აფხაზეთი, გულრიპში. მარო შანშიაშვილს.
ძვირფასო მარო!
ტიციანთან ვართ შეკრეფილნი შენი მეგობრები. როგორც ყოველთვის, ისე ეხლა. მოგიგონეთ სიყვარულით და ჩვენი მასპინძლის თაოსნობით შევსვით შენი სადღეგრძელო.
გისურვებთ მალე გამორჩენას, _ რომ ჩვენი საყვარელი დაჲ, ჩვენი მუდამ მხიარული და ტკბილი მეგობარი _ მარო მუდამ ამშვენებდეს ჩვენს კრებულს.
იყავი დარწმუნებული, რომ შენ უხსენებლივ არ ჩატარებულა არც ერთი სუფრა, არც ერთი შეხვედრა და თითეული ჩვენთაგანის თვალები მოქცეულია გულრიპშისაკენ, რომლმაც სულ მალე უნდა დაგვიბრუნოს გაჯანსაღებული ჩვენი ნათლიდედა.
შენი ნათლია გოგლა ლეონიძე
ტიციან ტაბიძე, ნიკოლოოზ, ვ. გაფრინდაშვილი, გ. ქიქოძე, ნ. ჩერნიავსკი, კოლაუ ნადირაძე
დაო მარო, დღეს მოულოდნელათ მეორედ გადამახდევინეს დღეობა. შენ გიგონებთ. გაკოცებთ შენ და თამარას.
შენი და ნინა
ხვალ ვრცელ წერილს გამოგიზავნით შენ და თამარას.
მარო! თებერვლის ნახევრამდე კიდევ გადავიხადე შენი შესანახი და დეპეშითაც ვაცნობე. გიგზავნი 15 მანეთს დეპეშით. ჩვენ სუყველანი კარგად ვართ და ჩვენი დარდი ნუ გექნება. მე იმიტომ ვერ მოვდივარ, რომ ფულზე ქესიტად ვარ. შეიძლება, ამ კვირია ე. ი. თებერვლის პირველ რიცხვებში მოვახერხო.
ბავშვები ძალიან კარგად არიან. წერილს მოგწერენ. მეც ეხლა საჩქაროდ გწერ ამ პატარა ბარათს. იყავი ვაჟკაცურად და ვეფხურად.
შენი სანდრო