცემა :

მოგონებები

სერგეი ესენინი

ერთ-ერთ თავის წერილში ტიციან ტაბიძისადმი, რომელიც ამას წინედ დაიბეჭდა, ესენინი თავისს „კეთილ მეგობართა“ შორის მეც მიხსენიებს და მოსკოვიდან სალამს მიგზავნის.

დიახ, მეც ვმეგობრობდი ესენინს, ტიციანთან, პაოლოსთან და სანდრო შანშიაშვილთან ერთად. ეს ჩვენი მეგობრობა განეკუთვნება 1924 წლის სექტემბრიდან 1925 წლის თებერვლამდე, ე. ი. მისი სიყვარულის წინა პერიოდს. ამ პატარა მანძილზე მახსოვს დიდი პოეტი, რომელიც ჩემზე სულ ოთხი წლით იყო უფროსი და მაშასადამე, თითქმის ერთი თაობისანი ვიყავით.

მას მერე, აგერ, ორმოცმა წელმა განვლო, ზოგი რამ სიზმარივით მახსოვს, ზოგი სადღაც გაჰქრა ხსოვნიდან, მაგრამ მთავარი კი არ მავიწყდება, – ესენინის ღიმილიანი სახე და მისი მშვენიერი ლექსები.

ახლაც არ მავიწყდება პოეტის ნაადრევად დამძიმებული სახე, ნაადრევად ფერფლისფერი თმები, ლურჯი, გამომცინარი თვალები და უსუბუქესი სვლა რუსთაველის პროსპექტზე.

ძალზე თავდაჭერილი, ზრდილი, კრძალული, მაგრამ ნასვამობაში – აწყვეტილი, აგზნებული, ნაპირებ-გადალახული. ო, ეხლაც მიდგას თვალწინ, რუსთაველის თეატრის წინ, როგორი კოცნებით ჩამოგვეკიდა ყელზე მე და ტიციანს მთლად სიყვარულად ქცეული. ჩვენი „სერიოჟა“, როგორც ვუწოდებდით მისი ძმაკაცები – ქართველი პოეტები…

საქართველოს პერიოდი ესენინის ბიოგრაფიაში შეუსწავლელია ნაკლებად ცნობილი. მე ახლოს ვიცნობდი სერგეი ესენინს, მაგრამ ჩემი ნაცნობობა მხოლოდ ერთ წელიწადს გაგრძელდა.

ესენინი საქართველოში ჩამოვიდა 1924 წლის დეკემბერში. ის წავიდა ბათუმს, სადაც დარჩა თებერვლამდე. თებერვალში რამდენიმე დღე დარჩა თბილისს და 1925 წლის თებერვლის ბოლოს, მოსკოვს გაემგზავრა. იმავ წლის დეკემბერში კი, პოეტი ტრაღიკულად დაიღუპა.

ესენინი იყო გულითადი, მომხიბვლელი პიროვნება, ნაზი სულის და შეიძლება ითქვას, მისი სული სავსე იყო მუსიკის სტიქიით. ესენინი იყო ოდნავ მორცხვი, განსაკუთრებით უცხო საზოგადოებაში და ჩუმიც. ესენინი იყო კარგად განათლებული ინტელიგენტი. იგი განსაკუთრებით კარგად იცნობდა თავისს ხალხს. მისს კულტურას, შეყვარებული იყო რუსულ ბუნებაზე, რუსულ მიწაზე. ცხროვრობდა ამ ბუნების საიდუმლოებით. თითქოს შეთქმულებაში იყო ბუნებასთან.

ესენინი ეურჩებოდა დასავლეთ-ევროპის კულტურას და მთლიანად ემყარებოდა თავისი ხალხის მხატვრულ ტრადიციებს, მშობლიურ რუსულ ნაკლოვანებებს, საერთოდ რუსულ ფუძეს თუ „ადგილის დედას“. შემთხვევით არ იყო მისი პოეზიის სიმბოლო არყის ხე „ბერიოზა“, თითქოს მისს სპეტაკ სინათლეში ხედავდა მშობლიურ ნათელს.

მაგრამ ესენინი არ იყო შეზღუდული ადამიანი და საქართველოში ჩამოსული, იგი მეტად იყო დაინტერესებული ქართული კულტურით, ზნე-ჩვეულებით, ენით, ისტორიით. ცდილობდა შეესწავლა, შიგ შეჭრილიყო ჩვენი ხალხის სულში და შემდეგ მოეცა იგი მხატვრულ სახეებში.

