ელვით ავანთე ფიქრები ღამის უფსკრულში ფარული,
მის მწველ ისრებათ დავთალე გრძნობის ტყე ცივი-მთვარული;
ცის გაზაფხული – სილაღე ტრფობის ზღვამ მითინათინა,
ვნების გრიგალით დავჩრდილე ინდო, ეგვიპტე, ათინა.
ნარინჯის ყვავილს ვამსგავსე ნაზი, ლურჯთვალა ნილოსი,
პირამიდები ავაგე იისფერ მარმარილოსი,
მჩქეფარ ნაკადათ გარდავქმენ მსოფლიოს შავი გლოვანი,
დამჭკნარ იმედებს ჩავაცვი სამოსი ყვავილოვანი;
ცხელი სიცილით დავათვრე, რაც სხივმოსილა ბუნებით,
დროს ცას ვუნათებ, წინ მივქრი ბედაურ ტაიფუნებით.