ნინოწმინდის ღამე – Blue Horns

ავტორი : გიორგი ლეონიძე

თარიღი : 1927

ადგილი :

საცავი : ლიტერატურის მუზეუმი

გამოცემა :

პოეზია, შემოქმედება

ნინოწმინდის ღამე

პაოლო იაშვილი                               

ტიციან ტაბიძე

სანდრო შანშიაშვილი

გიორგი ლეონიძე

 

ნინოწმინდა… პალატები მეფეთა…

გალავანში – ჯამი აქაფებული,

შენი სახე რისთვის შემომეფეთა,

ხატი იყავ – ვეფხვი დაქალებული…

საზანდარმა ღამე ააცახცახა,

ავთანდილის მწვადი ცეცხლზე შხიოდა,

ცა – ატმებით მსხმოიარე, ჩახჩახა,

და გაზაფხულს რძის სუნი ასდიოდა…

ნინოწმინდა… ჩვენ როგორც ხაზარები…

ო, იმ ღამეს როგორ აგვაბრიალა

საქართველოს ლექსის მეხანძარენი

ძმობამ, ცრემლმა, სიყვარულის იარამ!

როგორც ხმალი, ძმებო, ტამერლანისა,

სიყვარული ისე დამჯახებია!

მე მივტირი ღამეს ზამბახებიანს

და სიყვარულს ათაბაგის ქალისას;

ძუძუები ოქროს კალმახებია,

წამწამები აქვს თავთუხის ყანისა…

 

წინანდალის ვაზი აყვავებული,

ჩამოსხმული ოქროთი და თაფლითა,

აფრენილი ბაზიერის დაფითა,

დურაჯი ხარ, მაყვალს შეფარებული!

 

ნინოწმინდა… ჩვენ როგორც ხაზარები…

ო, იმ ღამეს როგორ აგვაბრიალა,

საქართველოს ლექსის მეხანძარენი

ძმობამ, ცრემლმა, იმ პატარა იარამ!

 

გ. ლეონიძე

1926 წ. მარტის ბოლო

სოფ. ნინოწმინდა

 

სახსოვრად: პოეტ ხარიტონ ვარდოშვილს.

გ. ლეონიძე

1927 წ.