გიორგი მუმლაძეს – Blue Horns

ავტორი : გიორგი ლეონიძე

თარიღი : 12.11.1916

ადგილი : თბილისი

საცავი : ლიტერატურის მუზეუმი, 25886-ხ

გამოცემა :

მიმოწერა, პირადი წერილები

გიორგი მუმლაძეს

Баку. Грузинское Нефтепромышленное Т-во. Е. В. Б. Георгия Мумладзе.

მივიღეთ თქვენი წერილი. საქმის ვითარება ასეთია; თბილისში დაარსდა ლიტერატორთა ჯგუფი, რომელმაც განიზრახა თვეში ერთხელ და ან ორ კვირაში გამოსცეს ფრიად მხატვრული კრებული. საქმის ინიციატორობა ჩემია. ამ ჯგუფში ჩაგწერეთ თქვენ, როგორც მწერალი და რასაკვირველია, კარგად შეხვდებით ამ საქმეს. ეს პირველი ცდა კრებულისა ჩემია – საკუთარი ფულით გაწეული „რისკი“. თუ არ ვიზარალეთ, მაშინ სისტემატიურად ვიწყებთ გამოცემას, რათა ოდნავ მაინც ხელი შეუწყოთ ჩვენი ხელოვნების აღორძინებას. პირადად მე გთხოვთ უპირველესად თანამშრომლობას და კვლავ კრებულის გავრცელებას, როგორც კი შეგეძლებათ. კრებული მიჯდება 40-50 თუმანი და და თვით #1 იქნება 30 კაპ. ან 40 კ. მეტი კი არა… ესე, ექვსშაურიანი კრებული, მე მგონი, მალე გასაღდება ჩვენში. დიდად დამავალებთ, თუ ამნაირად დახმარებას გამიწევთ: თანამშრომლობითაც და კრებულის გავრცელებით. მასალები საუკეთესოა. ავტორებს გაზეთით გაიგებდით…

უკაცრავად შეწუხებისთვის… დავშთები თქვენი პატივისმცემელი გ. ლეონიძე

საკუთარი ჩემი მისამართი ასეთია: Тифлисъ. Черкезовская ул. №54. Георгiю Леонидзе. შეგიძლიანთ სანდროს მისამართით… Николаевскаия ул. №7 Сандро Шаншиашвили.