მოკლე ხანში იგი ბევრსაც მიხვდა და უნდა ითქვას, რომ ესენინის სიკვდილით, საქართველომ დაჰკარგა დიდი მეგობარი, დიდი თაყვანისმცემელი პოეტი.

ესენინის სიყვარული საქართველოსადმი განსაკუთრებით იგრძნობა  იმ ლექსებში, რომლებიც თბილისში დაწერა. ეს ლექსებია: „Поэтам Грузии“, „На Кавказе“. არასოდეს არ დამავიწყდება ის ნაღვლიანი დღე, როდესაც შემხვდა დღ. „კავშირგაბმულობის“ შენობასთან.

– წაიკითხე დღეს ჩემი ლექსი „ზარია ვასტოკაში“?

– არა!

– წაიკითხე და გაიგებ, როგორ მიყვარს მე საქართველო!

ეს ის ლექსი იყო, სადაც გამოყენებულია რეფრენად პუშკინის ლექსი:

„Не пой, красавица, при мне,

ты песен Грузии печальной“.

და სადაც მიმართავს ჩვენს სამშობლოს:

„Ты научи мой русский стих

Кизиловым струиться соком“.

ლაღიძის შინდის წყალი უყვარდა მისთვის იხსენიებს შვინდის წვენს!

სულ პირველ ლექსში, რომელიც მომართულია ქართველი პოეტებისადმი, კერძოდ, ჩვენი წრისადმი, ესენინს ნაგრძნობი აქვს, თუ როგორ უჭერდა ყელში ცარიზმი საქართველოს, „сжимал все лучшее за горло“.

ესენინს, როგორც ჭეშმარიტ პოეტს უხაროდა ხალხთა სოციალისტური სიახლოვე და მეგობრობა. უხაროდა, რომ თავისუფლების ფრთების ქვეშ ყველა ტომი თავის – ენითა და და მოტივით მღეროდა.

„Свершился дивный

Рок судьбы,

уже мы больше

Не рабы!“

პოეტს ადამიანური ხიბლავდა და ჩვენი ძმობით აღრფრთოვანებული მოგვმართავდა:

„Поэты Грузии!

Я ныне вспомнил вас.

Приятный вечер вам,

Хороший добрий час!

Товарищи по чувствам,

По перу,

Словесных рек кипение

И шорох,

Я вас люблю,

Как шумную куру,

Люблю в пирах

И в разговорах

Я северный ваш друг

И брат!

Поэты – все единой крови…

И потому в чужой

Стране

Вы близки

И приятны мне“.

ესენინს ამ ლექსში ნახსენები აქვს ჩვენთან „ნადიმები“ და „საუბრები“ და მართლაც ხშირად ვიყავით ხოლმე. გვქონდა გაუთავებელი საუბრები უფრო სუფრაზე, პოეზიაზე, საქართველოზე. ესენინი ყოველთვის მხურვალე მონაწილეობას იღებდა.

ამ ლექსში ნათქვამია აგრეთვე ჩხუბისა და შერიგების შესახებ:

„Историк сочиняя труд

Над нашей рознью улыбнется.

Он скажет:

В пропасти времен

Есть изысканья и приметы.

Дралися сонмища племен,

Зато не ссорились поэты,

Свидетельствует

Вещий знак,

Поэт поэту

Есть кунак…Ъ

 

[აქ სადაც „შერიგებაზეა“ ლაპარაკი. ეხლა აღარ მახსოვს, 1924 წლის რომელ დღეებშია ეს ლექსი დაწერილი. ხოლო თუ 1924 წლის 10 ნოემბრის შემდეგ არის დაწერილი და გამოქვეყნებული, იგი უნდა ეხებოდეს ჩემსა და მისს შორის წამიერ უსიამოვნობას და ჩხუბს, რომელსაც ადგილი ჰქონდა 1924 წლის 10 ნოემბერს, „ქიმერიონში“, რაც ცნობილია მაშინდელ თბილისურ პრესაშიც. ჩვენ იმავე ღამეს შევრიგდით, ეს იყო ორივეს მხრიდან ქარიანი ახირებული ზავთის ბრალი და ნახევარი საათის შემდეგ უხერხული ძმური კოცნით გადავეხვიენით ერთმანეთს…]

საქართველოში ჩამოსვლის პირველ დღეებში, ესენინი გვეუბნებოდა, რომ იგი გამოექცა მოსკოვის ბოჰემას. ხშირად იგონებდა და მისტიროდა ახალგაზდობის დღეებს, თუმცა იმ ხანად, 29 წლისა იყო.

ესენინს შეუჩივლია ჩვენთვის, რომ მას აკლდა ადამიანური სითბო, რომ ის გრძნობდა მარტოობას, სიცარიელეს, საქართველომ კი, პირდაპირ მომარჩინაო!

