შავგვრემან მიწას ვერცხლის ღიმით უმზერდა მთვარე,
ჰაერს ათბობდენ სურნელებით თეთრი ვარდები,
ლერწმების შრიალს ყურს უგდებდა ტბა მოელვარე,
საგაზაფხულო ჰიმნს უკრავდენ ღამის „ბარდები“.
ალისფერ ბაგით შენ ღაწვებზე ლურჯ იებს ვწერდი,
მოცინარ ხელით გაგიხსენი მუნჯი ღილები,
ხავერდის მოლად გაგიშალე ფოლადის მკერდი,
შენ მორცხვათ ჩემს ტუჩს დაეკონე განაღიმები;
ცხელი მკლავები შემომხვიე ალური ვნებით,
გული დამიწვი არაბეთის თეთრი მზის გზნებით…
ორი მტევანი ბროლ-ფიქალზე ნაზად გიკრთოდა…
დარაჯათ გვიდგა ფერწასული იდუმალება,
სულში ცეკვავდა გაზაფხული ცისფერთვალება
და ნეტარების მწველ კოცონზე ტანი გვითრთოდა.