არაგვიელნი – Blue Horns

ავტორი : გიორგი ლეონიძე

თარიღი : 13.10.1918

ადგილი :

საცავი :

გამოცემა : გაზეთი „საქართველო“, 1918, 13 ოქტომბერი, №193

სტატიები, შემოქმედება

არაგვიელნი

პატარა ფელეტონი

არაგვზედ ჰკვდებოდა საქართველო…

ბაზალეთის ალსა და კივილში მოურავმა ხელები დაუკრიფა საქართველოს…

არაგვი იყო წარმართი და იყო მძაფრი პროტესტანტი. მას მიბუნებული ჰქონდა ზვიადი განთქმა და ბევრჯელაც ანთებულა ამბოხების ავარდნილ ალით.

იგი ებრძოდა ახალ ივერიას, ებრძოლა ქრისტიანობას.

მას არ უყვარდა არაბული ტფილისი; იგი გოგორდს აყრიდა სპარსულ საქართველოს; მანვე აუპრიალა საკირე რუსეთს, ბარში რომ ხმალმოხსნით ეგებებოდნენ..

საქართველოს უზენაეს ტახტსაც აქედან ელანდებოდა სისხლში ნაელი გიჟი ჭანგები და სულ არაგვის გზას ამტვერებდნენ მეფის ფიცხი შათირები…

არის ერთი თვისება:

საქართველოში მხოლოდ არაგვის სიმღერაა სხვანაირია:

სევდის მჩქეფი, ნელი, მიმწუხრი: ბაბილონური ტირილი დაკარგულ სამშობლოზე.

„შენ ვიღამ გნახოს არმაზო!“

და ამ ლიდიურ კილოში ჰსთვლემს შურისძიება წითელი გრძნებით, გახლეჩილ თვალებით.

არაგვზე მეორედ ჰკვდებოდა საქართველო, როცა იგი კუბოს მოაცურებდა და „მთებში გარბოდა ბაგრატიონი…“

მერე შავ ჯვართან მესამედ მოჰკლეს საქართველო და როცა მეოთხედ მოინდომეს მისი სიკვდილი –

„ძმა აღსდგა ძმაზედ“.

საქართველოში წლეულს მრავალი სამხედრო ასპარეზი აშიშვლდა – „არაგვის ასპარეზი“ კი, ყველას აზრიალებდა.

მაგრამ აქ არა წიოდნენ ძველი აჩრდილები დროშათა ჟღარუნით. აქ მებერძოლ შტაბში ტრიალებდნენ:

ოსები, რუსები, სომხები და სხვათა აზატი ლაშქარი. როცა რესპუბლიკის ჯარმა პირველად დააწივილა სვეტიცხოველზე ყუმბარები, ჩვენ უსწორო დუელის შიში გვაჟრჟოლებდა, მაგრამ შავი მაიმუნები ყაზბეგამდე ააცილეს..

შემდეგ –

დაიწყო გამოძიება. გაიგზავნა კომისიები, აყვირეს ქადაგები:

და ხალხიც „დაემორჩილა“ რესპუბლიკას, როგორც ემორჩილებიან განგება-ბედისწერას.

ეხლა მყუდრო სახლებში დავიწყებულა ქუხილის ოსანა და ყველაფერი სიზმარში ნანახია:

როგორც ხმები დადის, ახლა არაგვზე ჯანყი ისევ იკრიფება, რადგანაც წვიმების დროა და ეს წვიმები სისხლისა იქნება…

ტერორი დადის წითელი ჩოხით…

მოსაკრეფი იარაღი ბევრს არ ჩაუბარებია და ყველას ეყოფა, ოღონდაც კი მდევარმა იკივლოს…

ამასთან, ახლად გაწვეული ჯარისკაცები ფეშქაშებით მოვლენ შინ…

ნაბათი ღრინავს!..

 

გიორგი ლეონიძე

გაზეთი საქართველო“, 1918, 13 ოქტომბერი, №193.