მართლაც და საქართველოში სულით დაღლილი, დაქანცული ჩამოვიდა, „у меня в душе пусто“;  დაბნეულობა და მღელვარება ეტყობოდა:

„Отцвела моя белая липа,

Отзвенел соловиный рассвет“.

ნაღვლიანი, ელეგიური ტონით იყო წარმართული მაშინდელი მისი ლირიკა – სოფელს მოსწყდაო, ამბობდა მაშინდელი კრიტიკაც და ვერც ქალაქის სოციალურ წრეს შეედუღაო, დარჩა დეკლარირებული ინდივიდუალისტი. აქედან გასაგებია პოეტის მტანჯავი ტრაგედიაო.

და თითქოს აქ, საქართველოში უნდა მოეხადა ეს სენი.

თითქოს პოეტურად გაღარიბებული აქ აპირებდა ღონის მოკრებას, ვეფხვის ნახტომის გასაკეთებლად:

„Пора приняться мне за дело,

Чтоб озорливая душа

Уже по-зрелому запела

И пусть иная жизнь села

Меня наполнит новой силой“.

და მართლაც, ახლად იმართებოდა საბჭოთა ხაზი მის პოეზიაში, და პოეტს სჭირდებოდა სუნთქვა, ღონე, სიმძლავრე. საქართველოში ესენინმა ასეთი ძალა იგრძნო და აქვე, სახელდობრ ბათუმში, დაწერა პოემა „ანა სნეგინა“.

ბათუმში გამგაზავრების წინ, ლექსების ხომლის ჩამოტანას დაგვპირდა, მის ნაცვლად კი, პოემა დაასრულა. ვფიქრობ, ბათუმში საგანგებოდ წავიდა პოემის დასაწერად, რადგან თბილისურ დაუდგრომელ ცხოვრებაში მას სერიოზული მუშაობა არ შეეძლო.

ესენინი ძალიან კეთილი ადამიანი იყო. ნოემბრის ერთ ნისლიან დღეს ერთად ვიყავით მე, ტიციანი, პაოლო და ესენინი. არც საღამოთი გავშორებულვართ და აღარც სახლებში წავსულვართ. პოეზიაზე დიდი საუბრის შემდეგ იქვე მწერალთა სასახლეში, ეგრეთწოდებულ „სპარსულ ოთახში”, იატაკზე თუ სავარძლებზე დავიძინეთ.

შუაღამისას მომესმა ესენინი ძილში ზმუოდა, იტანჯებოდა, ტიროდა.

ტიციანსაც გამოეღვიძა.

_ რა ამბავია, სერიოჟა, რა მოხდა?

ვერ ჩავაგდეთ გონებაში. დავანებეთ თავი.

დილას, კი, პირველმა მან გამოიღვიძა.

– რა ამბავში იყავ წუხელის? – შევეკითხეთ!

– ნუ თუ თქვენც იცით ჩემი წუხანდელი ამბავი? და ნახევრად ცრემლმორეულმა გვიამბო:

– წუხელ სიზმრად ვნახე, ჩემი ორივე და – კატიუშა და შურა მოსკოვის ქუჩებში ხელგამოწვდილები მოწყალებას თხოულობდნენო, ვინ იცის, ახლა როგორ უჭირთ!

ჩვენ მაშინვე წამოვდექით, ჩავიცვით და სერიოჟა წავიყვანეთ გამომცემლობა „ზარია ვასტოკა“-ში, იქ, იმავე დღეს დირექტორს დავადებინეთ ხელშეკრულება ესენინის ახალ წიგნზე და ავანსიც მივაცემინეთ. ესენინმა მთელი ავანსი იმავე დღეს თავის დებს გაუგზავნა დეპეშით მოსკოვში და სიზმრისეული ჭრილობა მოიშუშა.

ესენინი ბავშური გულის ადამიანი იყო და ბევრჯერ ისევ არ დაქრობოდა ბავშური გულუბრყვილობა.

ერთ საღამოს მივედი მასთან, როგორც ხშირად, სასტუმროში („ინტურისტი“).

– როგორ ხარ?

– უნდა დუელში გამომყვე!

– რას სულელობ?

– არაფერსაც, დუელში გიწვევ!

– რა გეწყინა!

– არაფერიც! მაგრამ დუელი… დუელი… დუელი…

როცა ჩავაცივდი, მერე სიცილით მიხსნის: განა ვერ მიხვდი? ოხ, კაცო, კაცო (ეს თქმა უყვარდა), დილაადრიან გავიდეთ კოჯრის შოსეზე ერთმანეთს ვესროლოთ ფუჭი სროლით, გაზეთები კი დასწერენ: გუშინ, ესენინსა და ლეონიძეს დუელი ჰქონდათო!

