ფეხშიშველი – Blue Horns

ავტორი : ივანე ყიფიანი

თარიღი : 1922

ადგილი :

საცავი :

გამოცემა :

პოეზია, შემოქმედება

ფეხშიშველი

ფიქრით გარდიწვა ჩემი თავი, როგორც სახარა.

რუხი სიგიჟე ფეხშიშველი დამსდევს დანებით.

მოდის სიკვდილი შევარდენის გამოქანებით.

ავმა ლოთობამ ხერხემალი მეტათ დახარა.

 

გალურჯდა უპე, შეიპარა სულში ჭაღარა.

ცრუ იმედები ჩამივლიან მოგვიანებით.

ვხედავ, ვირჩვები ცხელი სისხლის ოკეანებით

და ვარსკვლავებმაც თავზე ცეცხლი გადმომაყარა.

 

ჩემი არსება გარდაიქცა უცხო საფლავად.

მივუგდე გული სპიროხეტებს გამოსახრავად.

დღეთა სიბნელე მზის მარაომ ვეღარ გაჰფანტა.

 

ვიცი, დარჩება მეგობრებში ჩემი ხსენება.

როცა დადგება სიკვდილი და გამოსვენება,

გამაცილებენ ჩემი დები და კატაფალკა.