სიკვდილი ასარგადონისა – Blue Horns

ავტორი : ივანე ყიფიანი

თარიღი : 1910-იანი წლები

ადგილი :

საცავი : ლიტერატურის მუზეუმი 28815-27-ხ.

გამოცემა :

პოეზია, შემოქმედება

სიკვდილი ასარგადონისა

მიდიან

წლები

ბეგემოტივით,

გადაჯაჭვულნი

გრძელ ქარავანში;

წარსულმა

ბევრი

შხამი დასტოვა

და უფრო მეტი

ფიქრი რევანშის.

ათასი წელი

კიდევ გადირბენს

და მილიარდი

თავი გახმება,

დრო გამოიცვლის

ლამაზ ქათიბებს,

დღეის სიზმარი

ხვალე ახდება.

ვინღა გადურჩეს

წარღვნის გრიგალებს,

ოკეანეთა

წამლეკავ ტალღებს.

როს ხმა სიმრთლის

დაიგრიალებს.

ძლევით შეარღვევს

მსოფლიოს თაღებს;

და ითქმის სიტყვა

ყრუთ გასაგონი,

დეე სიმართლე

ყველას ესმოდეს:

მოკვდა დროები

ასარგადონის,

როდესაც მონებს

ცეცხლში ისვროდენ.

ძველი დროება

არ მობრუნდება,

თუმც იმედები

წაჰყვათ

მრავალის.

დღეს გაიმარჯვეს

მშრომელთ გუნდებმა.

მათ მზე

უღიმის

ამომავალი.

მიდიან წლები

უდაბნოებით,

მიდიან, კვალი

მიწას აჩნდება,

ხალხს ვერ

დააფრთხობს

ქარი ნოემბრის,

მას სჯერა

ქვეყნის არიჟრაჟება.