აშკარაა, რომ ესენინი ერთგვარად დაავადებულია ბლოკის ლირიკით. ბლოკის პოეზიამ თავისს დროზე  დიდი გავლენა მოახდინა ესენინზე და გაამდიდრა იგი ემოციური გამოსახულებით, ამღერებით, ამიტომ, ერთს მეგობრულ შელაპარაკებაში მე სიცილით ვუთხარი ესენინს:

– შენ, ეი, ძმობილო, რაც გინდა ბევრი გაიჭიმო, მაინც შენ ბლოკის პოეზიიდან გამოსდიხარ!

მან სრული გულწრფელობით მიპასუხა:

– იცი, რა გითხრა! ბლოკი – გერმანელია! მაიაკოვსკი – ქართველი, ხოლო ნამდვილი რუსი პოეტი მე ვარო!

რუსი მწრლებიდან მას განსაკუთრებული სიყვარულით უყვარდა გოგოლი და აღტაცებული იყო გოგოლის ამა თუ იმ გამოთქმის მშვენიერებით. განსაკუთრებით უყვარდა ბუნების ლირიკა გოგოლის შემოქმედებაში.

თუმცა ერთხან იმაჟინისტების ჯგუფს ეკუთვნოდა, მაგრამ მერე უარყოფითად ეკიდებოდა იმაჟინისტების პოეტურ პრაქტიკას.

ნამდვილი პოეზია ღაღადისია, ლოცვაა, მათი ლექსები კი ფუჭი აკრობატიკააო! პოეზიის გულის სიქაჩლეაო!

სხვანაირად არც შეეძლო ეთქვა ინტიმურ ლირიკულ პოეტს, რომელიც შაირიდან ქსოვდა ლექსებს, რომლის მხატვრული სისავსე, გამჭვირვალე, ჰაეროვანი, ნათელი ლექსი ჰარმონიულ მთლიანობაშია, გხიბლავდათ.

ესენინი ხომ ცოცხალი არომატია რუსული ყვავილისა.

ლექსის საოცარი მკითხველი იყო სერგეი ესენინი. უნდა ითქვას, რომ ესენინის და მაიაკოვსკის მსგავსი ოსტატური ლექსის დიდებული მკითხველი, მე არ მეგულება რუს პოეტებს შორის.

ესენინის კითხვა ამღერებული და მონოტონური როდი იყო, მაშინვე ჟრჟოლას მოგგვრიდა. მისს კითხვას ჟესტების გამომთქმელობა ახასიათებდა. უნდა ითქვას, რომ ესენინის ლექსი კითხვაში მუდამ იყო მოგებული.

ესენინი სულაც არ იყო ორატორი, მაგრამ ერთხელ, ტიციან ტაბიძის ოჯახში, ნადიმზე მან წარმოთქვა ბრწყინვალე სიტყვა, პოეტის დანიშნულებისა და ხალხის პოეტის შესახებ. ისე კი, მას საჯარო გამოსვლები არ უყვარდა, ისევე, როგორც სხვისი მოხსენების მოსმენა.

ესენინმა, როგორც მხატვარმა იგრძნო საქართველო, მისი პოეტური კოლორიტი.

საქართველოს ბუნებამ მას უწამლა, როგორც თითონაც ამბობდა და იმ ხანად თითქოს  მოარჩინა კიდევაც. იგი დიდი ხნით აპირებდა საქართველოში ცხოვრებას, მაგრამ მას დასდევდა ალკოჰოლის შავი დემონი, „შავი ცილინდროსანი“, რამაც სახრჩობლის თოკის ყულფამდის მიიყვანა.

უნდა ითქვას, რომ თვითონ ჩვენ მაშინ ნაკლებად დავდიოდით საქართველოში, თბილისის გარეთ და არც ესენინი წაგვიყვანია სადმე, გვეჩვენებინა ან კოლხიდა, ანუ სამეგრელო, ან იმერეთი, კახეთი. ერთი სიტყვით, ესენინს თბილისსა და ბათუმს გარდა ბევრი რამ არც უნახავს, მაგრამ რაც ნახა, დიდათ იყო ბედნიერი და დიდათაც დავალებული.

დღესაც დიდი სიყვარულით ვიგონებ დიდ რუს პოეტს, ჩვენს ძვირფას მეგობარს, რომლის სახელი უკვე ბრინჯაოს ხმებში წკრიალებს…

 გიორგი ლეონიძე